იურიდიული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი

 

ადამიანის აბსოლუტური უფლებები (absolute human rights) იხ. ადამიანის ძირითადი უფლებები (fundamental human rights), ადამიანის ხელშეუხებელი უფლებები, რომელთაგანაც გადახვევა არ შეიძლება (Non – derogatory human rights).

ადამიანის გატაცება (kidnapping) – ადამიანისთვის ნების გარეშე თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ადამიანის გატაცების სამ შემადგენლობას: თავისუფლების უკანონო აღკვეთას – 143-ე მუხლი; მძევლად ხელში ჩაგდებას – 144 მუხლი; მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით – 329- ე მუხლი (იხ. ტერორიზმი).

მძევლის აყვანა ომის დანაშაულადაა აღიარებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებითაც (რომის სტატუტი) და მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ დანაშაულად ითვლება (რომის სტატუტის მე-8 მუხლის მე-2 პ. (ც)).

ადამიანის კულტურული უფლებები (Cultural human rights) – უფლებები, რომლებიც მინიჭებული აქვს ნებისმიერი ინდივიდს და რომლებიც მოიცავს კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისა და სამეცნიერო აღმოჩენათა შედეგებით სარგებლობის უფლებას. ეს უფლებები განმტკიცებულია არაერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა (1948) და საერთაშოპრისო პაქტით ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ. (1966).

ადამიანის უფლებათა განგრძობადი და დენადი დარღვევები (Continious violation of human rights) – ადამიანის უფლებათა დარღვევები შეიძლება ატარებდნენ განგრძობად ან დენად ხასიათს. განგრძობადია დანაშაული, რომელიც გამოიხატება ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევით და რომელიც მოიცავს განზრახ ჩადენილ ერთ ან მეტ ფაქტს. მაგალითად, სამხედრო ტყვეთა წამება ან სამოქალაქო მოსახლეობის პერიოდულად დარბევა; დენადია ადამიანის უფლებათა დარღვევა, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. მაგალითად: მძევალთა ხელში ჩაგდება და მათთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, მოსახლეობის დეპორტაცია და სხვა.

საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის სხვა სფეროებში არსებულ სასამართლოს ორგანოებში დაწესებულია ადამიანის უფლებათა განგრძობადი და დენადი დარღვევების განხილვის სპეციალური პროცედურა. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეებს, რომლებიც ეხება კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას, თუ დარღვევა დაწყებულია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძალაში შესვლამდე, მაგრამ ადამიანის უფლებების დარღვევები კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგაც გრძელდება. ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას ყოფს ორ ნაწილად; კონვენციის ძალაში შესვლამდე მომხდარი დარღვევის ფაქტები არ ხვდება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ (ratione temporis), ხოლო კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ მომხდარი დარღვევის ფატქები არ ხვდება სასამართლოს მიერ განიხილება. ანალოგიური მექანიზმი მოქმედებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოებშიც.

ადამიანის უფლებათა წახალისება და დაცვა (promotion and protection of human rights) – ფორმულა, რომელიც გაეროს შექმნით დაწყებული ადამიანის უფლებათა პატივისცემის საერთაშორისო სამართლებრივი და სხვა საერთაშორისო აქტების (იხ. საერთაშორისო სამართალი, ეუთოს ჰელსინკის თათბირის ფინალური აქტი და სხვ.) ფუძემდებლურ პრინციპად იქცა. ეს პრინციპი ავალებს სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანის (საკუთარი მოქალაქეების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების) დაცვას კანონის, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ძალით. დაცვის მოთხოვნისაგან განსხვავებით, წახალისება უნდა ვლინდებოდეს სახელმწიფოს ისეთ საქმიანობებში, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების არსისა და შინაარსის რაც შეიძლება ფართო პროპაგანდა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მექანიზმების მდგრადი განვითარება და ამ პროცესის შესახებ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ადამიანის უფლებათა დაცვის და განვითარების შესწავლა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სხვადასხვა სახის სემინარების, ტრენინგების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით. წახალისება გამორიცხავს რაიმე სახის იძულებითი საშუალებების გამოყენებას, იგი მხოლოდ საზოგადოებისა (ცალკეულ ადამიანთა, მათი ჯგუფების და სხვ). და სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სისტემაში მომუშავე პირების პოლიტიკური და მორალური შეგნების აღზრდის ერთობლიობად გვევლინება. ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროპის კავშირი, გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებანი, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები) აქტიურად იყენებენ ტექნიკური დახმარების ყოველგავრ სახეს, რათა ხელი შეუწყონ სახელმწიფოთა შიგნით აუდწ-ოს პროცესების განვითარებას. ეს ხდება როგორც ქვეყნის შიგნით ფორუმების მოწვევით, ასევე საზღვარგარეთ ორგანიზებულ სასწავლო კურსებზე სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების მოწვევით; სახელმწიფოში ძირითადი საერთაშორისიო სამართლებრივი აქტებისა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ქართულად, ეროვნულ უმცირესობათა ენებზე თარგმნისა და გამოქვეყნების დაფინანსებით.

ადამიანის უფლებათა დაცის სახელშეკრულებო მექანიზმები (treaty-based mechanisms for the protection of human rights)ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ უნივერსალურ და რეგიონალურ საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე შექმნილი ორგანოები და მექანიზმები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან კონტროლი გაუწიონ ამ ხელშეკრულებებში მონაწილე სახელმწიფოების მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებას (იხ.: საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კონვენციები წამებისა და სასტიკი, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ, აგრეთვე იხ. წამება, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ და სხვ.)

გაეროს წესდების საფუძველზე შექმნილი მექანიზმებისაგან განსხვავებით (იხ. გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში), ამ ორგანოებსა და პროცედურებს დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ. გაერო და რეგიონალური ორგანიზაციები მათ მხოლოდ ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფენ. ორგანოებიის სესიები ტარდება გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი) ან მის ევროპულ განყოფილებაში (ჟენევა), ან რეგიონალური ორგანიზაციის შტაბ-ბინაში (მაგ.: ქალაქ სტრასბურგში) (იხ.: ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი.) ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები შექმნილია აგრეთვე ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, აფრიკულ კავშირში, არაბული სახელმწიფოების ლიგაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (Euroopean Court of Human Rights)ევროპული კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დავის შესახებ შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. იგი მუდმივმოქმედი ორგანოა. შედგება მოსამართლეთა იმ რაოდენობისაგან, სახელმწიფოთა რა რაოდენობაც მონაწილეობს კონვენციაში (მე-20 მუხ.) მოსამართლეები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი არიან თავიანთ მოვალეობათა შესრულებაში (მე-12 მუხ.) მათ ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 6 წლის ვადით (23-ე მუხ.) კონვენციის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს უფლება ენიჭება, მიმართოს სასამართლოს კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევის შემთხვევაში (33-ე მუხ.)

სასამართლო ასევე უფლებამოსილია, კერძო პირისაგან, არასამათავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფისაგან მიიღოს განსახილველად საჩივრები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ (34-ე მუხ.); უფლებამოსილია, გამოიტანოს საკონსულტაციო დასკვნა კონვენციისა და მისი ოქმების განმარტების საკითხზე (48-ე მუხ.) სასამართლო განსახილველად იღებს მხოლოდ იმ საჩივრებს, რომლებიც აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. საჩივარი მიუღებლად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ამა თუ იმ პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფის მიერ არ არის ამოწურული თავისი უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები; ბ) ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებიდან სასამართლოში საჩივრის წარდგენამდე ექვს თვეზე მეტია გასული; გ) საჩივარი ანონიმურია; დ) იგი უკვე განხილულია ამ სასამართლოს ან სხვა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოს მიერ; ე) შეუთავსებელია კონვენციის დებულებებთან; ვ) აშკარად დაუსაბუთებელია ან საჩივრის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებაა. სასმართლოს უფლება აქვს, მიუღებლად გამოაცხადოს საჩივარი, რომელიც, მისი აზრით, არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს (იხ. აგრეთვე დასაშვებობა განაცხადის, საჩივრის).

თუ საჩივარი მისაღებად იქნა მიჩნეული, სასამართლო შეეცდება, რომ საქმით დაინტერესებულ მხარეებს შორის (მომჩივანი და სახელმწიფო) დავა მორიგებით გადაწყდეს (38-ე მუხ.); საქმის ასე დამთავრების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ფინანსურ კომპენსაციას უხდის ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლს. ხოლო ამასთან დაკავშირებით ზოგჯერ ცვლილებაც კი შეაქვს თავის კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმე მორიგებით არ გადაწყდა, სასამართლო განიხილავს საჩივარს და გამოაქვს საბოლოო განაჩენი. საჩივრების განსახილველად სასამართლოში შექმნილია სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტები, შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პალატები და ჩვიდმეტი მოსამართლისაგან შემდგარი დიდი პალატა (27-ე მუხ.) მისაღებია თუ არა საჩივარი, ამ საკითხს განიხილავს სამი მოსამართლისაგან შემდგარი კომიტეტი. საჩივართა დასაშვებობა, ისევე როგორც მათი არსებითად განხილვა, ხორხციელდება პალატების მიერ. დიდი პალატა განიხილავს კონვენციის განმარტების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე იმ საკითხებს, რომლებიც მას მოდავე მხარეების მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი იურიდიულად სავალდებულოა სახელმწიფოებისათვის, სასამართლოს განაჩენის შესრულების ზედამხდველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი (46-ე მუხ.) სასამართლოს ადგილსამყოფელია ქ.სტრასბურგი (საფრანგეთი). საქართველომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1999 წელს. ამავე წელს საქართველოდან არჩეულ იქნა სასამართლოს წევრი. აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად, პირველ არჩევნებზე არჩეულ მოსამართლეთა ნახევრის უფლებამოსილების ვადა იწურება სამი წლის შემდეგ.

ადამიანის უფლებათა თაობები (Generations of Human Rights) – ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განვითარებამ განვლო რამდენიმე სტადია. ადამიანის უფლებათა თეორიაში მიღებულია ადამიანის უფლებათა თაობებად დაყოფა.პირველ თაობას მიეკუთვნება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მეორე თაობას – სოციალურ ეკონომიკური უფლებები, მესამეს კი კოლექტიური უფლებები.

ადამიანის უფლებათა დავის პირველ პოლიტიკურ დოკუმენტად გვევლინება 1215 წელს ინგლისში მიღებული Magna Carta Libertatum, რომელიც ფეოდალიზმში საფუძველი ჩაეყარა კანონის უზენაესობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ადამიანის დაცვას ხელისუფლების თვითნებობისგან. ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია 1679 წელს ინგლისში მიღებული Habeas Corpus Act, რომლითაც მოქალაქეები დაცული იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან უსაფუძვლო დევნისაგან. მოგვიანებით, ინგლისშივე 1689 წელს მიღებულ იქნა Bill of Rights, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება მიენიჭათ.

ადამიანის უფლებათა კონცეფცია პირველად იურიდიული სახით XVIII საუკუნეში შეიქმნა „ბუნებითი სკოლის“ მიმდევრების მიერ. მისი სამართლებრივი გამოვლინებაა: 1776 წლის 4 ივლისს მიღებული ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლითაც დასრულდა ინგლისისგან ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა; 1787 წელს კონსტიტუცია და 1791 წელს მიღებული პირველი ათი შესწორება ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც კონსტიტუციის 10 შესწორებას შეიცავდა.; საფრანგეთის დიდი რევოლუციის შედეგად მიღებული „ადამიანის და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია“ (Declaration des droits de l’homme et du citoyen). საფრანგეთის დეკლარაცია შეიცავს დღეისათვის ცნობილი თითქმის ყველა ძირითადი უფლებისა და თავისუფლების ჩამონათვალს.

ადამიანის უფლებათა პირველი თაობა ანუ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სამართლებრივად აისახა გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. 1966 წლის საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და სხვა დოკუმენტებში.

ინდუსტრიული რევოლუციის განვითარებამ ხელი შეუწყო ადამიანის უფლებათა მეორე თაობის ჩამოყალიბებას. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის ბრძოლის შედეგად ყალიბდება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, რომელთა წარმოშობას და განვითარებას ინდუსტრიულმა რევოლუციებმა შეუწყო ხელი. საშუალო კლასი, რომელმაც დიდი ბრძოლით მოიპოვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ახალი ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოვიდა. 1870 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი ეკონომიკური და სოციალური უფლებების განვითარებას, კერძოდ: სამუშაო დღის შემცირებას, შრომის უსაფრთხოების დაცვას. სოციალურ დაზღვევას და სხვა. მოგვიანებით ამ უფლებებს დაემატა კულტურული უფლებებიც. ადამიანის უფლებათა მეორე თაობა ანუ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები სამართლებრივად აისახა, მაგალითად, 1966 წლის საერთაშორისო პაქტში ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ.

ადამიანის უფლებათა მესამე თაობა უფრო ახალგაზრდაა და მას კოლექტრიური უფლებები მიეკუთვნება. ადამიანის უფლებები უფრო ფართოდაა გაგებული ფს დაზოგადოების ფართო მასას მოიცავს. მესამე აობას საფუძველი 60-იან წლებში დაწყებულმა მსოფლიოში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელამ მოძრაობამ ჩაუყარა. ამავე თაობას მიეკუთვნება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უფლება, ერის თვითგამორკვევის უფლება, განვითარების უფლება, ადამიანის უფლებათა მესამე თაობა ანუ კოლექტიური უფლებები აისახა, მაგალითად, 1986 წელს დეკლარაციაში განვითარების უფლების შესახებ.

ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია (classification of Human Rights)გაეროს წესდებისა და 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებით, ადამიანის უფლებათა დადგენის ხარისხობრივად ახალი ეტაპი იწყება. დეკლარაციამ ასახა როგორც სამოქალაქო-პოლიტიკური, ასევე სოციალურ -ეკონომიკური უფლებები, თუმცა შემდგომში ეს უფლებები ცალ-ცალკე საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებში აისახა. ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხდება (იხ. ტაბულა).

ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში განასხვავებენ: ადამიანის და მოქალაქის უფლებებს; უფლებებსა და თავისუფლებებს (იურიდიული ბუნებით ორივე იდენტურია); ძირითად ანუ ფუნდამენტურ და სხვა უფლებებს; უფლებებს განსხვავებენ აგრეთვე საზოგადოებრივი ურთიერთობის სფეროს მიხედვით (პირადი, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული) და წარმოშობის დროის მიხედვით (ადამიანის უფლებათა თაობები). თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ყველაზე უფრო გარცელებული და მიღებულია უფლებათა კლასიფიცირება თაობების მიხედვით, მიღებულია უფლებათა მესამე თაობის გამოყოფა: პირველი თაობის უფლებებს მიაკუთვნებენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს (ნეგატიური უფლებები); მეორე თაობის უფლებებში იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებები (პოზიტიური უფლებები); მესამე თაობას მიაკუთვნებენ კოლექტიურ უფლებებს.

ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია

წარმოშობის დროის მიხედვით:

I თაობა (XVIII ს-ის ბოლო) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

II თაობა (XX ს-ის მეორე ნახევარი) სოციალურ-ეკონომიკური უფლებები

III თაობა (XX -ის 70 წლების) კოლექტიური და სოლიდარული უფლებები

საზოგადოებრივი ურთიერთოების სფეროს მიხედვით:

სამოქალაქო

პოლიტიკური

ეკონომიკური

სოციალური

კულტურული

პიროვნების პოლიტიკური სამართლებრივი სტატუსის მიხედვით:

ადამიანის უფლებები (ყოველი ინდივიდის უფლებები)

მოქალაქის უფლებები

უფლებების მატარებელი სპეციალური სუბიექტის მიხედვით:

ლტოლვილების უფლებები

ქალთა უფლებები

ბავშვთა უფლებები

აპატრიდების უფლებები

პირთა უფლებები შეიარაღებული კონფლიქების დროს

მიგრანტთა უფლებები

ინვალიდების უფლებები

სხვა ჯგუფების უფლებები

დროში მოქმედების შეზღუდვის მიხედვით:

აბსოლუტური უფლებები

შეფარდებითი უფლებები

სახელმწიფოს როლის მიხედვით:

პოზიტიური უფლებები

ნეგატიური უფლებები

კონსტიტუციებსა და საერთაშორისო ნორმებში განმტკიცების მიხედვით:

ძირითადი (კონსტიტუციური) უფლებები

წარმოებული უფლებები

ადამიანის უფლებათა კომიტეტი (Human Rights Committee) – შექმნილია საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (28-ე მუხ.) მისი მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ პაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. კომიტეტი შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლებიც მიუკერძოებლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. კომიტეტის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. კომიტეტი თავისი ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედებს საგანგებოდ შემუშავებული პროცედურის წესების საფუძველზე. იგი მიიღებს და განიხილავს სახელმწიფოების პერიოდულ მოხსენებებს მათ მიერ პაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ (40-ე მუხ.); განიხილავს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების შეტყობინებებს რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიერ პაქტით დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შესახებ (41-ე მუხ.). თუ ამ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ამ მუხლით დადგენილი წესი; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატიური ოქმის (იხ. ფაკულტატიური ოქმი საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ), თანახმად, აუკ მიიღებს და განიხილავს ინდივიდუალურ შეტყობინებებს პაქტის მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ პირთა ამ სახელმწიფოს მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს პირველადი მოხსენება კომიტეტს წარედგინება ამ სახელმწიფოსათვის პაქტის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში. შემდგომში მოხსენებები კომიტეტს წარედგინება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. კომიტეტი განიხილავს სახელმწიფოთა მოხსენებებს, აგრეთვე სახელმწიფო და ინდივიდუალურ შეტყობინებებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს. კომიტეტი ჩატარებული მუშაობის შესახებ ყოველწლიურად მოხსენებას წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეას.

ადამიანის უფლებათა პატივისცემა (Respect fro Human Rights)საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა), თანამედროვე საერთაშორისო სამართალი სულ უფრო მეტ აქტიურობას იჩენს ისეთ სფეროში, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს სახელმწიფოს მხოლოდ საშინაო საქმეა, მაგრამ სინმადვილეში ამ სფეროს ჯეროვანი მოწესრიგება სახელმწიფოთა მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. სწორედ ასეთი პრობლემების დაძლევას ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშოიროს სამართლებრივი ღონისძიებანი. ეს ის უფლებებია, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისგან, მიუხედავად მისი სქესისა, კანის ფერისა, სარწმუნოებისა, რასისა თუ ეროვნებისა.

აუპ-ის პრინციპის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისოსამართლებრივი საშუალებებით მის განმტკიცებას დასაბამი მიეცა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამას დიდად შეუწყო ხელი ჰიტლერული რეჟიმის მიერ ადამიანთ მასობრივი განადგურების საშინელი ფაქტების საქვეყნოდ მხილებად. თუ მანამდე საერთაშორისო საზოგადოებრიობა ძირითადად ეროვნულ უმცირესობათა საერთაშორისო დაცვით იყო დაინტერესებული, რაც განსაკუთრხებით გაძლიერდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე გაეროს წესდებაში შეტანილ იქნა მოწოდება – დაცული ყოფილიყო ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები. აქედან იწყება მწვავე იდეოლოგიური ბრძოლა „სოციალისტურ და იმპერიალისტურ“ ქვეყნებს შორის, რათა ადამიანის უფლებათა პატივისცემა გაეროს მიზნებისაგან ძირითად საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპად გადაქცეულიყო, თანაც ორი სოციალური სისტემის თანაარსებობის პრინციპის შეუბღალავად ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით (იხ.: ადამიანის უფლებები, გაეროს ორგანოები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში).

გაეროს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, „კვლავ განამტკიცოს ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის რწმენა“; ორგანიზაცია მოწოდებულია, „განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში და დანერგოს ყველას მიმართ, მიუხედავად რასისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიისა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემა“ (1-ლი მუხ.; მე-3 პუნქ.) აღნიშნული პრინციპის განსახორციელებლად გაეროს გენერალური ასამბლეა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებებით. ამ საბჭოს მიერ შქემნილი სპეციალური კომისიების ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეიქმნა მთელი რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა, რომელთა შორის აღსანიშნავია:1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ (1966), კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (1869) და სხვ.

ეუთოს დასკვნითმა აქტმა (1.VIII.1975) შეაჯამა საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგები ადამიანის უფლებათა პატივისცემის უზრუნველყოფის სფეროში და იგი ცალკე ძირითად პრინციპად გამოყო. ამ აქტის მონაწილე სახელმწიფოებმა ვალდებულება იკისრეს, პატივისცემით მოეკიდონ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, მათ შორის: აზრის, სინდისის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას ყველასათვის, განურჩევლად რასისა, სქესისა და რელიგიისა; ხელი შუეწყონ და განავითარონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ფაქტორებები ამ უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიანი განხორციელებისათვის, რაც დაეფუძნა ადამიანის პიროვნების დამახასიათებელ ღირსებებს, სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიებზე ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობანი, ასევე ვალდებულებას კისრულობენ, პატივისცემით მოეკიდონ ასეთ უმცირესობათა თანასწორობის უფლებას კანონის წინაშე. მიანიჭონ მათ სრული შსაძლებლობანი, ნამდვილად ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით და ამრიგად დაიცვან მათი კანონიერი ინტერესები, იმოქმედონ გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დარგის საერთაშორისო პაქტებში ადამიანის უფლებათა შესახებ, თუ ისინი ამ პაქტების მონაწილენი არიან.

ადამიანის უფლებათა პატივისცემის პრინციპის საფუძველია დებულება, რომელიც კრძალავს იძულებითი ზომების გამოყენებას უცხო სახელწმიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეროს კომპეტენტური ორგანოები დარწმუნდებიან, რომ კონკრეტულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები მასობრივად და სისტემურად ირღვევა და საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რაც საერთაშორისო დანაშაულად ითვლება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წესდებით გათვალისწინებული საშუალებები, შეიარაღებული ზალის გამოყენების ჩათვლით. დაუსვებელია ადამიანის უფლებათა დაცვის ლოზუნგის გამოყენება სახელმწიფოთა მიერ სხვა სახელწმიფოს საშინაო პოლიტიკის კრიტიკისათვის, მასზე დიპლომატიური ზემოქმედებისათვის, რაც საშინანო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეშ დარღვევად ითვლება. ცხადია, ეს არ გამორიცხავს იდეოლოგიურ ბრძოლას ადამიანის უფლებათა დაცვისა და შემდგომი განვითარებისათვის, მაგრამ ეს ბრძოლა საერთაშორისო სამართლით დასაშვებად მიჩნეული ფორმებით უნდა მიმდინარეობდეს, სხვა საკითხია პრესის, რადიოს, ტელევიზიისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა მონაწილეობა იდეოლოგიურ ბრძოლაში, რაც სპეციფიკურ ხასიათს ატარებს და ვერ შეედრება ოფიციალურ სახელმწიფოთაშორის (მთავრობათშორის) ღონისძიებებს, რომლებიც სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპზეა (სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა) აგებული. ბოლო წლებში ამ მხრივ განსაკუთრებით გააქტიურდა ეუთო. ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი რეგიონალური ორგანიზაციაა ევროპის საბჭო, რომლის წევრი საქართველო 1999 წელს გახდა, რითაც ადამიანის უფლებათა პატივისცემის დიდი და ფართომასშტაბიანი ვალდებულებები იკისრა და ცალკეული ადამიანების უფლებათა დაცვის დახვეწილ და ეფექტიან მექანიზმებს დაუკავშირა თავისი ბედი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო).

წლების განმავლობაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა აღნუსხვისა და მათი დაცვის მექანიზმების განმსაზღვრელი ფართო უნივერსალური და რეგიონალური სამართლებრივი ბაზა (დაიდო 100-ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, რომელსაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი“ ეწოდება. საქართველოს კონსტიტუცია დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე. მასში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (International Law of Human Rights) – საერთაშორისო სამართლის დარგი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველი წევრის მიერ.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (Universal Declaration of Human Rights) – მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 10.XII.1948 ამ დეკლარაციის მიღების თარიღი ( 10 დეკემბერი) ყოველწლიურად აღინიშნება როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დეკლარაციით გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება, იგი კრძალავს მონობას, წამებას, ეკანონო დაპატიმრებას, დაკავებასა და დევნას. დეკლარაციით ასევე გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორებიცაა: პირადი და ოჯახური ცხოვრების, სიცოცხლის ადგილის ხელშეუხებლობის უფლება, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანამ აქცია თავისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებად (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი). დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც მიიღეს 1966 წელს და ძალაში შევიდა 1976 წელს.

ადამიანის უფლებები (Human Rights) – ადამიანისგან, როგორც გონიერი არსებისგან, გაუსხვისებელი უფლებები, რომელთა აღიარება და დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს უფლებები ღმერთის მიერ არის ნაბოძები და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს; მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეპოქასა ან საზოგადოებაში ცხოვრობდა ან ცხოვრობს ადამიანი, ეს უფლებები არ იცვლება და ამიტომ სახელმწიფო მოვალეა, არმოაჩინოს და დაიცვას ისინი. ამდენად, ადამიანის უფლებეი პოზიტიური სამართლის, ანუ იმ ნორმათა ერთობლიობის მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი, პირველად წყაროდ ცხადდება, ხოლო სახელმწიფოს მიერ თავისი კანონით ამ უფლებათა უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო, უზურპაციის აქტად ითვლება.

პოზიტივიზმის მიმდევრები, რომლებიც სამართლებრივი მნიშვნელოვანის მქონედ აცხადებენ მხოლოდ სახელმწიფოს ნებას და მის კანონმდებლობას, უარყოფდნენ ადამიანის ბუნებითი უფლებებისათვის უპირატესობის მინიჭებას მოქმედი კანონმდებლობის წინაშე და ამ უფლებათა ნუსხას სახელმწიფოს ნებას უქვემდებარებდნენ. კაცობრიობის განვითარების პროცესში სულ უფრო და უფრო იმარჯვებდა ბუნებითი სამართლის შეხედულებები, თუმცა გარკვეული ცვლილებებით ყალიბდებოდა ე.წ. ცვალებადი შინაარსის ბუნებითი სამართლის კონცეფცია, რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებები არ შეიძლებოდა ერთი და იმავე არსისა და მოცულობისა ყოფილიყო მონათმფლობელობის, ფეოდალიზმისა და კაპიტალიზმის ხანაში, – ეს კატეგორიები იცვლება და ახალ შინაარსს იძენს კაცობრიობის განვითათარებასთან ერთად, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩასახვასა და სრულყოფასთან მჭიდრო კავშირში; ადამიანის უფლებები რჩება სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ინსტიტუტების პირველად წყაროდ, მაგრამ მათი მოცულობა ვარირებს ეპოქისა თუ კონკრეტული საზოგადოების განვითარების დონეთა მიხედვით.

ადამიანის ძირითადი უფლებები (Fundamental Human Rights) – მიეკუთვნება ყველაზე მთავარ, სასიცოცხლო მნიშვნელობის უფლებებს, რომელთა გარეშე არ შეიძლება იარსებოს საზოგადოების არცერთმა წევრმა. აძუ გამოიყენება ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებთან კონტექსტში. ამ უფლებათა კატეგორიაში შედის: სიცოცხლის უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ადამიანის პიროვნების აღიარება, შეხედულების, აზრის გამოხატვის უფლება, პრესისა და რელიგიის თავისუფლების უფლება და სხვ. (იხ. ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია).

არ არსებობს მკვეთრი ზღვარი აძუ-სა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შორის. კონცეფცია ახასიათებს აძუ-ს როგორც ადამიანის კანონით დაცულ შესაძლებლობას, მოსთხოვოს სახელმწიფოს მისთვის მინიჭებული უფლებების დაკმაყოფილება (მაგ.: საარჩევნო უფლება, განათლების უფლება და ა.შ.). ხოლო თავისუფლებები გულისხმობს, მოითხოვოს სახელმწიფოსგან, თავი შეიკავოს პიროვნების ამ უფლებების რეალიზაციაში ჩარევისაგან (მაგ.აზრის გამოხატვის თავისუფლება).

პრაქტიკაში უფლებები და თავისუფლებები ერთმანეთის შემცველია და კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული.

ადამიანის უფლებები რომელთაგან გადახვევა დაუშვებელია (Non-Derogatory human rights) – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმები მათი გამოყენების სფეროს მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა:

  1. ნორმები, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერ ვითარებაში, ანუ ნორმები, რომელთაგან გადახვევა სახელმწიფოს არ შეუძლია.
  2. ნორმები, რომელთა მოქმედების შეჩერება სახელმწიფოს კონკრეტული გარემოების არსებობისას (როგორებიცაა: ომის, საგანგებო ან სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის შემოღება, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის არსებობას) შეუძლია.

სწორედ პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ხელშეუხებელი ბირთვი, რომლის მოქმედება არ არის დამოკიდებული ისეთ გარემოებებზე, როგორებიცაა: შეიარაღებული საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო კონფლიქტი. შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური დაძაბულობა თუ არეულობა.

როგორც წესი, საერთაშორისო კონვენციური დოკუმენტები გვძალევს ამგვარი უფლებების ზუსტ ნუსხას. მაგალითად, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-4 მუხ., მე-2 პ.) და ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ (მე-15 მუხ., მე-2 პ.) პირდაპირ მიუთითებს, თუ რა უფლებათა შეზღუდვაა დაუშვებელი საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. ამ ორი მუხლის შედარებისას ვხედავთ, რომ ევროპის კონვენციაში მოცემული უფლებათა ჩამონათვალი უფრო მწირია, ვიდრე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტში.

პაქტის მიხედვით, შეუზღუდავ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება:

  • სიცოცხლის უფლება (მე-6 მუხ.); წამების, სასტიკი მოპყრობის, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოქცევის აკრძალვა (მე-7 მუხ.); მონობის მონათვაჭრობისა და პირის დაბეჩავებულ მდგომარეობაში ჩაყენების აკრძალვა (მე-8 მუხ., 1-ლი პ. და მე-2 პ.)სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობლობისათვის თავისუფლების აღკვეთის დაუშვებლობა (მე-11 მუხ.); სისხლის სამართლის დანაშაულებზე კანონის უკუქმედების ძალის გამოყენების აკრძალვა (მე-15 მუხ.); სამართალსუბიექტობის უფლება (მე-16 მუხ.); აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება (მე-18 მუხ.).

ევროპული კონვენციის მიხედვით, შეუზღუდავ უფლებათა ნუსხას მიეკუთვნება:

  • სიცოცხლის უფლება (გარდა კანონიერი საომარი მდგომარეობის დროს ადამიანების დაღუპვის) (მე-2 მუხ.); წამების აკრძალვა (მე-3 მუხ.); აკრძალულიმონობა და პირის ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში ჩაყენება (მე-3 მუხ.; 1-ლი პ.); სისხლის სამართლის დანაშაულებზე კანონის უკუქმედების ძალის გამოყენების აკრძალვა (მე-7 მუხ.).

საქართველო პაქტისა და კონვენციის მონაწილეა, ამდენად, საჭიროების შემთხვევაში, ის მოვალეა, დაეყრდნოს პაქტის მიერ დაწესებულ გაფართოებულ ნისხას.

უფრო ვრცელ სიას შეიცავს ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა შესახებ.

ადამიანური განზომილება (Human dimension) – ცნება, რომელიც ჩამოყალიბდა და განვითარდა ეუთოს ფარგლებში. ტერმინი აგ შემოღებულ იქნა 1989 წელს ვენის შეხვედრის დასკვნითი დოკუმენტით და გამოიყენება ყველა იმ საკითხის აღსანიშნავად, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტალურ თავისუფლებებს, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს, ასევე საკითხებს, რომლებიც დემოკრატიას, დემოკრატიული ინსტიტუტებსა და მართლწესრიგს ეხება.

აგ-ის საფუძველზე აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მექანიზმი ცნობილია როგორც ვენის მექანიზმი. ვენის მექანიზმი შემდგომ განმტკიცდა კოპენჰაგენის (1990წ.) მოსკოვისა (1991წ.) და ჰელსინკის (1992წ.) შეხვედრებზე. ვენის მექანიზმი განსხვავდება ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო მექანიზმებისაგან. იგი არ ითვალისწინებს ინდივიდუალური განაცხადების განხილვის პროცედურას (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო მექანიზმები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) მექანიზმი ითვალისწინებს ინფორმაციის განხილვას სახელმწიფოს მიერ მოწოდებული მასალის საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით.

ტერმინი აგ გულისხმობს წევრი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა პატივისცემის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას, აგრეთვე ტოლერანტობის ატმოსფეროს ხელშეწყობას. აგ-ის საკითხებზე შემუშავებული ვალდებულებები გამომდინარეობს და ეფუძნება ჰელსინკის დასკვნითი აქტის დებულებებს (კერძოდ, ადამიანის უფლებათა პატივისცემის პრინციპს).

წევრმა სახელმწიფოებმა აიღეს პოლიტიკური ძალის ვალდებულებები. 1990 წლიდან მოყოლებული, ეუთოს ფარგლებში დაფუძნდა სხვადასხვა ინსტიტუტი და მექანიზმი, რომლითაც ხორციელდება ამ ვალდებულებათა უზრუნველყოფა. ეს ინსტიტუტებია:ბიურო, კომისარი, წარმომადგენელი მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა საკითხებში, მისიები, ადგილზე დამსწრენი.

ეუთოს ჩარჩოებში აღებული ვალდებულებები ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე, ვინაიდან დოკუმენტები, რომლებიც ეუთოს სამიტზებზე მიიღება, არა სახელშეკრულებო, არამედ პოლიტიკური ხასიათისაა და მიიღებიან კონსენსუსის წესით (გამონაკლის შემთხვევაში – კონსენსუსი მინუს ერთი). ამით ეუთოს ეგიდით შემუშავებული საერთაშორისო დოკუმენტები განსხვავდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით შემუშავებული დოკუმენტებისაგან (ევროპის საბჭო, ევროპის კავშირი).

ადგილობრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა (Exhaustion of domestic remedies) – ყველა ხელმისაწვდომ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ამოწურვის მოთხოვნა. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (1966) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950) საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმად ადგენს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული წესების თანახმად. ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოწურვის მოთხოვნას. მართალია, არცერთ ამ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული თუ რა იგულისხმება შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ცნებაში, მაგრამ პრაქტიკა ცხადოფს, რომ ეს არის არა სახერლმწიფოში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა მექანიზმი (მაგ., ომბუდსმენი), არამედ სასამართლო ორგანოები.

პრაქტიკაში, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას განსაზღვრავს, ამოწურულია თუ არა განმცხადებლის მიერ შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალება. კონკრეტული საქმის გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო არ გახდეს მიემართოს ყველა სასამართლო ინსტანციას.

მართალია, სამართლებრივი დაცვის საშულებათა სისტემა არ არის ერთგვაროვანი ხელშემკვრელ სახელმწიფოებში, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს არის სასამართლო სამსაფეხურიანი სისტემა: პირველი. სააპელაციო და უმაღლესი ინსტანციები.

სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვის საერთო მოთხოვნიდან არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, განმცხადებელს არ მოეთხოვება სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვა, თუ მან დაამტკიცა, რომ ეროვნული სასამართლოსადმი მიმართვა აზრს მოკლებულია, გამომდინარე სახელმწიფოში არსებული პრაქტიკიდან, ან თუ საქმის განხილვა გაუმართლებელი ვადით ჭიანურდება.

პირს მოეთხოვება იმ სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა, რომლებზეც ეროვნული კანონმდებლობით მას უფლება, და არა პრივილეგია აქვს. პირი ვალებული არ არის, მიმართოს ცალკეულ სპეციალურ ორგანოსა თუ სამსახურს, რომელთა კომპეტენციაში ადამიანის უფლებათა დაცვა შედის (მაგ.: ომბუდსმენის სამსახური ან საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და სხვ.)

მტკიცების ტვირთი, თუ რა შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი არსებობს ეროვნულ სისტემაში, რომელთა ამოწურვაც განმცხადებელს ევალება, სახელმწიფოს აწევს. შესაბამისად, სახელმწიფომ შეიძლება დააყენოს საკითხი, რომ პირს არ ამოუწურავს დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება.

ადმინისტრაციული დაკავება (administrative detention) – სხვადასხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობაც განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავების წესს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, როდესაც ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ეს აუციელებელია, მაგრამ ადგილზე შეუძლებელია, საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებულ დადგენილებათა აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება.

ად-ის შესახებ შედგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა,სახელი, მამის სახელი და გვარი, ცნობები დაკავებული პირის შესახებ; დაკავების დრო და მოტივი, ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული, თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ კეთდება ჩანაწერი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებულ პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობებენ ნათესავებს, ადმინისტრაციას სამუსაო თუ სწავლების ადგილის მიხედვით; არასრულწლოვანის დაკავების შესახებ აუცილებლად აცნობებენ მის მშობლებს ან მათ მეცვლელ პირებს. აღნიშნული ერთადერთი საპროცესო უფლებაა, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაკავებული პირისთვის ითვალისწინებს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ად შეუძლიათ მხოლოდ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებიც საამისოდ უფლებამოლინი არიან საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ:

ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, კრებების, მიტინგების, ქუაჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ ადამიანის ღირსებებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისა თუ ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

ბ) სასაზღვრო ძალებს – საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) დასაცავი ობიექტების განლაგების ადგილას გასამხედროებული დაცვის უფროს თანამდებობის პირს – დასაცავი ობიექტების, სხვა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამათალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას, საბაჟო ორგანოებს, საგადასახადო ორგანოებს, საგადასახადო ორგანოებს – საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს სამ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო ატქებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები.

ადმინისტრაციული დაკავება დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მიღებული იქნა საქართველოს რეპსუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს და ცვლილებებითა და დამატებებით ძალებშია1985 წლის 1 ივნისიდან. ამის გამო, მისი ზოგიერთი ნორმა, რომლებშიც ცვლილება-დამატებები არ შეტანილა, მოძველებლია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისოსამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება. მოსამართლის ბრძანების გარეშე პირის ადმინისტრაციული დაკავების და დაკავების გასაჩივრების შესახებ ნორმები გასაჩივრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (organization of American States) – რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 1948 წელს. მისი წევრია 35 სახელმწიფო. 1971 წელს შეიქმნა ასო-ის მეთვალყურეთა ორგანო, რომელშიც სხვა კონტინენტების სახელმწიფოთა წარმომადგენლები მოღვაწეობენ. ორგანიზაციასთან აკრედიტებული არიან მუდმივი მეთვალყურეები, მათ შორის: ავსტრია, ბელგია, გფრ, ესპანეთი, იტალია, კანადა, ნიდერლანდი, საფრანგეთი, შვედეთი. ორგანიზაციის მიზნებია: კონტინენტზე მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, სადავო საკიტხების მშვიდობიანი მოგვარება და უთანხმოების თავიდან აცილება; აგრესიის შემთხვევაში – ერთობლივი მოქმედება, ამერიკის ქვეყნების პოლიტიკურ- ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტისათვის ხელსეწყობა, ძალთა გაერთიანება ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული პროგრესისათვის. ასო-ის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების ხელშეკრულებით, რომელიც 1947 წელ რიო-დე-ჟანეიროში იქნა ხელმოწერილი, აგრეთვე სხვა სამხედრო შეთანხმებებით. ასო-ში შესვლა შეუძლაი დასავლეთ ნახევარსფეროს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მის წესდებას აღიარებს.

სტრუქტურა. ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელსაც ყოველწლიურად იწვევენ. იგი განსაზღვრავს ორგანიზაციის პოლიტიკასა და საქმიანობას, მისი ორგანოების სტრუქტურასა და ფუნქციებს. ყველა ქვეყნისათვის საინტერესო, სასწრაფო ხასიათის პრობლემების განსახილველად იწვევენ საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო თათბირს. სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე საკონსულტაციო თათბირს. სამხედრო თანმაშრომლობის საკითხებზე საკონსულტაციო თათბირის დასახმარებლად დაარსებულია თავდაცვის საკონსულტაციო კომიტეტი.

აღმასრულებელი და ადმინისტრაციული ორგანოა მუდმივი საბჭო, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისაგან შედგება. საბჭოსთან შექმნილია მრავალი დამხმარე ორგანო: პანამერიკული სამართლებრივი კომიტეტი (ქ.რიო-დე-ჟანეირო) კონსულტაციებს უწევს გენერალურ ასამბლეას. მის მოვალეობას შეადგენს იმ საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების შემუშავება და კოდიფიკაცია, რომლებიც ხელს უწყობენ ამერიკის სახელმწიფოთა ინტეგრაციის პროცესს.

მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე ორგანიზაციასთან შექმნილია 6 სპეციალიზებული დაწესებულება: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ამერიკის ქვეყნების ინსტიტუტი (ქ.სან-ხოსე-კოსტა-რიკა); ჯანმრთელობის დაცვის პანამერიკული ორგანიზაცია (ქ. ვაშინგტონი); ბავშვთა „ამერიკათშორისი“ ინსტიტუტი (ქ. მონტევიდეო-ურუგვაი); გეოგრაფიისა და ისტორიის პანამერიკული ინსტიტუტი (ქ. მეხიკო – მექსიკა); ქალთა „ამერიკათშორისი“ კომისია (ქ. ვაშინგტონი); „ამერიკათშორისი“ ინსტიტუტი ინდიელი მოსახლეობის საკითხებზე (ქ. მეხიკო – მექსიკა).

აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ცნობილი „სან-ხოსეს პაქტის“ სახელით. ძალაში შევიდა ასო-ის ყველა წევრისათვის 1978 წელს, ანუ 9 წლის შემდეგ მისი შემუშავების დღიდან. თუ ადამიანის უფლებათა ნუსხა ეფუძნება ჯერ კიდევ 1948 წლის მაისში (ე.ი. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამდე რამდენიმე თვით ადრე) მიღებულ დეკლარაციას ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა შესახებ, მისი შემუშავების პროცესში მასში ბევრი რამ იყო შეტანილი მომდევნო საერთაშორისო აქტებიდან, მათ შორის, უფლებათა დაცვის მექანიზმის მხრივ. აქაც შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია და ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომლებსაც მიეცათ უფლება, მიეღოთ საჩივრები ინდივიდებისაგან, აგრეთვე ადამიანთა ჯგუფებისა და არასმათავრობო ორგანიზაციებისაგან (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანთა უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის).

ანტისემიტიზმი (Anti-semitism) – რასობრივი შოვინიზმის, ეროვნული და რელიგიური შეუწყნარებლობის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა. გამოიხატება ებრაელი ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილითა და მტრული დამოკიდებულებით. ტერმინი „ანტისემიტიზმი“ შემოიღეს გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ მარმა და ფრანგმა სოციოლოგმა ერნსტ რენანმა XIX -ის 70-იან წლებში, მაგრამ თვითონ მოვლენა საუკუნეებს ითვლის – თავს იჩენს იმ დროიდან, რაც ებრაელთა დიასპორა (ძვ. წ. IV ს-დან) არსებობს. ა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად გამოიხატებოდა, კერძოდ, უფლებათა შეზრუდვიდან და რელიგიურ-ფსიქოლოგიური შეუწყნარებლობიდან დაწყებული, იძულებითი გასახელბით, დარბევითა და ფიზიკური მოსპობით (გენოციდით) დამთავრებული. ა და ებრაელთა გენოციდი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნა აყვანილი ნაცისტურ გარმანიაში, სადაც „ბიოლოგიური არასრულფასოვნებისა“ და „პარაზიტი ერის“ საბაბით 6 მილიონი ებრაელი იქნა განადგურებული. ნაცისტური გერმანიის დამარცხებამ და ებრაელთა დევნის საერთაშორისო დაგმობამ ა-ს მძიმე დარტყმა მიაყენა. მიუხედავად ამისა, იგი საბოლოოდ არ არის აღმოფხვრილი და კვლავაც იჩენს ხოლმე თავს ცალკეული რეციდივების სახით. გაერომ და ევროპის საბჭომ მიიღეს სპეციალური რეზოლუციები რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და მსგავს მოვლენათა წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროპის საბჭოს სისტემაში ეს ფუნქცია ეკისრება რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართულ ევროპულ კომისიას.

აპარტეიდი (Apartheid) საერთაშორისო დანაშაული. გენოციდისაგან განსხვავებით იგი არ არის მიმართული ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი ჯგუფების ფიზიკური განადგურებისაკენ, არამედ მიზანდ ისახავს ასეთი ჯგუფების, მათი წევრების საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან იზოლირებას (იხ.სეგრეგაცია) . რასობრივი დისკრიმინაციის ნაირსახეობაა. იგი აშკარად გამოიხატება გაბატონებული ეროვნების მხრიდან აღნიშნული ჯგუფების ექსპლუატაციის ყველაზე ულმობელი და არაადამიანური პოლიტიკითა და სათანადო მექანიზმების შექმნით. ა მძინვარებდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში XX საუკუნის 90-იან წლებამდე – ერვოპიდან გადმოსახლებულმა მოსახლოებამ დაამწყვდია აფრიკის, აზიის და სხვა კონტინენტის ფერადკანიანები (მოსახელობის 80%) ე.წ. ბანტუსტანებში, საკონცენტრაციო ბანაკებში და შემოიღო ამ ბანაკებში მცხოვრები მოსახლეობისათვის განცალკევებული საზოგადოებრივი ცხოვრების წესები, სწავლა-განათლების უვარგისი სისტემა. ა-თან ბრძოლა სისხლისმღვრელი შეტაკებებით სრულდებოდა, ხოლო მებრძოლთა ლიდერებს სამუდამო პატიმრობას უსჯიდნენ (მათ შორის იყო დღევანდელი პრეზიდენტი მანდელა). გაერო აქტიურად იბრძოდა ა-ის რეჟიმის წინააღმდეგ, გაეროს უსიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა სამხრეთ აფრიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, სპორტული ურთიერთობანი. 1973 წელს დაიდო კონვენცია ა-ის დანაშაულების აღკვეთისა და დასჯის შესახებ, რომელიც ა-ს მიაკუთვნებს საერთაშორისო დანაშაულთა რიცხვს, კერძოდ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას. გაეროსა და სხვა რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევით, თეთრკანიანთა რეჟიმი იძულებული გახდა, გაეუქმებინა ა-ის რეჟიმი და მიეცა მოსახლეობის უმრავლესობისათვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სრული რეალიზაციის უფლება. ეს პროცესი დაიწყო 1994 წლიდან.

აპატრიდი (Apatrid)მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც არ არის მოცემული სახელმწიფოს მოქალაქე და არ გააჩნია საბუთი. რომელიც დაადასტურებდა, რომ ის უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეა. ა-ად ჩაითვლება ის პირიც, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა და არ იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვის ზრდამ აუცილებელი გახადა, მიღებული ყოფილიყო ახალი საერთაშორისო კონვენციები: 1954 წლის კონვენცია ა-თა სტატუსის შესახებ, 1957 წლის კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ. ა, ისევე როგორც სხვა უცხოელი, არ სარგებლობს ზოგიერთი უფლებით (მაგ.: საარჩევნო უფლებით) და არ გააჩნია ზოგიერთი სახის მოვალეობანი ყველა სხვა შემთხვევაში მოქალაქეობის არმქონე პირებს გარანტირებული აქვთ „კანონით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები“ (იხ. საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ (1993, მე-8 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მიხედვით, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები და მოვალეობანი მოეპოვებათ, გარდა კონსტიტუციითა და მოქალაქეობის კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა (League of Arab States)რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 22.III.1945 კაიროს კონცეფციაზე. 1950 წელს ლიგის წევრებმა წესდების დამატებით ხელი მოაწერეს თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ ხელშეკრულებას, ხოლო 1965 წელს – სოლიდარობის პაქტს, რომეოიც თავისი ფორმით საერთაშორისო ხელშეკრულებაა. ასლ-ის მიზნებია: ლიგის წევრ სახელმწიფოთა საგარეო და საშინაო პოლიტიკის კოორდინაცია, სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, უთანხმოებათა მშვიდობიანი მოგვარება, კოლონიური დამოკიდებულებისა და ნეოკოლონიალიზმისაგან არაბეთის ქვეყნების სრული განთავისუფლებისათვის ერთობლივი ბრძოლა, მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა დარგებში, ლიგის წევრ სახელმწიფოთა შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა და სხვ. ლიგას აგრეთვე მიზანდ აქვს დასახული, რომ თითოეულ სახელმწიფოში არსებული შინაგანი პირობების დაურღვევლად უზრუნველყოს მჭიდრო თანამშრომლობა ლიგის წევრ სახელმწიფოთა შორის შემდეგ საკითხებში: 1) ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები, მათ შორის: სავაჭრო ბაჟი, ფულის სისტემა, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა; 2) გზები და კავშირგაბმულობა, მათ შორის: რკინიგზები, გზატკეცილები, ავიაცია, ნაოსნობა, ფოსტა და ტელეგრაფი; 3) კულტურის საკითხები; 4) მოქალაქეობასთან პასპორტებთან, ვიზებთან, სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან, ექსტრადიციასთან დაკავშირებული საკითხები; 5) სოციალური უზრუნველყოფა; 6) ჯანმრთელობის დაცვა.

სტრუქტურა. ასლ-ის უმაღლესი ორგანოა ლიგის საბჭო, რომელშიც შედიან ყველა წვერი ქვეყნის წარმომადგენლები. საბჭოს სესიები ტარდება წელიწადში ორჯერ. სესიებს შორის ლიგის ხელმძღვანელობას ახორციელებს გენერალური სამდევნო, რომელთანაც არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინფორმაციის, პალესტინის საქმეების, ნავთობის საკითხებისა და სხვა დეპარტამენტები. სამდივნოს სათავეში უდგას გენერალური მდივანი, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ. სამდივნოში ფინქციონირებს: ა) ეკონომიკურ საკითხთა საბჭო; ბ) თავდაცვის გაერთიანებული საბჭო; გ) მუდმივი სამხედრო კომისია. ლიგის შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, ინსტიტუტები და სპეციალიზირებული ორგანიზაციები (მათ შორის: არაბეთის შრომის ორგანიზაცია, არაბეთის ეკონომიკური ერთობის საბჭო, არაბეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ფონდი, არაბეთის სავალურო ფონდი), რომლებსაც იგი ფინანსურ დახმარებას უწევს. ასლ-ის შტაბ-ბინა განლაგებულია ქ.კაიროში, ოფიციალური ენაა არაბული.

არკომბატანტი (Noncombatant)საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეწოდება შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალ პირებს, რომელთა ფუნქციებში შედის მხოლოდ შიერაღებული ძალების მომსახურება (სამედიცინო პერსონალი, სამეურნეო ნაწილების წევრები, აგრეთვე ჟურნალისტები და სხვ.).

არალეგალური იმიგრაცია (Illegal immigration)საერთაშორისო ხასიათის დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, აგრეთვე მის სუვერენიტეტს. 1949 წლის კონვენცია „მიგრანტი მუშების შესახებ“ და კონვენცია „მიგტრაციის სფეროში დარღვევებისა და უფლებათა ბოროტად გამოყენების შესახებ“, აგრეთვე 1975 წლის კონვენცია „მუშამიგრანტთა თანასწორუფლებიანობის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებენ იმიგრაციის ნორმათა დარღვევების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხიმსგებლობას, კერძოდ, აი-სათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა; პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, აგრეთვე, იმ პირთა მიმართ, ვინც ხელს უწყობს აი-ის.

არაპირდაპირი დისკრიმინაცია (Indirect discrimination) – ეს მოვლენა აღინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: სამართლებრივი ნორმები, კრიტერიუმები და პრაქტიკა, ერთი შეხედვით, არ არის შემზღუდველი რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, მოქალაქეობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არახელსაყრელ პირობებში აყენებს ზემოხსენებული ნიშნების საფუძველზე გამოყოფილ პირებს ან პირთა იმ ჯგუფებს. მაგალითად, სახელმწიფო დაწესებულებებში სამუშაოდ არ იყვანენ აღნიშნული ნიშნების მქონე ადამიანებს, კონკურსში გასაუბრებისას განგებ ძნელ, აშკარად „ჩამჭრელ“ კითხვებს უსვამენ. იგივე ითქმის არასამათვრობო დაწესებულებებზე. აგრეთვე დაუსჯელი რჩება ამ კატეგორიის ადამიანთა მიმართ ყოველგვარი ძალადობა, როგორც რიგითი ადამიანების, ასევე პოლიციის მხრიდან. ყოფით დონეზე სწორედ ად სუფევს (იხ. დისკრიმინაცია, პირდაპირი დისკრიმინაცია).

არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტები (Non-international armed conflicts)საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტებისგან განსხვავებით, აშკ მიმდინარეობს ერთი სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფს (ჯგუფებს) შორის, რომელიც (რომლებიც) იბრძვის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისათვის ან ერის (ხალხის) თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცის პრეტენზიით ცდილობს, დაეუფლოს გარკვეულ ტერიტორიას და შელახოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. ასეთ ჯგუფს სათავეში უნდა ედგას პასუხისმგებელი სარდლობა და უნდა აწარმოებდნენ ეფექტიან კონტროლს მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის მიმართ.

საერთაშორისო კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებზე ვრცელდება ჟენევის 1949 წლის კონვენციები 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ და სხვა აქტები, თუ მეომარი მხარეები ცნობენ მათ იურიდიულ ძალას. თუ არა, ისინი მაინც ვერ აუვლიან გვერდს ჟენევის კონვენციებისა და ოქმების ძირითად დებულებებს, რომლებიც ცივილიზაციისა და ჰუმანურობის მონაპოვარია. ჟენევის კონვენციები არ გამოიყენება ავტომატურად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აღიარებს მოწინააღმდეგე მხარე არსებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ომის კანონებსა და ჩვეულებებს. ჟენევის კონვენციების მე-3 მუხლი ითვალისწინებს არასაერთაშორისო კონფლიქტებში ჩაბმულ ჯგუფებზე ჰუმანიზმით ნაკარნახევი წესების გავრცელებას. ეს მუხლი არ იხსენიებს ტყვეთა ინსტიტუტს. კონფლიქტში მონაწილე მხარეები მოვალენი არიან მოეპყრან მათ ხელში ჩავარდნილ ნებისმიერ პირს (რომელიც დანებდა იარაღით ხელში ან ავადმყოფობის თუ დაჭრილობის გამო) ჰუმანურად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მიუხედავად რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ სხვა ანალოგიური ნიშნებისა. ამ მიზნით იკრძალება მკვლელობა, დასახიჩრება, წამება და სხვა მსგავსი ქმედებანი; მძევალთა აყვანა. ადამიანის ღირსების შელახვა, პირის გასამართლება და დასჯის ზომების გამოყენება წინასწარ დაწესებული სასამართლოს განაჩენისა და სასამართლო გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე. II ოქმი ასევე ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ხელთ ჩაუვარდნენ მოწინააღმდეგე მხარეს და გამოეთიშნენ ბრძოლას. ან მათი თავისუფლება იყო შეზღუდული კონფლიტთან დაკავშირებით. 1977 წლის II დამატებითი ოქმი მთლიანად ეძღვნება არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას.

აშკ-ს მეკუთვნება პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ზოგიერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში მიმდინარე კონფლიქტები – საქართველოში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი), აზერბაიჯანი (მთიანი ყარაბახი). მოლდოვაში (დნესტრისპირეთი), სადაც აგრესიულმა სეპარატიზმმა თავს მოახვია მთავრობებს შეიარაღებული კონფლიქტები. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა კონფლიქტი აფხაზეთში, სადაც საზღვარგარეთიდან შემოსული ძალები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმის დარღვევით სასტიკად ეპყრობოდნენ არამარტო მეომრებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას (იხ. ეთნიკური წმენდა).

არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია (Non governmental international organization) – რამდენიმე სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯგუფის, კავშირის ან კერძო პირთა მიერ შექმნილი გაერთიანება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო თუ სხვა სფეროსი საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარებისა და გარღრმავების მიზნით. იმისათვის, რომ ასო-ს სათანადო სტატუსი ჰქონდეს, იგი უნდა კმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს; საქმიანობას ეწეოდეს ორზე მეტ სახელმწიფოში, ამასთან, თავისი შემადგენლობით, მიზნებითა და ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო ხასიათის უნდა იყოს. ასეთი სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს სხვა ორგანიზაციების ფილიალს, სასწავლო დაწესებულებას, დახურულ კლუბებს და სხვ. ბევრ ასო-ს მჭიდრო კონტაქტი აქვს მთავრობათაშორის საერთაშორისო ორგზანიაციებთან. სათანადო შეთანხმების საფუძველზე ასო-ს ენიჭება საკონსულტაციო სტატუსი. მაგ.: გაეროს სისტემის ორგანოებში წარმომადგენელია რამდენიმე ასეული არასამათვარობო ორგანიზაციის მეთვალყურე, რომელტა უფლებები ზუსტად არის განსაზღვრული.

გაეროს წესდების მიხედვით (71-ე მუხ), გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი) უფლებამოსილია, გაატაროს სათანადო ღონისძიებანი მის კომპეტენციაში შემავალი საკითხებით დაინტერესებული არასამათვრობო ორგანიზაციებისგან კონსულტაციების მოსაღებად. ჩამოყალიბდა საკონსულტაციო სტატუსის კატეგორიები – I, II და „სია“: I, II კატეგორების ასო-ს შეუძლია დამკვირვებლის სტატუსით დაასწროს წარმომადგენლები ეკოსოსის ღია სხდომას, მისი კომიტეტებისა და სასესიო ორგანოების მუშაობას, ხოლო „სიაში“ შეტანილ ასო-ს შეუძლია დაასწროს ეს წარმომადგენლები მხოლოდ ისეთ სხდომებს, რომლებიც განხილავენ ამ ორგანიზაციების კომპეტენციაში შემავალ საკითხებს: ასო-ს შეუძლია გააკეთოს ზეპირი თუ წერილობითი განცხადებები; არ მონაწილეობს გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობაში. თანამედროვე ეტაპზე ასო მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მშვიდობის, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ამ მხრივ აღსანიშნავია, მაგ., ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ საქმიანობა.

აფრიკული კავშირი (African Union) რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აფრიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. დაარსდა 25.V.1963 აფრიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მესამე კონფერენციის გადაწყვეტილებით ადის-აბებაში (ეთიოპია). ორგანიზაციის წევრია 49 სახელმწიფო.

ორგანიზაციის მიზანია:ზრუნვა აფრიკის სახელმწიფოთა და სოლიდარობის განტმიცებისათვის, მათ შორის თანამშრომლობის განვითარება და კოორდინაცია, ღონისძიებათა გაერთიანება აფრიკის ხალხთა საარსებო პირობების გაუმჯობესებისათვის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვა, კოლონიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე.

სტრუქტურა, ორგანიზაციის მთავარი ორგანოა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ასამბლეა, რომელსაც წელიწადში ერთხელ იწვევენ. ასამბლეის გადაწყვეტილებათა და რეზოლუციათა შესრულების საქმეს განაგებს ორგანიზაციის მინისტრთა საბჭო. იგი შედგება საგარეო საქმეთა და სხვა მინისტრებისაგან, რომლებიც შესაბამის სახელმწიფოთა მთავრობების მიერ უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში.

აკ – ის ორგანოებია აგრეთვე: პანაფრიკული პარლამენტი, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომისია, ტექნიკური კომიტეტები. ყველა ორგანოს ორგანიზაციულ-აღმასრულებელი საქმიანობის მომსახურება აკისრია მიდმივმოქმედ გენერალურ სამდივნოს. ორგანიზაციის ფარგლებში მუშაობს შუამავლობისა და არბიტრაჟის კომისია. გარდა ამისა, არსებობს მრავალი სპეციალიზირებული ორგანო – ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომისია, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისია, თავდაცვის საკითხთა კომისია და სხვ. ზემოაღნიშნულ ორგანოებთან შექმნილია მუდმივი დამხმარე ორგანოები, რომელთა მიზანია რასიზმისა და კოლონიზალიზმის წინააღმდეგ აკ-ის წევრ სახელმწიფოთა ბრძოლის კოორდინაცია, მიღებულ გადაწყვეტილებათა რეალიზაციის გაკონტროლება და ა.შ.

1986 წელს ამოქმედდა აფრიკის წესდება (ქარტია) ადამიანის და ხალხთა უფლებების შესახებ“, რომლის საფუძველზე შეიქმნა ადამიანის და ხალხთა უფლებათა აფრიკული კომისია. ძირითადად, მისი კომპეტენცია ემსგავსება სხვა რეგიონალური ორგანიზაციების მექანიზმებს (იხ. ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო) და ითვალისწინებს, ქარტიაში მონაწილე სახელმწიფოების პასუხისმგელობას ცალკეული პირების, პირთა ჯგუფების უფლებების დარღვევისათვის, რისთვისაც დაწესებულია ამ პირთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების (განაცხადების) განხილვის პროცედურები. გათვალისწინებულია, აგრეთვე, ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული სასამართლოს შექმნა (ჯერ არ ჩამოყალიბებულა).

შტაბ-ბინა ადის-აბებაშია (ეთიოპია). სამუსაო ენებია: არაბული, ფრანგული, ინგლისური.

 

ბავშვთა უფლებები (Rights of the child) – განსაზღვრულია საერთაშორისო აქტებით (როგორც სარეკომენდაციო, ისე იურიდიულად სავალდებულო ხასიათის) ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20.XI.1989 მიიღო. კონვენციაში მონაწილეობს გაეროს თითქმის ყველა წევრი სახელმწიფო, საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა 1995 წელს.

ბიპატრიზმი (ორმოქალაქეობა) (Bipartism) – ამა თუ იმ პირის ყოფნა ერთდროულად ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქეობაში, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით. მაგ., ბ-ად ითვლება შემთხვევა, როდესაც ქალი თხოვდება უცხოელზე, მაგრამ არ კარგავს თავის მოქალაქეობას, ხოლო ქმრის სახელმწიფოს კანონებით ამ სახელმწიფოს მოქალაქეობას იღებს. ამგვარ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვიც, რომლის მშობლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ.

სხვადასხვა სახელმწიფოში ორმაგი მოქალაქეობის დაშვებისა და ამ სტატუსის საკითხი სხვადასხვაგვარად წყდება. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია გამორიცხავს ორმაგ მოქალაქეობას. კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია: „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე“. ორმაგი მოქალაქეობა არ დაიშვება აგრეთვე ლიტვის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის კონსტიტუციებით. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს უფლება აქვს იქონიოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაც (ე.ი. ორმაგი მოქალაქეობა). ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციით ნებადართულია ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ, ამასთან, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. მაგ., უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები შეიძლება დაიკავონ სახელმწიფოს მხოლოდ მკვიდრმა მოქალაქეებმა. ჰააგის 1930 წლის კონვენცია – „ზოგიერთი საკითხი, რომელიც მოქალაქეობის შესახებ კოლიზიურ კანონს ეხება“ – განსაზღვრავს რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირთა სტატუსს, კერძოდ, იმას, რომ ყოველი სახელმწიფოს მიერ ისინი განიხილებიან როგორც საკუთარი მოქალაქეები, როდესაც ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამგვარ პირებს მთელი მოცულობით ეხებათ მათი მოქალაქეობრივი სტატუსის შესაბამისი უფლება-მოვალეობანი. ორმაგი მოქალაქეობა სათანადო პირს არა მარტო უფლებებს ანიჭებს, არამედ უფართოებს მოვალეობებსაც. არცერთი სახელმწიფო, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას აღიარებს, არ აძლევს ამგვარ მოქალაქეებს რაიმე შეღავათს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას. ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ასეთი პირი პასუხისმგებელია იმ სახელმწიფოს წინაშე, სადაც ის ცხოვრობს და თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობს.

ბ-ის მარეგულირებელი რაიმე ერთიანი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს. სახელმწიფოები ცდილობენ, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით გადაწყვიტონ. ასეთია, მაგ., საქართველოსა და უკრაინას შორის 28.X.1997 დადებული ხელშეკრულება ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევებისა და უკვე არსებული ორმაგი მოქალაქეობის თავიდან აცილების შესახებ (ძალაში შევიდა 2.X.1999).

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის მე-12 მუხლში 06.02.2004 შეტანილი ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია, დაშვებულია შემთხვევები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

ბრალდებული (Accused person) – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.

ბ-ს უფლება აქვს, ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის.

ბ-ს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება. ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი დადგენილების ასლი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ბ-ს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებების მიმართ, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ბ-ს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი, გაეცნოს დადგენილების ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიობო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწიოს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების არასრულად ჩატარების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად და სხვ.

ბუდაპეშტის სამიტი (Budapest Summit) – იხ., ეუთო, ეთნიკური წმენდა.

ბუნებითი სამართალი (Natural Law) – იხ., ბუნებითი სამართლის სკოლა.

ბუნებითი სამართლის სკოლა (Natural Law School)საერთაშორისო სამართლის დოქტრინა, რომელმაც მოიკიდა ფეხი XVII-XVIII სს-ში და საერთაშორისო სამართლის ნორმებად აღიარებდა მხოლოდ ღმერთის ნაბოძებ ბუნების კანონებს, რომლებიც ვლინდება ადამიანის გონებით და სტიქიურად იქცევა იურიდიულად სავალდებულო ძალად სახელმწიფოთა, ხალხთა შორის ურთიერთობებში. ბსს აცხადებდა პატიმარს პოზიტიურ (იხ. პოზიტივიზმი) ანუ სახელმწფოების, ადამიანების მიერ შექმნილ სამართალზე. ბსს დროებით კარგავს ზეგავლენას XIX ს-ის დამლევს, როდესაც საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკასა და თეორიაში იმარჯვებს პოზიტივისტური მიდგომა – მხოლოდ სახელმწიფოთა საერთო ან კერძო თანხმობით ჩამოყალიბებულ ნორმებს (საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმას) შეეძლო ჰქონოდა იურიდიულად სავალდებულო ძალა (იხ. წყაროები საერთაშორისო სამართლისა).

XX ს-ის შუა წლებიდან კვლავ ძლიერდება ბსს, რაც განაპირობებული იყო ფაშისტური და კომუნისტური იდეოლოგიითა და პრაქტიკით, მათი მხრიდან დასავლური ფასეულობების შერყევისა და ლიკვიდაციის შიშით (მაგ., ახალი ბსს).

გადაადგილების თავისუფლება (Freedom of movement) – ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მე-13 მუხ.; საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შესახებ, მე-12 მუხ.).

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირთა თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებას. ამ მუხლის მიხედვით:

„1. ყველას ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

  1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.
  2. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი იცავს პირის უფლებას, სახელმწიფო კონტროლისა და ნებართვის გარეშე თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ვრცელდება ნებისმიერ პირზე და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რაც დასტურდება ტერმინით – „ყველა“, რომელიც გამოყენებულია აღნიშნულ მუხლში. ამდენად, თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება უზრუნველყოფილია ნებისმიერი პირისათვის, მისი მოქალაქეობრივი სტატუსის მიუხედავად. კონსტიტუციიდან გამომდინარე, იკრძალება რაიმე განსხვავებული რეჟიმის დადგენა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შორის ამ უფლებასთან დაკავშირებით.

კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულია როგორც პირის უფლება – სახელმწიფოს ნებართვის გარეშე დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი და მუდმივ საცხოვრებლად სხვა ადგილი აირჩიოს, ისე დროებით საცხოვრებლად სხვა ადგილას გადავიდეს (მაგ.; აგარაკზე). ცხადია, რომ პირს შეიძლება რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს.

კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს საქართველოში კანონიერად მყოფი ყველა პირისათვის ქვეყნის დატოვების უფლებას. ეს უფლება ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე სხვა სახელმწიფოს მფარველობაში მყოფ ნებისმიერ პირზე. საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, საქართველოდან თავისუფალი გასვლის უფლება არ ნიშნავს, რომ მას ყოველთვის აქვს უფლება, შევიდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, შეიძლება არ მიეცეს სხვა სახელმწიფოში შესვლის უფლება.

საქართველოს კონსიტუციის მსგავსად, კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის უფლება.“ ამავე კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს, რომ „საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს შემოვიდეს საქართველოში, რისთვისაც ნებართვა არ სჭირდება“. ამ დებულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს არ შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში შემოსვლაზე.

საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება უზრუნველყოფილია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის. შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება იმის გარანტია, რომ ისინი თავისუფლად შემოვლენ საქართველოში.

უცხოელების მიმართ საქართველოს კონსიტუციის 22-ე მუხლის დებელებები დაზუსტებულია კანონში „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ (1993 წლის 3 ივნისი), რომელიც უცხოელად მიიჩნევს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს და საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს. კანონი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში უცხოელთა სამართლებრივ სტატუსს, უფლებებსა და მოვალეობებს, ადგენს, რომ უცხოელები საქართველოში თანასწორი არიან კანონის წინაშე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილებების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შესაძლებლობების, საქმიანობის სფეროს და სხვა გარემოებების მიუხედავად.

საქართველოს კონსტუტუციური პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც აისახა მის 22-ე მუხლში, ზემოთქმული კანონის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, რომ უცხოელები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებით. ამასთან, კანონი ითვალისწინებს, რომ „უცხოელთა მიმოსვლა და მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის არჩევა საქართველოში შეიძლება შეიზღუდოს, როცა ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, საქართველოს მოქალაქეთა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცული უფლებების დარღვევისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ექვს თვემდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (United Nations) – იხ. გაერო.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია (UN Commision on Human Rights)გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს დამხმარე ორგანო, რომელიც 1946 წელს შეიქმნა გაეროს წესდების საფუძველზე (68-ე მუხ.). კომისია გაეროს ძირითადი ორგანოა ადამიანის უფლებათა სფეროში. იგი შედგება სახელმწიფოთა წარმომადგენლებისაგან. კომისია ამ წესდების შესაბამისად, (55-ე-56ე მუხ.) ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვას. იგი გაეროს ჟენევის განყოფილებაში ყოველწლიურად მართავს სესიებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი (UN High Commissioner for Human Rights) – ხელმძღვანელი დაწესებულების, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს გაეროს ფარგლებში სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვას. დაკისრებულ ფუნქციებს იგი ასრულებს ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს საქმიანობის კოორდინაციის, სახელმწიფოებთან დიალოგისა და ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზით. სამსახურს ხელმძღვანელობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი (ეს თანამდებობა დაარსებულია გაეროს გენერალური ასამბლეის 23.XII.1993 რევოლუციით), რომელიც თანამდებობრივად გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეა ადამიანის უფლებათა საკითხებში. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ჟენევა (შვეიცარია).

გაეროს ამოცანები (UN Aims)გაეროს წესდების პრეამბულაში ჩამოყალიბებულია ის ამოცანები, რომლებიც დაისახეს ორგანიზაციის შემქმნელებმა: ,,ჩვენ, გაერთიანებული ერების ხალხებმა, აღსავსეებმა მტკიცე სურვილით, ავაცილოთ მომავალ თაობებს უბედურებანი ომისა, რომლებმაც ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ორჯერ მოუტანა კაცობრიობას აუწერელი მწუხარება, გადავწყვიტეთ, კვლავ განვამტკიცოთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის და დიდი და პატარა ერების თანასწორობის რწმენა, შეექმნათ პირობები, რომელთა დროსაც შესაძლებელი იქნება სამართლიანობის დაცვა, აგრეთვე ხელშეკრულებებიდან და საერთაშორისო სამართლის სხვა წყაროებიდან (იხ. წყაროები საერთაშორისო სამართლისა) გამომდინარე ვალდებულებებისადმი პატივისცემა, ხელი შევუწყოთ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში“ …

გაეროს გენერალური ასამბლეა (UN General Assembly)გაეროს ერთ-ერთი ძირითადი ორგანი, რომელიც შედგება გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან. ყოველი სახელმწიფო უფლებამოსილია, დაასწროს ასამბლეის სესიას ხუთი წარმომადგენელი, თუმცა ყოველ დელეგაციას მხოლოდ თითო ხმა აქვს. სესია იკრიბება ყოველი წლის სექტემბრის მესამე სამშაბათს. რიგგარეშე სპეციალური სესიები მოიწვევა ორგანიზაციის წევრთა უფლებამოსილების მოთხოვნით ან უმრავლესობისგან თანხმობის მიღების საფუძველზე. სპეციალური სესია მოიწვევა 24 საათში. სესია ირჩევს თავმჯდომარესა და მის 21 მოადგილეს გეოგრაფიული რეგიონების სამართლიანად წარმოდგენის პრინციპის დაცვით. ეს რეგიონებია: დასავლეთ ევროპისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოები, ლათინური ამერიკა და კარიბი, აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანე და აღმოსავლეთი ევროპა.

მუშაობა წარმოებს ასამბლეის პლენარულ და კომიტეტების სხდომებზე. იქმნება 7 კომიტეტი: პირველი – პოლიტიკური განიარაღების საკითხები; მეორე – ეკონომიკური და ფინანსური საკითხები; მესამე – სოციალური და ჰუმანიტარული საკითხები; მეოთხე – დეკოლონიზაციის საკითხები; მეხუთე – ადმინისტრაციული და საბიუჯეტო საკითხები; მეექვსე – სამართლებრივი საკითხები; სოციალური პოლიტიკური კომიტეტი. მოქმედებს აგრეთვე ორი პროცედურული კომიტეტი: ა) გენერალური კომიტეტი (თავმჯდომარის, მისი 21 მოადგილის, შვიდივე დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეთა შემადგენლობით), რომელიც განაგებს დღის წესრიგს, მუშაობის წესსა და სხვა ამგვარ საკითხებს; ბ) რწმუნებათა შემოწმების კომიტეტი. გარდა ამისა, ასამბლეამ შექმნა გაეროს რამდენიმე მუდმივი ორგანო: სარევიზიო კომისია, ინვესტიციების კომიტეტი, გაეროს პერსონალის საპენსიო ფონდის კომიტეტი, საერთაშორისო სამართლის კომისია და სხვ.

გაეროს გენერალური მდივანი (UN Secretary General)გაეროს წესდების თანახმად, გაეროს უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. იგი გვევლინება იმ პოლიტიკურ და დიპლომატიურ პირად, რომელიც გაეროს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, უფლებამოსილია, გაეროს უშიშროების საბჭოს ყურადღება გაამახვილოს ყველა ისეთ მოვლენებზე, რომელიც, მისი აზრით, ემუქრება სახელმწიფოთა მშვიდობასა და უშიშროებას. გგმ-ს ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა ხუთი წლის ვადით უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე (ამ შემთხვევაში მოქმედებს დიდ სახელმწიფოთა ერთხმივობის პრინციპი). გაეროს დაარსებიდან დღემდე გგმ-ის პოსტზე სულ შვიდი პირი იყო არჩეული: 1945-53-ტრიუგველი (ნორვეგია), 1953-61- დაგ ჰამარშელდი (შვედეთი), 1961-71-უ ტანი(ბირმა), 1972-81-კურტ ვალდჰაიმი (ავსტრია), 1982-91-ჰავიერ პერეს დე კუელიარი (პერუ), 1992-96 – ბუტროს-ბუტროს გალი (ეგვიპტე), 1997-დან – კოფი ანანი (განა).

ყოველწლიურად გგმ ამზადებს მოხსენებას, რომელშიც ასახულია გაეროს საქმიანობა და პრიორიტეტულ მიმართულებათა გეგმები. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა გგმ – ის სპეციალური (პირადი) წარმომადგენლის ინსტიტუტი, რომელიც თავის ასეთ წარმომადგენელს გზავნის ამა თუ იმ რეგიონში არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს მხარეთა შორის კომპრომისის მოსაძბენად. საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის თუ არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში გაეროს უშიშროების საბჭოში საკითხის განხილვისას გადამწყვეტ როლს ასრულებს გგმ-ის მოხსენებები, რომლებიც მისი პირადი წარმომადგენლის ინფორმაციას ემყარება.

გაეროს დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და უმცირესობატა დაცვის ქვეკომისია (UN Subcommission on prevention of Discrimination and Protection of Minorities) – იხ. გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

გაეროს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის ქვეკომისია (UN Subcommission on promotion and protektion on human rights) – იხ. გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

გაეროს 1985 წლის დეკლარაცია ხელისუფლების დანაშაულთა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი პრინციპების შესახებ (UN Declaration on Basic Principles of justice for Victims of Crime and Abuse of Power) – 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია დანაშაულთა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ. დეკლარაციაში მოცემულია დანაშაულის მსხვერპლის განსაზღვრება. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ტერმინი ,,მსხვერპლი“ აღნიშნავს პირს, რომელსაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიაყენეს ზიანი, მათ შორის: სხეულის დაზიანება ან მორალური ზარალი, ემოციური ტანჯვა, მატერიალური ზარალი, ან მოხდა მის ძირითად უფლებათა საფუძვლიანი შელახვა მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომლებიც არღვევენ წევრი სახელმწიფოების მოქმედ ეროვნულ სისხლის სამართლის კანონებს, მათ შორის კანონებს, რომლებიც კრძალავენ ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დანაშაული ზიანს აყენებს არა მარტო სახელმწიფოს, არამედ იწვევს როგორც უშუალოდ დაზარალებულის, ისე მისი ახლობლების სხეულის დაზიანებასა და ფსიქოლოგიურ ტრამვას. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ პოლიციისა და მართლმსაჯულების ორგანოებმა თავიანთი არამართლზომიერი მოქმედებით შეიძლება უფრო გაამძაფრონ დაზარალებულებისა და მოწმეების მდგომარეობა. დანაშაულისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ დაზარალებულისათვის და მისი ოჯახისათვის მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, დეკლარაციაში შემუშავებულია რიგი ზომებისა, რათა: დაზარალებულები უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი; ხელი შეუწყონ და დაეხმარონ მათ, მიიღონ ზარალის ანაზღაურება დამნაშავისაგან, ზოგიერთ შემთხვევაში კი სახელმწიფოსაგანაც; ესწრებოდნენ და ყოველთვის იქმნენ მოსმენილნი, როდესაც საქმე ეხება მათი ინტერესების დაცვას; მათ მოეპყრონ სამართლიანად როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აღსრულებისას; დაცულ იქნენ ყოველგვარი რეპრესიებისა და დaშინებისაგან.

დეკლარაციაში ჩამოთვლილია ის ორგანოები, რომლებიც მოწოდებულნი არიან, განახორციელონ მუშაობა დაზარალებულებთან. მაგალითად, პიოლიციის ორგანოები, სოცუზრუნველყოფის ორგანოები და სხვა.

ანალოგიური ზომებია გათვალისწინებული ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისას დაზარალებულთა დაცვის დროს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურებას.

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (UN Economic and Social Council)გაეროს ერთ-ერთი ძირითადი ორგანო. შედგება 54 წევრისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა. საბჭო: ა) უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობას; ბ) სწავლობს და იკვლევს საერთაშორისო ვითარებას ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბევრ სხვა დარგში, ადგენს მოხსენებებს და იძლევა სათანადო რეკომენდაციებს; გ) რეკომენდაციას იძლევა ადამიანის უფლებებისა ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის დაცვისა და წახალისებისათვის; დ) იწვევს საერთაშორისო კონფერენციებს და ამუშავებს სათანადო კონვენციების პროექტებს გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარსადგენად; ე) აწარმოებს მოლაპარაკებას გაეროს სპეციალიზებულ დაწესებულებებთან. საბჭოსთან შექმნილია დამხმარე ორგანოები: გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, ქალთა უფლებების კომისია და სხვ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი (UN High Commissionerfor Refugees) – იხ.: ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახური.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახური (UN Office of High Commissioner for Refugees)გაეროს გენერალური ასამბლეის მისერ შექმნილი დაწესებულება მეორე მსოფლიო ომის შედეგად ლტოლვილთა პრობლემების მოგვარებაში ხელშეწყობის მიზნით. ამ პრობლემების მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს სამსახურის მანდატი. სამსახურის წესდება 1950 წელს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. სამსახური მოქმედებს ამ წესდების, აგრეთვე ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციისა და მისი 1967 წლის ოქმის საფუძველზე. სამსახურის საქმიანობა, მისი წესდების თანახმად, ჰუმანიტარულია და იგი პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. სამსახურის მანდატი ვრცელდება არა მარტო ლტოლვილებზე, არამედ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზეც (იხ. ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები). სამსახურს მართავს აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის წევრებს ირჩევს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო. კომიტეტი განსაზღვრავს სამსახურის პოლიტიკას, ადგენს მის ბიუჯეტს. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი. სამსახურის ძირითადი დამფინანსებლები არიან სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო პირები. სამსახურის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა აგრეთვე გაეროს ბიუჯეტი.

გაეროს მიზნები და პრინციპები (UN Purposes and Principles) – ჩამოყალიბებულია გაეროს წესდებაში. გაეროს მიზანია: განავითაროს მეგობრული, მშვიდობიანი ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის; განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ჰუმანიტარული პრობლემების გადასაწყვეტად, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა – რასის, ენისა და სარწმუნოების მიუხედავად – წახალისებასა და განვითარებაში. გაეროს წესდება ეყრდნობოდა შვიდ პრინციპს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპებს; ორგანიზაციის ყველა წევრი კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს; წევრი სახელმწიფოები უნდა წყვეტდნენ თავიანთ საერთაშორისო დავებს მშვიდობიანი საშუალებებით და ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან საერთაშორისო მშვიდობას, უშიშროებასა და სამართლიანობას; ისინი თავს უნდა იკავებდნენ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისა და ძალით დამუქრებისაგან სხვა სახელმწიფოების მიმართ; ხელს უნდა უწყობდნენ ორგანიზაციის მიერ მისი წესდების თანახმად ჩატარებულ ყველა ღონისძიებას და თავს იკავებენ იმ სახელმწიფოს დახმარებისაგან, რომლის წინააღმდეგ მოქმედებს ორგანიზაცია (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა). ორგანიზაციას არა აქვს უფლება ჩაერთოს წევრი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში („შინაგან კომპეტენციაში“), თუ ამას არ მოითხოვს იძულებითი ზომების გამოყენების აუცილებლობა (იხ. ჩაურევლობა).

გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინური წესები“) (UN Minimum Rules for Administration of Juvenile Justice – Beijing Rules)გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 29.XI.1985 მიღებული წესები, რომლებიც განსაზღვრავენ არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა უფლებრივ გარანტიებს მართლმსაჯულების განხორციელებისას. ეს წესები ადგენენ ისეთ სამართლებრივ გარანტიებს, როგორებიცაა: უდანაშაულობის პრეზუმფცია, ბრალდების გაცნობის უფლება, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, ადვოკატის აყვანის უფლება, მშობლების ან მზრუნველის დასწრების უფლება, მოწმეებთან პირისპირ შეხვედრის უფლება, ზემდგომ ინსტანციაში აპელაციის უფლება და სხვ.; განსაზღვრავენ გამოძიებისა და სასამართლოს წესით დადგენილ სამართლებრივ გარანტიებს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის წესს, არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განვითარებას და სხვ. აღნიშნული წესები არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება მიუკერძოებლად და დისკრიმინაციის გარეშე. ამ წესებს სავალდებულო იურიდიული ძალა არ გააჩნიათ, ისინი რეკომენდაციებია და სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს, მისცეს თუ არა ამ წესებს კანონის ძალა, თუმცა ყველა სახელმწიფო ცდილობს, სამართალდამცველი და მართლმსაჯულების ორგანოების საქმიანობა ამ პრინციპების შესაბამისად წარმართოს.

გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში(UN bodies for the protection of Human Rights) – როგორ ასრულებს ესა თუ ის სახელმწიფო საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებს, კერძოდ, აღნიშნულ სფეროში, ეს მის საშინაო საქმედ არის მიჩნეული. მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სახელმწიფოები აღიარებენ საერთაშორისო ორგანოების იმ უფლებას, რომ მათ კონტროლი გაუწიონ სახელმწიფოების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. გაეროს ფუნქციები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გათვალისწინებულია გაეროს წესდების პრეამბულასა და შემდეგ მუხლებში: 1-ლი (მე-3 პუნქ.), მე-13, 55-ე, 56-ე, 62-ე და 72-ე. გაეროს ის ძირითადი ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადამიანის უფლებათა საკითხები, არის გაეროს გენერალური ასამბლეა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო ადამიანის უფლებათა საკითხების უმრავლესობა განიხილება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე. პირველადი საკითხებს იხილავენ მესამე კომიტეტში (სოციალური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხების კომიტეტი). ზოგიერთი საკითხი გადაეცემა სხვა კომიტეტსაც. ყოველი კომიტეტი საკითხს განიხილავს დღის წესრიგის მიხედვით და განხილვის დამთავრებისთანავე უგზავნის გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომას სპეციალურ მოხსენებას, სადაც აღნიშნულია კენჭისყრის შედეგებიც.

გენერალურ ასამბლეას უფლება აქვს, საკითხის მოსამზადებლად შექმნას დამხმარე ორგანოები, რასაც იგი ხშირად აკეთებს. გენერალური ასამბლეის სესიებს შორის პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში აქტიურ ხელმძღვანელობას ეწევა ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი). საბჭოს მთავარი დამხმარე ორგანო ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში არის ადამიანის უფლებათა კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა. ამჟამად კომისიას ჰყავს 53 წევრი: 15 წევრი აფრიკიდან, 12 – აზიიდან, 11 – ლათინური ამერიკიდან, 10 – დასავლეთ ევროპიდან და ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან, 5-5 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. კომისიის წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით, ყოველწლიურად ხდება კომისიის შემადგენლობის ერთი მესამედის განახლება. კომისია უფლებამოსილია, ამა თუ იმ სახელმწიფოში შექმნილი სიტუაციის გასარკვევად, შექმნას სპეციალური ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მთავრობათა მიერ არ არიან დანიშნულნი.

1947 წელს ადამიანის უფლებათა კომისიამ შექმნა დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და უმცირესობათა დაცვის გაეროს ქვეკომისია (1999 წლიდან მისი სახელწოდებაა ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვის ქვეკომისია“), რომლის დღის წესრიგი ყოველთვის გადატვირთულია. ქვეკომისიას სპეციალური მომხსენებლები წინასწარ განხილვისათვის გადასცემენ მოხსენებებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ხალხთა თვითგამორკვევის უფლების განვითარების ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა, ეროვნულ უმცირესობათა პრობლემა, აბორიგენი მოსახლეობის დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ა.შ. ქვეკომისიის დღის წესრიგში ყოველთვის დგას საკითხი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის შესახებ ამა თუ იმ ქვეყანაში. 1970 წლიდან ქვეკომისია იხილავს საჩივრებს ადამიანის უფლებათა უხეში და სისტემატური დარღვევის შესaხებ. ქვეკომისიის კომპეტენციაში არ შედის კონკრეტული კერძო საჩივრების განსჯა, იგი საჩივრების საერთო ანალიზის საფუძველზე არკვევს, თუ რამდენად მასობრივი, უხეში და სისტემატურია ეს დარღვევები, და თავის დასკვნებს გადასცემს ადამიანის უფლებათა კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, აწყობს მათ განხილვას, რაც შეიძლება დამთავრდეს „დამნაშავე“ სახელმწიფოსათვის მითითების მიცემით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, თუკი საერთაშორისო დანაშაული არ არის ჩადენილი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოებზე ზემოქმედების აღნიშნული სისტემა საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა, თუმცა დღეს იგი ადგილს უთმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო მექანიზმებს.

გაეროს საერთაშორისო სასამართლო (UN International Court of Justice) – შედგება 15 მოსამართლისაგან, რომლებიც აირჩევიან 9 წლის ვადით. მოსამართლეები სასამართლოში წარმოადგენენ მსოფლიოში არსებულ მთავარ სამართლებრივ სისტემებს. ერთ სახელმწიფოს ამ სასამართლოში მხოლოდ ერთი მოსამართლე შეიძლება ჰყავდეს; ყოველი მოსამართლე სასამართლოში მოქმედებს პირადად, ანუ მოსამართლეები არ წარმოადგენენ თავიანთი სახელმწიფოების ინტერესებს. გსს გაეროს ერთ-ერთი მთავარი ორგანოა (იხ. XIV თავი), რომელსაც აქვს საკუთარი წესდება (სტატუტი): იგი ხელმოწერილ იქნა გაეროს წესდებასთან ერთად და მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. სასამართლო იხილავს მხოლოდ ისეთ საქმეებს, სადაც მხარეებად გაეროს წევრი ქვეყნები გამოდიან. სასამართლო იძლევა საკონსულტაციო დასკვნებს, თუ საამისოდ მიმართავს გაეროს გენერალური ასამბლეა ან გაეროს უშიშროების საბჭო, ან ამათგან პირველის ნებართვით რომელიმე სხვა ორგანო.

სამართლის წყაროები, რომლებსაც სასამართლო საქმის განხილვისას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე იყენებს, შემდეგია: ა) საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც მოდავე სახელმწიფოების მიერ აღიარებულ წესებს ადგენენ; ბ) საერთაშორისო ჩვეულება როგორც საერთაშორისოსამართლებრივ ნორმად აღიარებული საყოველთაო პრაქტიკის დადასტურება (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი); გ) სამართლის ზოგადი პრინციპები, რომლებიც აღიარებულია ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ; დ) სასამართლო გადაწყვეტილებანი და საჯარო სამართლის ყველაზე კვალიფიციურ სპეციალისტთა დოქტრინა (შეხედულება, მოძღვრება) როგორც დამხმარე საშუალება სამართლებრივი ნორმის დასადგენად. თუ მხარეები თანახმანი იქნებიან, სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს საქმე ex aequo et bono (სამართლიანად და კეთილსინდისიერად). სასამართლო წარმოებაში მხოლოდ მაშინ იღებს საქმეს, თუ ორივე მოდავე მხარე თანახმაა მის იურისდიქციაზე. წერილობითი თანხმობა შეიძლება ეხებოდეს ან კონკრეტულ საქმეს, ან იყოს მომავალში შესატანი საქმის მიმართ სასამართლოს სავალდებულო იურისდიქციის წინასწარი აღიარება, ანდა ეყრდნობოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებაში არსებულ დებულებებს გსს-ს სავალდებულო იურისდიქციის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭო უფლებამოსილია, აიძულოს ურჩი მხარე, შეასრულოს გადაწყვეტილება.

გაეროს სამდივნო (UN Secretarial) – გაეროს ერთ-ერთი მთავარი სამდივნო ორგანო. შედგება პირებისაგან, რომლებსაც ევალებათ ორგანიზაციის ორგანოების მუშაობის უზრუნველყოფა, დაწესებული სესიების თუ სხდომების ტექნიკური მომსახურებიდან (სხდომათა დარბაზებით უზრუნველყოფა, დოკუმენტების ოფიციალურ და სამუშაო ენებზე თარგმნა და გავრცელება, სინქრონული თარგმანი, სხდომების დროს რეზოლუციების პროექტების დროული თარგმანი, სხდომების დროს რეზოლუციების პროექტების დროული თარგმნა და დარიგება, შესწორებების აღნუსხვა და პროექტებში შეტანა, კენჭისყრის პროცედურის უზრუნველყოფა). ამას ძირითადად ასრულებენ ე.წ. საერთო სამსახურის მუშაკები (კატეგორია G)

სამდივნოს მოეკუთვნება ე.წ. პროფესიონალების კატეგორიაც (P-1, P-2, P-3, P-4, P-5), აგრეთვე მაღალი რანგის ხელმძღვანელთა კატეგროია – „დირექტორები“ (D-1 და D-2), გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეები და თანაშემწეები. სამდივნოს სათავეში დგას მისი მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი – გაეროს გენერალური მდივანი. „პროფესიონალები“ ჩართულნი არიან მრავალფეროვან საქმიანობაში: ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ გამოკვლევათა და ინფორმაციის შემცველი მოხსენებების მომზადება, ორგანოების მიერ გამოყოფილი სპეციალური მომხსენებლებისათვის ყველა საჭირო მასალის შეგროვება და შავი ვარიანტის დაწერა. ორგანოების სხდომებზე მდივნობა, გაეროს საქმიანობასთან დაკავშირებით პუბლიკაციების მომზადება და დასტამბვა, გაეროს ორგანოების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაგზავნილ მისიებში მონაწილეობა და სხვ.

ყველა მუშაკი „საერთაშორისო სამოქალაქო მოსამსახურეა“ და ოფიციალურად, მიცემული ფიცის თანახმად, უნდა იყოს მიუმხრობელი, თავისი ქვეყნისაგან დამოუკიდებელი. გაეროს სამდივნოს მუშაკებს მიენიჭებათ პრივილეგიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სტატუსს (დღეისათვის სამდივნოში მუშაობს 9000 მუშაკამდე, სამდივნოს შტაბ-ბინა ქ. ნიუ-იორკშია, ამავე დროს, მას აქვს განყოფილებები ქ. ჟენევაში, ვენასა და ნაირობში. ჟენევაშია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამსახური და განიარაღების ოფისი. აქ ტარდება სხვადასხვა სახის დიპლომატიური კონფერენციები და შეხვედრები; ვენაში განლაგებულია ნარკოტიკების გადაზიდვასთან ბრძოლის ცენტრი, დანაშაულობების თავიდან აცილებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ორგანოები, აგრეთვე ორგანოები, რომლებიც დაკავშირებულია კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებასთან და საერთაშორისო სავაჭრო სამართალთან; ნაირობში (კენია) ფუნქციონირებს შტაბ-ბინა, რომელიც ჩაბმულია გაეროს ფუნქციების რეალიზაციაში ბუნების დაცვისა და განსახლების სფეროში.

გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები (UN Special Agencies)მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ზუსტად განსაზრვრული კომპეტენციით ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში (იხ. გაეროს წესდების 57-ე მუხლი). ყოველი ასეთი დაწესებულება გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან დაკავშირებულია შეთანხმებით, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს. გაერო უფლებამოსილია: ამ დაწესებულებათა პოლიტიკის ურთიერთშეთანხმების მიზნით წარუდგინოს მათ სათანადო რეკომენდაციები, განიხილოს მათი ბიუჯეტები და ბიუჯეტის საკითხებზე რეკომენდაცია მისცეს დაინტერესებულ დაწესებულებას, აწარმოოს ამ დაწესებულებათა და გაეროს საქმიანობის კოორდინაცია კონსულტაციების გაწევითა და რეკომენდაციების მიცემით როგორც ამ დაწესებულებების, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეისა და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის განიხილოს ამ დაწესებულებათა რეგულარული მოხსენებები და სხვ. (იხ. გაეროს წესდება, მუხ.: მე-17, 58-ე, 63-ე და 70-ე). თანამედროვე ეტაპზე გსდ აქტიურ და ნაყოფიერ მუშაობას ეწევიან მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად, გეგმავენ მრავალწლიან პოლიტიკას მსოფლიო ხალხების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების შემდგომი პროგრესისა და განვითარებისათვის და სხვ. ამის მკაფიო მაგალითია იუნესკო (იხ. აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია).

გაეროს უშიშროების საბჭო (UN Security Council)გაეროს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელსაც ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში. იგი შედგება 15 წევრისაგან, რომელთა შორის ხუთი მუდმივია, ხოლო ათი – არამუდმივი. ეს ხუთი ადგილი შემდეგ დიდ სახელმწიფოებს ეკუთვნის: აშშ-ს, ინგლისს, საფრანგეთს, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. დანარჩენ ათ წევრს ორი წლის ვადით ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა გეოგრაფიული რაიონებისა და კანდიდატ სახელმწიფოების მიერ მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით. ყოველი წევრი ერთდროულად არ აირჩევა – ყოველწლიურად აირჩევა მხოლოდ ხუთი ახალი წევრი.

უშიშროების საბჭო: ა) იცავს საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას; ბ) იძიებს ყველა ისეთ დავასა და სიტუაციას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო დაძაბულობა; გ) იძლევა რეკომენდაციას ასეთ დავათა გადაწყვეტის მეთოდების შესახებ; დ) შეიმუშავებს შეიარარების რეგულირების სისტემის შექმნის გეგმებს; ე) განსაზღვრავს მშვიდობის დარღვევის საფრთხისა და აგრესიის აქტის ფაქტს და იძლევა რეკომენდაციებს საჭირო ზომების მიღებისათვის. იგი მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ აგრესორის წინააღმდეგ ეკონომიკური ან ისეთი სხვა სანქციები და კონტრზომები, რომლებიც შეიარაღებული ძალის გამოყენებასთან არ არის დაკავშირებული; ვ) მიმართავს სამხედრო მოქმედებას აგრესორების ასალაგმავად; ზ) იძლევა რეკომენდაციებს ახალი წევრების მიღებისა და გაეროს გენერალური მდივნის დანიშვნის შესახებ; თ) გაეროს გენერალურ ასამბლეასთან ერთად ირჩევს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წევრებს და ა.შ.

გუს მოქმედებს გაეროს ყველა წევრის სახელით, რომლებიც, თავის მხრივ, მოვალენი არიან, ყოველდრიურად დაეხმარონ საბჭოს ამ რთული მისიის შესრულებაში, კერძოდ საჭიროებისამებრ მის განკარგულებაში გადასცენ სათანადო სამხედრო კონტიგენტები და რესურსები მშვიდობის დასაცავად. გუს-ს გადაწყვეტილებანი პროცედურულ საკითხებზე მიიღება ცხრა ხმით, მიუხედავად იმისა, ამაზე თანახმაა თუ არა საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო. არაპროცედურული საკითხის განხილვისას კი აღნიშნული უმრავლესობა უნდა შეიცავდეს ყველა მუდმივი წევრის დადებით ხმას (ე.წ. ერთხმიანობის პრინციპი).

გუს-თან შექმნილია სამხედრო-საშტაბო კომიტეტი, რომელიც საბჭოს მუდმივ წევრთა სამხედრო შტაბების მეთაურთაგან შედგება და მოწოდებულია, დახმარება გაუწიოს საბჭოს სამხედრო ღონისძიებების რეალიზაციის საქმეში (დღემდე ეს კომიტეტი არ ამუშავებულა საბჭოს მუდმივ წევრ სახელმწიფოთა შორის უთანხმოების გამო). საჭიროების შემთხვევაში, გუს ქმნის სპეციალურ შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც ევალებათ აგრესორთან ბრძოლა (ე.წ. გაეროს მშვიდობის იძულებით შენარჩუნების ან აღდგენის ოპერაცია). ასე მოხდა 1990 წელს ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობასთან დაკავშირებით. უშიშრობის საბჭომ დაგმო ეს აქცია და რამდენჯერმე მოითხოვა ერაყისაგან ქუვეითის დატოვება. ბოლოს, გუს-ს რეზოლუციით (№678), ერაყს წაუყენეს ულტიმატუმი 15 იანვრამდე ერაყის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გაეროს დავალებით ჯარების იერიშს მიიტანდნენ მასზე. და მართლაც, 1991 წლის იანვარ-თებერვალში გუს-ს დავალებით შექმნილმა სამხედრო კოალიციამ, რომლის ბირთვს აშშ-ს ჯარები შეადგენდნენ, მძლავრი სამხედრო დარტყმით (ე.წ. „ოპერაცია – „ქარიშხალი უდაბნოში“) გაათავისუფლა ქუვეითი და აიძულა ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, თავი დამარცხებულად ეცნო.

გაეროს წესდება (UN Charter) – უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი საერთაშორისო ხელშეკრულება (იხ.გაერო), რომელშიც ჩამოყალიბებულია გაეროს მიზნები და პრინციპები, მთავარი ორგანოების სახეები და კომპეტენციები. გაეროში მოქმედებს ერთხმივობის პრინციპი, ანუ დიდ სახელმწიფოებს – აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს – გაეროს უშიშროების საბჭოში აქვთ მუდმივი წევრის სტატუსი და უმნიშვნელოვანეს საკითხებში მათი ერთობლივი ხმების გარეშე ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ მიიღება, წესდებაში ცვლილებების შეტანის ჩათვლით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ პრინციპს წესდების VI (დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა“) და VII („მოქმედება მშვიდობისადმი მუქარის, მშვიდობის დარღვევის და აგრესიის აქტების მიმართ“) თავების გამოყენების დროს. ორგანიზაციის წევრებად მიიღებიან მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოები, რომლებიც კისრულობენ წესდებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. ორგანიზაციის წევრად გახდომისათვის საჭიროა უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია (არანაკლებ 9 ხმისა ყველა მუდმივი წევრის ხმათა ჩათვლით და გაეროს გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილება. წესდების დებულებათა სისტემატური დარღვევისათვის სახელმწიფო გაირიცხება ორგანიზაციის შემადგენლობიდან. გარიცხვა იმავე წესით ხდება, რა წესითაც მიიღება სახელმწიფო ორგანიზაციის წევრად. გაერო შედგება ექვსი მთავარი ორგანოს, მრავალი დამხმარე და სპეციალიზებული ორგანოსა და ორგანიზაციისაგან.

მთავარი ორგანოებია: გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს უშიშროების საბჭო, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო, მეურვეობის საბჭო, გაეროს საერთაშორისო სასამართლო, გაეროს სამდივნო.

გამოხატვის თავისუფლება (Freedom of expression) – უფლება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის აღმშენებლობაში. სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი საფუძველია, დემოკრატიული საზოგადოების პროგრესისა და ცალკეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ეს უფლება შეეხება არა მხოლოდ ისეთ „ინფორმაციას“ ან „იდეას“, რომელიც სახელმწიფოს მიერ კეთილგანწყობილად მიიღება, არამედ ისეთსაც, რომელიც მიუღებელია ხელისუფლების ან მოსახლეობის ნაწილისათვის. ამას მოითხოვს პლურალიზმის, ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპები, რომელთა გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.

ტერმინი „გამოხატვა“ არ შემოიფარგლება შეხედულებების, აზრის გამოთქმის წერილობითი და ზეპირი ფორმებით. იგი მოიცავს ნებისმიერ საშუალებას, რომელიც იდეების გამოთქმასთან ან ინფორმაციის გადაცემასთან არის დაკავშირებული. ინფორმაციის წარმოების, გადაცემის, გავრცელების საშუალებებია: ბეჭდვითი მასალები, რადიომაუწყებლობა, ხელოვნების ნომუშები, ფილმები, ელექტრონული საინფორმაციო სისტემები. აზრის გამოხატვის თავისუფლება 3 ელემეტს მოიცავს:

ა) საკუთარი აზრის მიდევნების (ქონის) თავისუფლებას; ბ) ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას; გ) ინფორმაციის მიღების თავისუფლებას. პირველადი პირობაა საკუთარი აზრის მიდევნების (ქონის) თავისუფლება. ამ უფლების დაცვას აბსოლუტური ხასიათი აქვს, ვინაიდან ის შეზღუდვები, რომლებიც სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება. ნებისმიერი შეზღუდვა ამ უფლებასთან მიმართებით შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების ბუნებასთან. მოქალაქეები არ უნდა განიცდიდნენ ძალდატანებით იდეოლოგიურ დამუშავებას სახელმწიფოს მხრიდან. მით უფრო დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, აზრის ქონის თავისუფლების სერიოზულ და მიუღებელ წინააღმდეგობას ნიშნავს.

აღნიშნული თავისუფლება მოიცავს ასევე იმის გარანტიას, რომ პიროვნებაზე არ განხორციელდება ზეწოლა მისგან განსხვავებული აზრის გამოთქმის მიღების მიზნით.

გთ დაცულია როგორც საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით (იხ.: საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ (მე-19 მუხ.), ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ (მე-10 მუხ.), საქართველოს კონსტიტუცია (24-ე მუხ.).

ყველა, ვინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების უფლებით, გარკვეულ ვალდებულებებსაც უნდა ემორჩილებოდეს: რამდენადაც შესაძლებელია, თავი უნდა აარიდონ ისეთი გამონათქვამების ან მსჯელობის გამოყენებას, რომლებიც შეურამცხყოფელია სხვა პირთათვის. სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული შეზღუდვები დააწესოს გამოთქმის თავისუფლებებზე იმ პირობით, რომ შეზღუდვები ემსახურება კანონიერ მიზანს, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე უწესრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის. დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის დადგენისას ყურადღება ექცევა: 1) დასახული მიზნის პროპორციულობას; 2) ცალკეული პიროვნებისა და ფართო საზოგადოების უფლებათა შორის პროპორციული ბალანსის დადგენას.

მაგალითად, ნაციონალისტური, ფაშისტური, რასისტული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ტოლერანტობის, პლურალიზმისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ასეთი გამონათქვამების შეზღუდვის დასაბუთება ბევრად უფრო ადვილია, ვინაიდან მათი არსებობა იწვევს ძალადობას, შუღლს, სიძულვილს გარკვეული ჯგუფების მიმართ (იხ. კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მე-4 მუხ.).

განათლების უფლება (Right to education) – ადამიანის სოციალური უფლება, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება. განათლების მიღება შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

უფლება აღიარებულია: საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.), ევროპის ქარტიით (მე-10 მუხ.), (იხ. ევროპის საბჭო), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ) №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.), ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციით (28-ე მუხ.), და სხვა საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტებით.

განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია (35-ე მუხ.).

განვითარების უფლება (Rights to development) – ყოველი ადამიანისა და ხალხის ხელშეუხებელი უფლებაა, იცხოვროს მშვიდობის პირობებში, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაში თავისი კეთილდღეობისათვის: სახელმწიფო მოვალეა, შექმნას ყველა პირობა, რათა თითოეულ ადამიანს და ხალხს მიეცეს საშუალება, გამოიყენონ ბუნებრივი რესურსები, დაეუფლონ განათლებას, ისარგებლონ ჯანდაცვის სისტემით, საკუთრებისა და ბინადრობის საკმარისი სტანდარტებით, უზრუნველყოფილნი იქნენ დასაქმებით ცხოვრების ყველა სფეროში და შემოსავლის სამართლიანი განაწილებით.

დღეისათვის მოთხოვნები რეგულირდება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ,,დეკლარაციით განვითარების უფლების შესახებ“ (1986), ვენის დეკლარაციითა და მოქმედების პროგრამით (1993): ამავე წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ შექმნილი განვითარების უფლების თაობაზე სამუშაო ჯგუფი თვალყურს ადევნებს ამ პრინციპების რეალიზაციის მსვლელობას, თუმცა მათ იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვთ.

2002 წლის აგვისტო-სექტემბერში იოჰანესბურგში მოწვეულ იქნა მსოფლიო კონფერენცია უმაღლეს დონეზე, რომელმაც მიიღო დეკლარაცია მდგრადი განვითარებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ.

გუ მიეკუთვნება ე.წ. კოლექტიურ უფლებებს (იხ. ადამიანის უფლებათა თაობები).

გაუძევებლობა (Non-Refoulment) – ფრანგული წარმოშობის ტერმინი, რომელიც ,,უკან არდაბრუნებას“ ნიშნავს და გამოიყენება ლტოლვილთათვის თავშესაფრის მაძიებელთა და სხვა უცხოელთათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში მათი საკუთარ სახელმწიფოში იძულებით დაბრუნების დაუშვებლობას, მით უმეტეს, როდესაც ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამ პირებს თავიანთ ქვეყანაში დისკრიმინაციისა და სიცოცხლისათვის საფრთხის მომტანი პირობები ხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სახელმწიფო თვითონ საზღვრავს უცხოელთა შემოსვლის ან გასვლის სტანდარტებს და საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ნორმა (პოლიტიკური თავშესაფრის გარდა), რომელიც კრძალავს არასასურველი (თუ ეს დისკრიმინაციული არ არის) პიროვნებისათვის იმიგრანტის სტატუსის მინცემის აუცილებლობას, ითვლება, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ლტოლვილთა და უკეთესი ცხოვრების მაძიებელთა უკან დაბრუნება, თუ ისინი აღმოჩნდებიან გაუსაძლის სოციალურ დაეკონომიკურ პირობებში.

გაძევება (Expulsion) – სახელმწიფოს მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელის თავისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოსათვის გადაცემას. საზოგადოდ, პირი შეიძლება გაძევდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება ან მისი ყოფნა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობაც ადგენს გ-ის წესსა და პირობებს. კერძოდ, ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (1993 წელი) მიხედვით, უცხოელი მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები (იხ. ბიპატრიდი) საქართველოდან შეიძლება გაძევებულ იქნან:

ა) თუ აღარ არსებობს საქართველოში მათი შემდგომი ყოფნის საფუძველი:

ბ) თუ ისინი უკანონოსდ შემოვიდნენ ან იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე:

გ) თუ მათი ყოფნა საქართველოში ეწინააღმდეგება სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას:

დ) თუ ეს აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების და საქართველოში მყოფ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის:

ე) თუ ისინი განზრახ სისტემატურად არღვევენ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას:

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში:

კანონი ასევე ადგენს, რომ უცხოელი მოქალაქეები და საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები ვალდებულნი არიან, გ-ს შესახებ გადაწყვეტილების მათთვის გასაგებ ენაზე წარდგენის შემდეგ გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გავლენ საქართველოდან, ისინი იძულებით გაძევდებიან და გაძვდებიან ერთი წლის განმავლობაში მათზე არ გაიცემა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა და მიგრანტის ბარათი (29-ე მუხლის მე-3 პუნქტი). გადაწყვეტილება საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

კანონი ასევე ადგენს, რომ არ შეიძლება საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოდან გაძევება (31-ე მუხლი).

გაძევება მასობრივი (Mass explusion) – სახელმწიფოს მიერ თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური ჯგუფების გაძევება ტერორისა და ძალდატანების სხვა საშუალებების გამოყენებით, რაც დანაშაულია ადამიანობის წინააღმდეგ. იგივე კვალიფიკაცია მიეცემა შიდა კონფლიქტების დროს გარკვეული მოსახლეობის გაძევებას ან იძულებით გადასახლებას. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გაძევება მაოკუპრებელი სახელმწიფოს ან კონფლიქტის ზონაში დროებით გამარჯვებული სეპარატისტული ძალების მიერ, რაც განიხილება ეთნიკური წმენდის ერთ-ერთ სახედ.

ლისაბონის სამიტზე (ეუთო) სახელმწიფოებმა დაგმეს აფხაზი სეპარატისტების მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდა, ,,რომელიც გამოიხატა, ძირითადად, ქართული მოსახლეობის მასობრივი განადგურებითა და იძულებით გაძევებით,“ რის შედეგადაც დახოცილ იქნა 10000 მოსახლე, ხოლო 200000-ზე მეტი პიროვნება იძულებული გახდა ქცეულიყო ლტოლვილად და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად.

გენოციდი (Genocide)საერთაშორისო დანაშაული, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელიც განისაზღვრება კონვენციით გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი ჩადენისათვის დასჯის შესახებ (გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 9. XII. 1948. საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა 1992 წელს). გ არის ქმედება, რომლის მიზანია, მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი. გ გამოიხატება ასეთი ჯგუფის წევრთა გაჟლეტით. მათი სხეულისა თუ გონებისათვის სერიოზული ზიანის მიყენებით, განზრახ ასეთი საარსებო პირობების შექმნით, რომელთა მიზანია ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური მოსპობა შობადობის იძულებით შემცირებით, სხვა ჯგუფისათვის მათი გადაცემით. ასეთი ქმედებანი დანაშაულია საერთაშორისო სამართლის წინაშე და მის აღსაკვეთად ყველა სახელმწიფო, ერთობლივად თუ ინდივიდუალურად, უნდა იბრძოდეს. გ-ის ჩამდენ პირთა დასჯის მიზნით შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოს შექმნაც. დანაშაული შეტანილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში, სახელმწიფოების მოვალენი არიან, აქტიურად ებრძოლონ გ-ის ნებისმიერ გამოვლინებას თავისი საზღვრების შიგნით, ხოლო თუ ასეთ ქმედებას თვითონ სახელმწიფო ახორციელებს, ის საერთაშორისო დანაშაულს სჩადის და მისი ხელმძღვანელებიც ამ დანაშაულის უშუალო ჩამდენნი არიან, რის გამოც საერთაშორისო სისხლის სამართლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან.

გ-ის გამოცხადება უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად განაპირობა ჰიტლერული რეჟიმის მიერ მილიონობით ებრაელის, პოლონელის, საბჭოთა კავშირის ხალხთა წარმომადგენლის მასობრივი მოსპობის ფაქტების გამოვლენამ. ნიუნბერგის პროცესზე (1945-1946) საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის განაჩენში გ ერთ-ერთ ძირითად ბრალდებად ფიგურირებდა. მრავალი წლის განმავლობაში კონვენციის დებულებები გამოუყენებელი რჩებოდა, მაგრამ 1990-იან წლებში გ იქცა აგრესიული სეპარატიზმის ერთ-ერთ ძირითად იარაღად ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში (მაგ., ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში), ასევე მან თავი იჩინა აფრიკის ქვეყნებში (რუანდა). ამან განაპირობა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალების შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებით 1992) წელს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სერბი სეპარატისტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო, ხოლო 1993 წელს რუანდაში ერთი ეთნიკური ჯგუფის მიერ უმცირესობაში მყოფი მეორე ჯგუფის მთლიანად გაჟლეტის გამო), რომლებიც დღემდე მოქმედებენ და სჯიან დამნაშავე პირებს (იხ. ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რუანდის თაობაზე საერთაშორისო ტრიბუნალი). ბოლო წლებში გ-ის ახალი ფორმა წარმოიშვა – ეთნიკური წმენდა, რომელიც საერთაშორისო სამართალში აღიარებულია დანაშაულად ადამიანურობის წინააღმდეგ.

დამნაშავეთა გადაცემა – იხ. ექსტრადაცია (See Extradition).

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (Commonwealth of Independent States) – მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 8.XII.1991 რუსეთის ფედერაციის, ბელორუსისა და უკრაინის მიერ ქ. მინსკში (ბელორუსი) ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. იმავე წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში ხელმოწერილ იქნა ოქმი, რომლითაც სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი შეუერთდნენ ბელოვეჟის შეთანხმებას; მიღებულ იქნა, აგრეთვე, ალმა-ათის დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „დსთ არ არის არც სახელმწიფო, არც ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი“ და რომ იგი ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; რომ დსთ არც საერთაშორისო ორგანიზაციაა, იგი სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირია, რომლის ორგანოებს მაკოორდინირებელი ფუნქციები აქვთ და მათი გადაწყვეტილება სავალდებულოა მხოლოდ იმ მონაწილისათვის, რომელიც ეთანხმება მას. საქართველო დსთ-ს 9.XII.1993 შეუერთდა. ინსტიტუტების მეშვეობით, რომელთა შორის ძირითადი ორგანოებია: სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო, მთავრობათა მეთაურების საბჭო, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო, სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტი, სასაზღვრო ჯარების სარდლების საბჭო, აღმასრულებელი სამდივნო, ეკონომიკური სასამართლო, საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. ამას გარდა, დსთ-ს წესდებისა და შეთანხმების საფუძველზე დაფუძნებულია დარგობრივი თანამშრომლობის ორგანოები ეკონომიკის, სოციალურ და სხვა სფეროებში, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ხელმძღვანელები. აჟამად დსთ-ს აქვს 54 ასეთი ორგანო, რომლებიც შექმნეს სამინისტროებმა და უწყებებმა კონკრეტული პრაქტიკული მიზნებით. სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში შექმნილია 38 დარგობრივი საბჭო და კომიტეტი. საწესდებო ორგანოებსა და მათ სამუშაო აპარატში დასაქმებულია 850-ზე მეტი, ხოლო დარგობრივ ორგანოებში – 500-ზე მეტი კაცი.

სახელმწიფო მეთაურების, მთავრობათა მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების საჭიროებისა და 6 დარგობრივი ორგანოს მუშა აპარატის ფუნქციებს ასრულებდა აღმასრულებელი სამდივნო, 11 დარგობრივი ორგანოსას – სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტი, 7 დარგობრივი ორგანოსას კი – თავმჯდომარე ქვეყნების სხვადასხვა უწყებები. საწესდებო ორგანოების შექმნის დღიდან თითქმის ყველა ორგანოში თავმჯდომარეობდა რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ 1998 წლის ოქტომბერში მოსკოვის სამიტმა თანამეგობრობის მთავრობათა მეთაურების საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად რეკომენდაცია გაუწია უზბეკეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. დაარსების დღიდან დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭომ და მთავრობათა მეთაურების საბჭომ განიხილეს და მიიღეს 1000-ზე მეტი დოკუმენტი. წლების განმავლობაში დსთ-ის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობამ, განსაკუთრებით აგრესიულ სეპარატიზმთან ბრძოლის სფეროში, საფრთხის წინაშე დააყენა მისი არსებობა. დსთ-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებმა 1998 წლის კიშინიოვისა და მოსკოვის სამიტებზე მიიღეს გადაწყვეტილება – თანამეგობრობის ორგანოების ძირეული რეფორმებისა და მისი ეფექტიანობის ხარისხობრივი დონის ამაღლების მიზნით გამართულიყო სპეციალური სახელმწიფოთაშორისი ფორუმი, სადაც დაისვა ორი გლობალური საკითხი: არსებული სტრუქტურების კარდინალური რეორგანიზაცია და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა. სახელმწიფოთა მეთაურებს შესთავაზეს თანამეგობრობის ახალი მოდელი, რომელიც დსთ-ის მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტთა უმრავლესობამ მოიწონა. დსთ-ის სახელმწიფო მეთაურების საბჭომ 2.IV.1999 მიიღო გადაწყვეტილება თანამეგობრობის ორგანოების რეფორმებისა და სრულყოფის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აღმასრულებელი სამდივნო, სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი დარგობრივი ორგანოების მუშა აპარატი გარდაიქმნა დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტად, რომელიც თანამეგობრობის ერთადერთ მუდმივმოქმედ აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და მაკოორდინირებელ ორგანოდ იქცა.

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ (Crime against humanity)საერთაშორისო დანაშაულის ერთ-ერთი კატეგორიაა, რომელიც გამოიკვეთა ნიურნბერგის ტრიბუნალის (იხ. ნიურნბერგის პროცესი) წესდებით (8.VIII.1945) და შემდგომ, განსაკუთრებით სეპარატიზმის თარეშის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, აუცილებელი გახდა ამ დანაშაულთა ცალკე კატეგორიად გამოყოფა იუგოსლავიისა და რუანდის თაობაზე სამხედრო ტრიბუნალების წესდებებისა (იხ. ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი, რუანდის თაობაზე საერთაშორისო ტრიბუნალი) და თვით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსშიც. დღეისათვის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, მისი განადგურება, დამონება, დეპორტაცია, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, ადამიანთა დევნა პოლიტიკური, რელიგიური თუ რასობრივი ნიშნის მიხედვით, აგრეთვე სხვა არაადამიანური აქტები. დაწ-ს მიეკუთვნება ეთნიკური წმენდა.

დაუსწრებლად გასამართლება (Trial in absentia) – 1) სისხლის სამართლის პროცესში სასამართლოს მიერ საქმის განხილვა განსასჯელის დაუსწრებლად. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ჭეშმარიტების დადგენის და ბრალდებულისათვის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განსასჯელის პირად გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე სავალდებულოდ თვლის. დგ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს ხელს არ შეუშლის საქმის გარშემო ჭეშმარიტების დადგენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დგ-ს, თუ ბრალდებული საქართველოს ფარგლებს გარეთ არის და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ან იმ დანაშაულებისათვის, რომელთა გამო არ შეიძლება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და განსასჯელი თვითონ შუამდგომლობს საქმის დაუსწრებლად განხილვას (ასეთი შუამდგომლობა წერილობით ფორმდება, სათანადო მოტივების მითითებით). მიუხედავად ამისა, სასამართლოს უფლება აქვს, ამ შემთხვევაშიც მოითხოვოს განსასჯელის სავალდებულო გამოცხადება. გამამართლებელი მიზეზების გარეშე სასამართლოზე გამოუცხადებლობისათვის სასამართლოს შეუძლია, განსასჯელის იძულებით მოყვანა ან აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა განახორციელოს. განსასჯელის გარეშე სასამართლოს ჩატარება შესაძლებელია მაშინაც, თუ იგი გაძევებულია სხდომის დარბაზიდან მოსამართლის გაფრთხილების შემდეგ წესრიგის დაუცველობისათვის, ან მოსამართლის განკარგულების შეუსრულებლობისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში განაჩენი განსასჯელის თანდასწრებით ცხადდება.

2) სამოქალაქო პროცესში საქმის დაუსწრებლა განხილვა მოსარჩელესა და მოპასუხის გარეშე, ან ორივეს ერთად გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაშვებია, თუ მოსარჩელემ ან მოპასუხემ, ან ორივემ ერთად განაცხადეს თანხმობა საქმის მათ გარეშე განხილვაზე.

საქმის დაუსწრებლი განხილვა კანონით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში კანონის მნიშვნელოვან დარღვევად ითვლება და აუცილებლად იწვევს განაჩენის ან გადაწყვეტილების გაუქმებას.

დაქირავებული პირები (მეომრები) (Mercenaries) – თანამედროვე საერთაშორისო სამართალი დპ-ში გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც: ა) სპეციალურად არის მოხმობილი, რათა ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ ებრძოლოს დამქირავებლის მოწინააღმდეგე მხარეს შეიარაღებულ კონფლიქტში; ბ) უშუალოდ მონაწილეობს შეიარაღებულ მოქმედებებში; გ) მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში და ძირითადად ამოძრავებს ერთადერთი სურვილი – მიიღოს პირადი მოგება. მას კონფლიქტში მყოფი დამქირავებელი მხარე უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით ჰპირდება მატერიალურ ანაზღაურებას, რომელიც ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი იმავე რანგისა და ფუნქციების კომბატანტისათვის განკუთვნილ ანაზღაურებას ბევრად აღემატება; დ) არ არის კონფლიქტში მყოფი დამქირავებელი მხარის არც მოქალაქე და არც ამ მხარის კონტროლქვეს მყოფ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები; ე) არ შედის კონფლიქტში მყოფი დამქირავებელი მხარის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში; ვ) არ არის გაგზავნილი ოფიციალურ ვალდებულებათა შესასრულებლად იმ ქვეყნის მიერ, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობს თავისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირის სახით.

დამქირავებლებს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ კომბატანტების ან სამხედრო ტყვის სტატუსს. ამ კატეგორიის მეომართა სტატუსის განსაზღვრის ცდები თავს იჩენს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით 50-60-იანი წლებიდან, როდესაც ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ახალ საფეხურს მიაღწია – დაიწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა. ამას როგორც ყოფილმა მეტროპოლიებმა, ისე ხელისუფლებისათვის მებრძოლმა ადგილობრივმა ჯგუფებმა დაუპირისპირეს დაქირავებულ პირთა შეიარაღებული ფორმირებები. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ მიმართა ყველა სახელმწიფოს, თავიანთ ტერიტორიაზე არ დაეშვათ დაქირავებულთა დაბანაკება, მომზადება და ეკიპირება; გამოცხადდა, რომ დაქირავებულთა გამოყენება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ხალხთა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არის სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო თვით ეს პირები დამნაშავეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან (1968 წ.).

გაეროს 1970 წლის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა) სპეციალურად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არარეგულარული ძალებისა თუ შეიარაღებული ბანდების, მათ შორის დაქირავებულთა, შეჭრის ორგანიზებისა და წახალისებისაგან. 1973 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო სპეციალური რეზოლუცია – „კოლონიალიზმისა და უცხოელთა ბატონობის და რასისტული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლს კომბატანტთა სამართლებრივი რეჟიმის ძირითადი პრინციპები“, რომლის მიხედვით, ამ მებრძოლთა წინააღმდეგ დაქირავებულთა გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „აგრესიის განსაზღვრების შესახებ“ (1974 წ.) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების ჯგუფებს, არარეგულარული ძალებისა და დაქირავებულთა შეგზავნას მეორე სახელმწიფოში, რომლის წინააღმდეგ ისინი შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ, აგრესიის ერთ-ერთ ნაირსახეობად მიიჩნევს. მსგავსი დოკუმენტები შეიმუშავა და მიიღო აფრიკული კავშირის ორგანიზაციამ 1971 და 1972 წლებში. 1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია „დაქირავებულთა შეკრების, გამოყენების, დაფინანსებისა და სწავლების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. ჟენევის 1949 წლის კონვენციებმა და 1977 წლის დამატებითმა ოქმებმა ომის მსხვერპლთა შესახებ შეაჯამა არსებული სამართლებრივი პრაქტიკა.

ამრიგად, საერთაშორისო სამართლის ნორმები აშკარად მოწმობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დროს რუსეთისა თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეები (ჩეჩნები, ადიღეელები, კაზაკები, სირიელები და სხვ.), რომლებიც სეპარატისტულ ხელისუფლათ ჰყავდათ დაქირავებული, კომბატანტებად ვერასგზით ვერ ჩაითვლებიან, ისინი ბანდიტთა ფორმირებებად უნდა იქნენ მიჩნეულნი. იგივე ითქმის ე.წ. „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ მიერ შემოგზავნილ მოხალისეებზე“, რომლებიც ძირითადად დაქირავებული მეომრები იყვნენ. მიუხედავად ამისა, საქართველო ჰუმანურად ეპყრობოდა ტყვედ ჩავარდნილ თვით ამ დამქირავებლებსაც, ავრცელებდა მათზე საერთაშორისო სამართლის ნორმებს. აფხაზი სეპარატისტები კი ქართველი მოსახლეობის მიმართ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკას ახორციელებდნენ, რაც მშვიდობისა და კაცობრიობის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად არის აღიარებული ეუთოს, ევროპის საბჭოს და მთლიანად სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. არ შეიძლება გამოირიცხოს რუსეთის მთავრობის პასუხისმგებლობა მის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ბანდების, არარეგულარული ჯარების თუ დაქირავებულთა მომზადებისა საქართველოში (აფხაზეთში) შემოგზავნის გამო. რუსეთის ფედერაცია ვალდებული იყო, არ დაეშვა ასეთი ბანდების შექმნა და, მით უმეტეს, საქართველოში მათი გადმოსვლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლველად.

დასაშვებობა საჩივრის, განაცხადის (Admissibility of communications)ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების მიერ საჩივარი (განაცხადი) განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს კონკრეტულ კრიტერიუმებს. ამ პროცედურის განაცხადის დასაშვებობა ეწოდება. დაცულ უნდა იქნეს ყველა ის კრიტერიუმი, რომლებიც განაცხადთა დასაშვებობას წაეყენება.

როგორც წესი, დასაშვებობის დადგენისას არსებითი კრიტერიუმია: საგნობრივი კომპეტენცია (Ratione Materiae) – აღინიშნა თუ არა იმ საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტით გამოცხადებულ უფლებათა დარღვევა, რომლითაც არის შექმნილი აღნიშნული მექანიზმი (მაგალითად: ევროპული სასამართლო, შექმნილი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიერ; ადამიანის უფლებათა კომიტეტი, შექმნილი საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ).

ტერიტორიული იურისდიქცია (Ratione loci) ნიშნავს, რომ სახელმწიფო (ხელშემკვრელი მხარე) თავისი ტერიტორიის ფარგლებში და მის იურისდიქციაში მყოფ ყველა პირს უზრუნველყოფს მოცემული დოკუმენტით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ ფიზიკური პირების წრე ძალზე ფართოა, ვინაიდან არ არსებობს შემზღუდველი გარემოებანი, როგორებიცაა: ასაკი, მოქალაქეობა, ქმედუნარიანობა; არ არის აუცილებელი, დადგინდეს სტაბილური სამართლებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსა და პირს შორის, ისეთი, როგორიცაა „ბინადრობა“ ან „საცხოვრებელი ადგილი“. განმცხადებელი შეიძლება იყოს არა წევრსახელმწიფოს მოქალაქე, თუ იგი დავობს წევრი სახელმწიფოს შეეძლოს გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება ფიზიკური პირის მიმართ;

დროის ფაქტორი (Ratione temporis) – ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებში შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ დარღვევის ის ფაქტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდა. ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს არ შეუძლიათ, კონვენციის ნორმებს უკუქცევიი ძალა მიანიჭონ. როგორც წესი, საერთაშორისო ხელშეკრულებას უკუქცევითი ძალა არ ენიჭება. „საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია ადგენს: „თუ ხელშეკრულება რაიმე სხვა განზრახვას ცხადყოფს, ან განსაზღვრა სხვაგვარად არ არის დადგენილი, მაშინ ხელშეკრულების დებულებები სავალდებულო არ არის ხელშეკრულების მონაწილეთათვის ნებისმიერი მოქმედების ან ფაქტის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე“ (დებულება, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებას უკუქცევითი ძალა არა აქვს, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია). საყოველთაოობაზე მიგვითითებს ის გარემოებაც, რომ არ არის სავალდებულო, ხელშეკრულებაში კონკრეტულად იყოს მითითებული დებულება უკუქცევითი ძალის გავრცელებაზე. (Ratione temporis) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის რატიფიცირების პირველ წლებში.

ადგილობრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა. (ყველა ხელმისაწვდომ შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ამოწურვის მოთხოვნა) – საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (1966 წელი) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950 წელი) დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმად ადგენს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თანახმად, ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოწურვის მოთხოვნას. მართალია, არც ერთ ამ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება შიდასახელმწიფოებრივ საშუალებათა ცნებაში, მაგრამ პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს არის არა სახელმწიფოში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა მექანიზმი (მაგალითად ომბუდსმენი), არამედ სასამართლო ორგანოები.

პრაქტიკაში როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე ევროპული სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისას განსაზღვრავს, ამოწურულია თუ არა განმცხადებლის მიერ შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალება. კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო არ გახდეს, მიემართოს ყველა სასამართლო ინსტანციას.

მართალია, სამართლებრივი დაცვის საშუალებათა სისტემა არ არის ერთგვაროვანი ხელშემკვრელ სახელმწიფოებში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს არის სასამართლო სამსაფეხურიანი სისტემა: პირველი, სააპელაციო და უმაღლესი ინსტანციები.

სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვის საერთო მოთხოვნიდან არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, განმცხადებელს არ მოეთხოვება სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვა, თუ მან დაამტკიცა, რომ ეროვნული სასამართლოსადმი მიმართვა აზრს მოკლებულია, გამომდინარე სახელმწიფოში არსებული პრაქტიკიდან, ან თუ საქმის განხილვა გაუმართლებელი ვადით ჭიანურდება.

პირს მოეთხოვება იმ სამართლებრივი საშუალებების ამოწურვა, რომლებზეც ეროვნული კანონმდებლობით მას უფლება, და არა პრივილეგია, აქვს. პირი ვალდებული არ არის, მიმართოს ცალკეულ სპეციალურ ორგანოებსა თუ სამსახურებს, რომელთა კომპეტენციაში ადამიანის უფლებათა დაცვა შედის (მაგ., ომბუდსმენის სამსახური ან საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და სხვ.).

მტკიცების ტვირთი, თუ რა შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი არსებობს ეროვნულ სისტემაში, რომელთა ამოწურვაც განმცხადებელს ევალება, სახელმწიფოს აწევს. შესაბამისად, სახელმწიფომ შეიძლება დააყენოს საკითხი, რომ პირს არ ამოუწურავს დაცვის ყველა შიდასახელმწიოებრივი საშუალება.

დასაშვებობის სხვა კრიტერიუმები – არსებობს დასაშვებობის კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი. ისინი ითვალისწინებენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანო არ მიიღებს ინდივიდუალურ განაცხადებს, თუ: ა) იგი არის ანონიმური; ბ) არსებითად იგივე საკითხია, რომელიც უკვე განხილულ იქნა სასამართლოს მიერ, ან გადაეცა საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა პროცედურას და არ შეიცავს რაიმე ახალ ინფორმაციას; გ) მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებაა. დაუშვებლად გამოცხადდება აგრეთვე ინდივიდუალური განცხადება, თუკი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანო მიიჩნევს, რომ განაცხადება, თუკი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანო მიიჩნევს, რომ განაცხადი შეუთავსებელია დოკუმენტის დებულებებთან (მაგალითად, განმცხადებელი მოითხოვს ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას), აშკარად დაუსაბუთებელია. მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს, რომ განმცხადებელი აშკარად ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ ან თავს არიდებს სასამართლოსთან თანამშრომლობას და არ პასუხობს განცხადებასთან დაკავშირებულ სასამართლოს მოთხოვნებს.

ექვსთვიანი ვადის მოთხოვნა – ეს კრიტერიუმი მხოლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვისას მოქმედებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს დასაშვებობის კიდევ ერთ კრიტერიუმს – ექვსთვიან ვადას, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა სამართალდარღვევის ჩადენის თარიღს, არამედ შიდასახელმწიფოერივი ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დღეს (მაგ., განმცხადებელი ამტკიცებს, რომ უკანონოდ ჩხრეკა. მნიშვნელობა ენიჭება არა ჩხრეკის ჩატარების თარიღს, არამედ იმ თარიღს, როდესაც დაზარალებული ამოწურავს შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალებას).

ზოგჯერ არ ემთხვევა ერთმანეთს ეროვნული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და თარიღი, როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებლისათვის ცნობლილი გახდა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელობა ენიჭება იმ თარიღს, როდესაც განმცხადებელმა შეიტყო გადაწყვეტილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ექვსი თვის ვადის ათვლა სწორედ ამ დღიდან იწყება.

დეკლარაცია (Declaration) – 1) ორი ან რამდენიმე სახელმწიფო განცხადება, რომელიც სახავს მხარეთა საგარეო პოლიტიკის გარკვეულ გეზს ან გამოხატავს მათ შეხედულებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროში; 2) ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო პოლიტიკური აქტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია მხარეთა პოლიტიკური ვალდებულებანი, საერთაშორისო ვიტარების ერთობლივი ხედვა, სასურველი საერთაშორისოსამართლებრივი პრინციპების ნუსხა და სხვ.; 3) ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი აქტი, რომლითაც სახელმწიფოები ცნობენ ამა თუ იმ ქცევის წესის იურიდიულად სავალდებულო ძალას (მაგ.: ეუთოს 1975 წლის დასკვნით აქტში არსებული დეკლარაცია, სახელმწიფოს ცალმხრივი აქტი ნეიტრალიტეტის შესახებ და სხვ.).

დეკლარაცია იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ თუ ეთნიკურ, რელიგიურ თუ ენობრივ უმცირესობებს (declaration on the Rights of Persons Belonging to National or Ethnic, Religios or Linguistic Minorities) – იხ. ეროვნული უმცირესობანი (see. National Minorities)

დეპორტაცია (Deportation) – პირის იძულებითი გასახლება, გაძევება სხვა სახელმწიფოში. იგი ძირიტადად გამოიყენება უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე (იხ. აპარტიდი) პირთა მიმართ, რომლებმაც უკანონოდ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა ბოლო წლებში დ-ს არცთუ იშვიათად ფართო მასშტაბით და აშკარად დანაშაულებრივად იყენებდნენ და იყენებენ ზოგიერთი სახელმწიფოს ტოტალიტარული რეჟიმები, მეტადრე კი აგრესიული სეპარატისტები, რომლებიც არაერთი რეგიონიდან დიდძალი მოსახლეობა გამოაძევეს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით (იხ. გენოციდი, ეთნიკური წმენდა).

დიპლომატიური დაცვა (Diplomatic protection) – ქმედება, რომელსაც დიპლომატიური არხების მეშვეობით სახელმწიფო ახორციელებს თავის მოქალაქეთა დასაცავად უცხო სახელმწიფოს მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჩვეულებრივ, დდ ხორციელდება მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დამრღვევი უცხო სახელმწიფოს მიმართ პროტესტის გამოთქმით, რომელშიც სახელმწიფო მოითხოვს, აუნაზრაურონ მის მოქალაქეს მიყენებული ზარალი და აღუდგინინ დარღვეული უფლებები. ამჟამად გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისია სპეციალურად განიხილავს დდ-ის საკითხს.

დისკრიმინაცია (Discrimination)ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა სოციალური, რასობრივი, ეროვნული (იხ. ეროვნული წარმომავლობა), ენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით. დ გვევლინება ინდივიდთა თანასწორობის უარყოფად და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს (იხ. კანონის უზენაესობა) ძირითად პრინციპებთან (იხ.: ადამიანის უფლებათა საყოველტაო დეკლარაცია (1948); საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებატა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ; ევროპული კონვენცია (1950) ადამიანის უფლებათა და ძირიტად თავისუფლებათა დაცვის შესახებ. (იხ აგრეთვე: კონვენცია (1969) რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრის შესახებ; 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია დანაშაულებრივი აპარტეიდის აღმოფხვრისა და დასჯის შესახებ, 1978 წლის დეკლარაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების გაძლიერების, ადამიანთა უფლებების განვითარების, რასიზმთან, აპარტეიდთან და ომის წაქეზებასთან ბრძოლის შესახებ; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1958 წლის კონვენცია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ. იუნესკოს 1960 წლის კონვენცია განათლების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ და სხვა საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც კრძალავენ დ-ის ყველა ფორმას). საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, (მე-14 მუხ.), „ყველა ადამიანი დაბადებით და კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.

ევთანაზია (Euthanasia) – ბერძნ. eut – ტკბილი, უშფოთველი, thanatos – სიკვდილი) უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით. მედიცინასა და სამართალში ერთმანეთისაგან განარჩევენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას. აქტიური ევთანაზიის დროს ხდება ავადმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობა მოწყალების საბაბით, სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ აქტიური მოქმედებების შესრულებით (მაგალითად, მომაკვდინებელი ინექციის შეყვანით, წამლის დიდი დოზის მიცემით და სხვა); პასიური ევთანაზია ნიშნავს, სამედიცინო მუშაკის ან სხვა პირის მიერ შეზღუდული ან რთული მეთოდებით ორგანიზებული მკურნალობის შეწყვეტას მოწყალების საბაბით, რომელიც იწვევს ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს. ევთანაზიის საკითხი უკავშირდება სიცოცხლის უფლებასა და სიცოცხლის დასრულების უფლებას (სიცოცხლის ღირსეულად დასრულების უფლებას). მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გარდა ნიდერლანდებისა და ბელგიისა, ევთანაზიის აქტი აკრძალულია. ევთანაზია (აქტიური და პასიური ფორმები) აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით: ,,მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან განთავისუფლების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მული); ,,სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება“ (საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის ჯანდაცვის შესახებ კანონის 151-ე მუხლი). ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ევთანაზიის დაშვება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის (საქმე სიცოცხლის უფლების დარღვევას ეხებოდა) სტრასბურგის სასამართლომ ევთანაზიის ფაქტი სიცოცხლის ხელყოფად აღიარა.

ევროკავშირი (EU) – ევროპის კავშირი (გაერთიანება), რომელიც შედგება სამი ორგანიზაციისაგან, ესენია: ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის კომისია (ევრატომი). 1975 წელს რომის ხელშეკრულებით შეიქმნა ,,ევროპის გაერთანება,“ რომელშიც სამივე ორგანიზაცია ავტონომიურობით სარგებლობდა, ხოლო 1967 წლიდან ,,ხელშეკრულებით შერწყმის შესახებ“ შეიქმნა ევროპის გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოების ერთიანი სისტემა. მომდევნო წლებში ეს ერთიანობა უფრო გაძლიერდა. ქ. მაასტრიხტში (ნიდერლანდები) 11.XII.1991 დაიდო ,,ხელშეკრულება პოლიტიკური კავშირის შესახებ,“ რომელიც აძლიერებს ე-ის საქმიანობას საერთაშორისო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების სფეროში. ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1993 წელს, 1997 წლის ივნისში ხელი მოეწერა მაასტრიხტის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან შესწორებას, რამაც საგრძნობლად გააძლიერა ე-ის ერთიანობა საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში, ახლებურად განსაზღვრა მისი სამხედრო პოტენციალის განვითარების გზები, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ფორმები (იხ. დასავლეთი ევროპის კავშირი). ამ გადაწყვეტილებებით ევროპული საბჭოს გენერალური მდივანი იქცა საერთო საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის უზენაეს წარმომადგენლად. მაასტრიხტის შემდეგ ევროგაერთიანება ევროპის კავშირის სახით გვევლინება.

ამჟამად გაერთიანების ძირითადი ორგანოებია:

1 კომისია – იგი შეიმუშავებს ე-ის ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. კომისია არის კანონმდებლობის მთავარი ინიციატორი, თუმცა კანონმდებლობაში უფლებამოსილების მქონეა ევროპარლამენტი და ე-ის მინისტრთა საბჭო, აგრეთვა ამ კავშირის წევრი ცალკეული სახლემწიფოები. თავისი აღმასრულებელი ფუნქციების შესაბამისად, კომისია კონტროლს უწევს ქვანახშირისა და ფოლადის ფასებს, ებრძვის მონოპოლიზმსა და ისეთ სუბსიდირებას, რომელიც ზიანს აყენებს კონკურენციას. გარდა ამისა, იგი თვალყურს ადევნებს ბირთვულ (ენერგეტიკულ) დანადგარებს და სხვ. კომისია დგას ე-ის კანონმდებლობის სადარაჯოზე: იგი იძიებს კავშირს წევრი სახელმწიფოებისა თუ ცალკეული კომპანიების მიერ გაერთიანების კანონების დარღვევის შემთხვევებს, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში აჯარიმებს დამრღვევ მხარეს ან საქმეს სასამართლოს გადასცემს. კომისია შედგება 20 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავენ 5 წლის ვადით და რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მოქმედების სრულ თავისუფლებას ინარჩუნებენ, ხოლო სახელმწიფოსთან მათი დამოკიდებულება წყდება. კომისიის წევრები კურირებენ ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროებს, როგორებიცაა: საგარეო ეკონომიკური კავშირები, ეკონომიკა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა და სხვა. გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივად – კონსენსუსით, ზოგჯერ კი ხმათა უმრავლესობით. კომისიისაგან უნდა განვასხვაოთ ადმინისტრაციული სამსახურები, რომლებიც უწევენ ხელმძღვანელობას კომისიის მიერ დასახულ ღონისძიებებს. ამ სამსახურში შედიან: გენერალური მდივანი, იურიდიული სამსახური, თარგმანის ბიურო,, სხვა ცენტრალიზებული სამსახურები, აგრეთე 23 გენერალური დეპარტამენტი თავიანთი გენერალური დირექტორების მეთაურობით. თუ კომისიის წევრები პროფესიანოლი პოლიტიკოსები არიან, ადმინისტრაციული სამსახურის მთელი სისტემა შედგება სპეციალისტ პროფესიონალებისაგან, რომლებიც პოლიტიკაში ჩაურევლად უნდა ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას.

  1. ევროპარლამენტი – იგი კავშირის საკანონმდებლო ორგანოა. პირველ ხანებში მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქციით სარგებლობდა. დღეს მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკანონმდებლო საქმიანობაში. კომისიასთან ერთად 626 წევრისაგან შემდგარ ამ პარლამენტს ირჩევენ ე-ის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული პირდაპირი არჩევნებით 5 წლის ვადით. ევროპარლამენტის კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) ბიუჯეტის მიღება: ბ) დადგენილებების, დირექტივებისა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა. საქმე ისაა, რომ კომისია საკანონმდებლო აქტს ერთდროულად წარუდგენს როგორც პარლამენტს, ასევე მინისტრთა საბჭოს. თუ ამ ორგანოების პოზიციები განსხვავდება, კანონპროექტი ხელმეორედ განიხილება. მინისტრთა საბჭოს უფლება აქვს უარყოს პარლამენტის გადაწყვეტილება მხოლოდ თავისი წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რასაც მხარი უნდა დაუჭიროს კომისიამ: გ) კონტროლი კომისიის საქმიანობის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია, ხმათა ორი მესამედით კომისიას უნდობლობა გამოუცხადოს; დ) პოლიტიკური ფორუმების მოწვევა: ე) პარლამენტს უფლება მიეცა, მიიღოს პეტიციები კავშირის მოქალაქეებისაგან. ამ პეტიციების განხილვისათვის დაინიშნა ომბუდსმენი.
  2. მინისტრთა საბჭო – იგი ე-ის ღონისძიებათა ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებათა მიღების ორგანოა, რომელსაც ასევე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის კანონების მიღებისას. თავის მხრივ, შედგება რამდენიმე საბჭოსაგან, რომლებიც არეთანებენ ე-ის წევრ სახელმწიფოთა ამა თუ იმ დარგის მინისტრებს დღის წესრიგის შინაარსის მიხედვით, მაგალითად: სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსებისა და ა.შ. მათგან ორ საბჭოს აქვს განსაკუთრებული სტატუსი, ესენია: ა) საერთო საკითხების საბჭო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან შედგება და საკოორდინაციო ფუნქციას ასრულებს: ბ) ევროპის საბჭო, რომელიც თავისი წევრი ქვეყნების სახელმწიფოების მეთაურებს აერთიანებს. იგი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ყველაზე მნიშვნელოვან ზოგადპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს. მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებს ამზადებს გენერალური სამდივნო, რომელშიც 2200 თანამშრომელი მუშაობს. მრავალი სამუშაო ჯგუფი და კომისია საქმიანი სჯა-ბაასის ასპარეზია, სადაც მ-ის წევრ სახელმწიფოთა მოხელეები და ევროპის გაერთიანების კომისიის წევრები გულდასმით იხილავენ გადაწყვეტილებათა პროექტებს. ამ სისტემის სათავეში დგას მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი, რომელიც შედგება კავშირის წევრ სახელმწიფოთა მიერ წარგზავნილი ელჩებისაგან – მინისტრებისაგან. კომიტეტს ეკისრება მინისტრთა საბჭოს სხდომაბისათვის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია. მინისტრთა საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით; ერთხმივობა საჭიროა მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, როგორებიცაა: გადასახადები, შრომითი კანონმდებლობა, იმიგრაცია, კანონის დაცვა, პოლიტიკა, საგარეო თავდაცვა. ყოველი ქვეყნის ხვედრითი წილი განისაზღვრება მისი ეკონომიკის პოტენციალით, იგი ვარირებს 10-დან (დფრ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია) 2-მდე (ლუქსემბურგი).

მხარეთა დავების განსახილველად შექმნილია ევროპის გაერთიანებათა სასამართლო, შექმნილია აგრეთვე აუდიტორთა კომიტეტი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კომიტეტი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ევროპის კავშირის სამართალშემოქმედება ხორციელდება რამდენიმე სახის აქტით, ესენია: ა) დადგენილებანი – საერთო გამოყენების ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც მოქმედებენ მ-ის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; ბ) დირექტივები – ისინი სავალდებულოა მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტაში. ასეთი აქტები მოითხოვენ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამის კორექტირებას; გ) გადაწყვეტილებანი – ისინი ეხებიან ცალკეულ სადავო საკითხებს და სავალდებულოა იმ ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომელთა საქმის გამოც იქნენ მიღებული; დ) რეკომენდაციები და შეხედულებანი – ეს ისეთი აქტებია, რომლებსაც ოფიციალურად იურიდიული ძალა არა აქვთ, მაგრამ დიდი ყურადღებას მოითხოვენ, რადგან ისინი ე-ის აზრს გამოხატავენ.

დღემდე ე ძირითადად ეკონომიკური, ფინანსური, სავჭრო და სოციალურ-ჰუმანიტარული საკითხების ერთობლივ რეგულირებას ახდენდა. იგი უპირველეს მიზნად ისახავდა, შექმნილიყო ერთიანი ეკონომიკური არე, რომლის ფარგლებში არ იარსებებდა არც საზღვრები, არც რაიმე შეზღუდვა საქონლის, კაპიტალისა და მოქალაქეთა გადაადგილებისათვის. 1990 წლის ივნისიდან დაიწყო მ-ის საქმიანობის პირველი ეტაპი – სავალუტო-საფინანსო და ეკონომიკური კავშირის შექმნა. თავდაპირველად ამ კავშირში შევიდა 8 სახელმწიფო – დიდი ბრიტანეთი, დანია საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი. 1992 წელს მას შეუერთდა საბერძნეთი, ირლანდია, პორტუგალია და ესპანეთი. 2002 წლის იანვრიდან ბრუნვაში შემოვიდა ,,ევრო“ – ერთიანი სავალუტო ერთეული.

აღსანიაშნავია, ე. წ. ,,შენგენის სივრცის“ შექმნა. ამის შესახებ ქ. შენგენში (ლუქსემბურგი) 1.IV.1990 დაიდო კონვენცია, რომლითაც გაუქმდა კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის საბაჟო კონტროლი. სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შენგენის ვიზა აქვს, ევროპის ქვეყნებში მიმოსვლის გაადვილებული წესით სარგებლობს.

ბოლო წლებში ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. 2000 წლის დეკემბერში ნიცაში (საფრანგეთი) მიღებულ იქნა ,,ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია,“ რომელიც მომავალი ევროპული კონსტიტუციის ერთ-ერთი (მეორე) თავით მოიაზრება და ძალაში შევა კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ. მაგრამ მასში საკმაოდ დეტალურად ჩამოთვლილი ადამინის უფლებები და თავისუფლებები გამოცხადებულია ევროპის სამართლის ზოგად საერთო პრინციპებად, რომლებიც ბატონობენ ევროპის ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში, ევროკავშირს ორგანოების ან სახელმწიფოების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის გამო. აღნიშნავე ევროპული სასამართლოსა და გაერთიანებათა სასამართლოს კომპეტენციების შეჯახების შესაძლებლობას და მათი გამიჯვნის უფრო ზუსტად განსაზღვრის აუცილებლობას.

ე საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობის მქონე გაერთიანებაა. იგი აღიარებულია დამოუკიდებელ სუბიექტად, რომელსაც უფლება აქვს, დადოს ხელშეკრულება როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ცალკეულ სახელმწიფოებთან. უკვე დადებულია ხელშეკრულებები ასზე მეტ სახელმწიფოსთან. ეს არ გამორიცხავს ე-ის წევრი ქვეყნების უფლებას, დამოუკიდებლად დადონ საერთაშორისო ხელშეკრულებები. მაგრამ თუ მოცემულ სფეროს ე-ის მიერ უკვე დადებული ხელშეკრულება არეგულირებს, კავშირის წევრ ქვეყანას არა აქვს უფლება დაარღვიოს ამ ხელსეკრულებით დადგენილი პირობები.

1996 წელს დაიდო საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ევროკომისია (European Commission) – იხ. ევროკავშირი.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (Organisation for Security and Cooperation in Europe) – იხ. ეუთო.

ევროპის გაერთიანებათა სასამართლო (European Communities Court of Justice)ევროკავშირში მოქმედი ორგანო, რომელიც შედგება 13 მოსამართლისა და 6 გენერალური ადვოკატისაგან; მათ ნიშნავე 6 წლის ვადით ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობით. სასამართლოს ევალება ევროკავშირის სივრცეში შემავალ ყველა ქვეყანაში კანონის ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა ისეთ საკითხებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით, როგორიცაა: ა) დავები ევროკავშირის კომისიასა და კავშირის წევრ სახელმწიფოს შორის: ბ) დავები კავშირის წევრ სახელმწიფოთა შორის; გ) კავშირის წინააღმდეგ მიმართული აქტები; დ) კავშირის წევრ სახელმწიფოთა სასამართლოების მიერ გადმოცემული საკითხები ევროპის კანონმდებლობის ინტერპრეტაციის შესახებ. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს შორის კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ევროპის სასამართლოს აქტს. სასამართლო ხელმძღვანელობს ცალკეულ გადაწყვეტილებათა (პარიზის 1951 წლის და რომის 1957 წლის) ხელშეკრულებებისა და სხვა დამატებითი აქტების დებულებებით. ამ მხრივ დიდი როლი ენიჭება ევროკავშირის სასამართლოს, რომელიც ამოწმებს კავშირის წევრ სახელმწიფოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობას ევროკავშირის დამფუძნებელ და სხვა საკანონმდებლო აქტებთან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლო კონტროლს უწევს, თუ რამდენად შეესაბამება თვით კავშირის გადაწყვეტილებები და ღონისძიებები დამფუძნებელ ხელშეკრულებას. ევროკავშირის მიერ მიღებულ აქტებს ეროვნული სასამართლოები უშუალოდ იყენებენ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ.

ნიცაში მიღებული ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია აფართოვებს სასამართლოს კომპეტენციას (იხ. ევროკავშირი).

ევროპის კავშირი (European Union) – იხ. ევროკავშირი.

ევროპის კავშირის 2001 წლის ჩარჩო გადაწყვეტილება დანაშაულის მსხვერპლთა პროცესუალური უფლებაუნარიანობის შესახებ (Eurpean Union Framework Decision on Standing Victims in Criminal Proceeding) – ყოველი წევრი სახელმწიფო ვალდებულია, შემოიღოს თავის ქვეყანაში სისხლის საქმეთა წარმოებაში დაზარალებულთა უფლებებისა და ინტერესების დამცველი კანონები, დებულებები და ადმინისტრაციულიწესები. ამ შეთანხმების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, მსჯავრდებულის მსგავსად მონაწილეობა მიიღონ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში (მე-5 მუხლი), აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს ხარჯზე მიიღონ იურისტის კონსულტაციები (მე-6 მუხლი). აღნიშნულ დოკუმენტში დაზარალებული განისაზღვრება როგორც პირი, რომელმაც სახელმწიფოში მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიიღო ფიზიკური ან მორალური ზიანი. ხელშეკრულების თანახმად, დაცული უნდა იქნეს დაზარალებულის უფლებები. ღირსება და ინტერესები სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში. ისინი მოსმენილნი უნდა იქნენ სასამართლოში და მათ უნდა წარუდგინონ მტკიცებულებები (მე-2 და მე-3 მუხლები); მიიღონ სრული ინფორმაცია, მათ შორის იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების შესახებ, ასევე საშიშ დამნაშავეთა გათავისუფლების შესახებ (მე4 მუხლი), მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვის უფლება, უფლება – მოითხოვონ კომპენსაცია სამართალდამრღვევისაგან, თუკი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შეთანხმების თანახმად, პოლიციის მუშაკები და იურისტები უნდა გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას დაზარალებულებთან კონტაქტის მიზნით.

ევროპის საბჭო (Council of Europe) – შეიქმნა 5.V.1949 ქ. ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს (ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ამ ორგანიზაციის წესდების ხელმოწერის შედეგად. 1949-70 წლებში ორგანიზაციაში გაწევრიანდა დასავლეთ ევროპის კიდევ 8 სახელმწიფო. 1990 წლამდე ეს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებად რჩებოდა. 1989 წელს მან შემოიღო ქვეყნებისათვის სპეციალური სტუმრის სტატუსის მინიჭების ინსტიტუტი, როთაც ხელი შეუწყო ამ ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარებას. პოსტკომუნისტურ სივრცეში განვითარებულმა პროცესებმა ეს-ს წევრთა შემადგენლობაზეც იქონია გავლენა. ქ. ვენაში 8-9.X. 1993 ჩატარდა ეს-ს წევრი სახელმწიფოების სამიტი, სადაც ოფიციალურად დადასტურდა ამ ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა: მასში გაწევრიანდა ყოფილი სოციალისტური ბანაკის მრავალი სახელმწიფო.

დღეისთვის დამფუძნებელი 10 სახელმწიფოს გარდა, საბჭოს წევრია კიდევ 36 სახელმწიფო: თურქეთი, საბერძნეთი (1949), გერმანია, ისლანდია (1950), ავსტრია (1956), კვიპროსი (1961), შვეიცარია (1963), მალტა (1965), პორტუგალია (1976), ესპანეთი (1977), ლიხტენშტაინი (1978), სან-მარინო (1988), ფინეთი (1989), უნგრეთი (1980), პოლონეთი (1991), ბულგარეთი (1992), ესტონეთი, ლიტვა რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი (1993), ანდორა (1994), ალბანეთი, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, უკრაინა (1995), რუსეთი, ხორვატია (1996), საქართველო (1999), აზერბაიჯანი და სომხეთი (2001), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2002), სერბია და მონტენეგრო (2004), მონაკო (2004), ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ეს-ს წევრი. თუ საბჭო დარწმუნდება, რომ ამ სახელმწიფოში დაცულია სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

ეს – არის საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია (იხ. საერთაშორისო ორგანიზაციები), რომლის მიზანია: ადამიანის უფლებათა, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა: ევროპული კულტურის თვითმყოფადობის აღქმისა და განვითარებისათის ხელშეწყობა: ევროპის თანამეგობრობის წინაშე მგდგარი პრობლემების (ეროვნული უმცირესობის დაცვა, ბრძოლა ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, გარემოს დაუცველობის, ადამიანის კლონირების, შიდსის, ორგანიზაბული დანაშაულის წინააღმდეგ და ა. შ.) გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიება; პოლიტიკური, საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის გზით ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება. ეს განიხილავს ევროპის თანამეგობრობის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხს, გარდა თავდაცვის საკითხებისა. მისი მოქმედების პროგრამა მოიცავს ისეთ ძირითად სფეროებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლებრივ დარგში, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია, და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონალური დაგეგმარება.

ეს-ს ორგანოებია:

  1. მინისტრთა კომიტეტი – ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც შედგება ამ ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან (ან მუდმივი წარმომადგენლებისაგან) ევროპის საბჭოში. კომიტეტი იხილავს და ამტკიცებს ბიუჯეტს, გამოაქვს გადაწყვეტილება ახალი წევრების მიღების შესახებ, განსაზღვრავს ორგანიზაციის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს:
  2. საპარლამენტი ასამბლეა – ევროპული პარლამენტების წევრთა ფორუმი, რომელიც იხილავს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო საკითხებს.ეს-ს წევრ ყველა სახელმწიფოს საპარლამენტო ასამბლეაში ჰყავს ეროვნულ პარლამენტში მყოფი ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და მეგობრობათა წარმომადგენლები (ამჟამად დაახლოებით 600 დეპუტატი). ასამბლეა იკრიბება პლენარულ სხდომებზე წელიწადში ოთხჯერ;
  3. ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესი – იგი შედგება ეს-ს წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი ხელისუფლების პალატისა და რეგიონების პალატისაგან. იკრიბება წელიწადში ერთხელ ქ. სტრასბურგში. კონგრესის ძირითადი ამოცანაა, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტების დერგვა და განითარება ადგილებზე:
  4. სამდივნო – იგი ტექნიკურ დახმარებას უწევს ეს-ს ძირითად მთავარ ორგანოს, მის მრავალ კომისიას. შედგება დაახლოებით 1300 თანამშრომლისაგან. სამდივნოს სათავეში უდგას გენერალური მდივანი, რომელსაც ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა.

ეს-მ შეიმუშავა მრავალი ფუძემდებლური საერთაშორისო კონვენცია, რომელთაგან ზოგიერთი წინ უსწრებდა გაეროს სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ასეთია, მაგალითად, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ (1950), რომელშიც მოგვიანებით შეტანილ იქნა მნიშვნლოვანი დამატებები კონვენციის 12 ოქმის სახით. ასევე აღსანიშნავია ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც მიღებულ იქნა 1961 წელს, ხოლო 1996 წელს მიღებულ იქნა მისი გადასინჯული ტექსტი. დღეისათის ეს-ს სულ მიღებული აქვს 170-ზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც ეხება ეროვნულ უმცირესობებს, რეგიონალურ ენებს, არჩევნების დემოკრატიზხაციას, წამების აკრძალვას და სხვ.

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

საქართველოს ეს-ში მიღებისას ხელშეკრულებით დაეკისრა ვალდებულებათა მთელი რიგის, შესრულება, რომლის რეალიზაციის შემოწმება მონიტორინგის მექანიზმით ხორციელდება. ეს ჯგუფი სისტემატიურად ჩამოდის საქართველოში და ადგილზე სწავლობს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას.

ევროპის სამართალი (European Law) – საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციების ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ორგანოების სტრუქტურის, კომპეტენციის, ფუნქციონირებისა და წევრი სახელმწიფოების უფლება-მოვალეობათა განმსაზღვრელი ნორმების ერთობლიობა.

ტერმინი გამოიყენება ორი მნიშვნელობით:

  1. იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ევროკავშირის ორგანოების კომპეტენციას, მიღებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების უზრუნველყოფის საშუალებებს. ევროკავშირი ზენაციონალური ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციას მიეკუთვნება, რადგანაც მის ორგანოებს უფლება აქვთ ბათილად ცნონ ნებისმიერი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტი, რომლებიც დაფუძნებულ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება.
  2. ფართო გაგებით, ეს-ის ცნებაში მოიაზრება ევროპის საბჭოს ორგანოების სტრუქტურა, კომპეტენცია, მიღებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შიდასახელმწიფოებრივ სამართალში ასახვისა და რეალიზაციის უზრუნველყოფის საშუალებები.

თუ ევროკავშირის სამართალი შეიქმნა მონაწილე ქვეყნების (თავდაპირველად მასში 12 ქვეყანა მონაწილეობდა, დღისათვის კი ეს რიცხვი 25-ს აღწევს) ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, დღეს მისი საქმიანობა მოიცავს აგრეთვე თანამშრომლობას პოლიტიკურ, უშიშროებისა და დიპლომატიურ სფეროებში. სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფა ევროსაბჭოსთან მჭიდრო კავშირში. ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად გვევლინება. მას ხელშეკრულების დადების უფლება აქვს.

ევროპის საბჭო იმთავითვე დაარსდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მიზნით. მთელი მისი სტრუქტურა და საქმიანობა ეყრდნობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სხვა კონვენციას) საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს (კონვენციებს, შეთანხმებებს და სხვ.), რომლებიც ხელმოწერილია და რატიფიცირებულია წევრი სახელმწიფოების მიერ. ორგანიზაცია აკონტროლებს წევრი სახელმწიფოების შიგნით ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას – რამდენად შეესაბამება იგი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა აქტის მოთხოვნებს.

ევროკავშირის 25-ვე წევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოს მონაწილეა, რომელიც დღეისათვის 46 სახელმწიფოს მოიცავს.

ევროპის სოციალური ქარტია (European Social Charter) – იხ. ევროპის საბჭო.

ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლბათა დაცვის შესახებ (European Convention for the protection of Human Rights and Fundamental Freedoms) – საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულია რომში 4.XI.1950 და ძალაში შევიდა 3.IX.1953. კონვენცია პირველი იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო-სამართლებრივი აქტია, რომელმაც გაითვალისწინა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. კონვენცია ითვალისწინებს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის: სიცოცხლის უფლებას, წამების, მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვას, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებას, სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცვას, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, მრწამსისა და სიტყვის თავისუფლებას, შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლებას, დარღვეულ უფლებათა ეფექტიანი აღდგენის უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას და სხვ. კონვენციის დამატებით ოქმებში გათვალისწინებულია სხვა უფლებებიც. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ კონვენციითა და ოქმებით გათვალისწინებული უფლებები მისი ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მის იურისდიქციაში იმყოფება. კონვენციის ეფექტიენობა განპირობებულია ადამიანის უფლებათა დაცვის არსებული სისტემით. კონვენციის მიერ თავის ვალდებულებათა სათანადოს შესრულებისათის ზედამხედველობის განსახორციელებლად შექმნილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.(მე-19 მუხ.)

ევროპული კონვენცია ძალადობის დანაშაულთა მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის შესახებ 1985 წლისა (European Convention on Compensation for Victims of Crimes of Violance) – კონვენციას ხელი მოაწერეს ევროპის კავშირის წევრებმა, იტალიის, ბელგიისა და საბერძნეთის გარდა. კონვენციის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციას იხდის იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა წევრებიდან ვერ ხერხდება კომპენსაციის გადახდა იმ დაზარალებულებისათვის, რომლებსაც უშუალოდ განზრახ ძალადობითი დანაშაულის შედეგად მიადგათ მძიმე სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება: ამგვარი დანაშაულის შედეგად დაღუპულთა კმაყოფაზე მყოფი პირები. კომპენსაცია დაფარავს: შემოსავლის დაკარგვას, სამედიცინო და ჰოსპიტალიზაციის, დაკრძალვის ხარჯებს, ასევე დაზარალებული კმაყოფაზე მყოფ პირთა ხარჯებს. კონვენციის თანახმად, ყოველი წევრი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გადახდის სქემა ხელმისაწვდომი იყოს პოტენციური განმცხადებლისათის.

ევროპული სასამართლო (European Communities Court of Justice) – იხ. ევროპულ გაერთიანებათა სასამართლო.

ევროპული ქარტია რეგიონალური თუ უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ (European Charter on Protection of Regional or Minorities Languages) – იხ. ეროვნული უმცირესობანი.

ევროპული ჩარჩო კონვენცია ევროპულ უმცირესობათა დაცვის შესახებ (European Framework Convention on the Protection of national Minorities) – იხ. ეროვნული უმცირესობანი.

ეთნიკური კონფლიქტი (Ethnic conflict) – 1) დაპირისპირება სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ თუ ეთნიკურ, ენობრივ ჯგუფს შორის (იხ. ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური ჯგუფი, ეთნიკური წარმომავლობა, აგრესიული სეპარატიზმი, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი). როგორც წესი, ეკ პროვოცირებულია ამ ჯგუფის სათავეში მდგარი პოლიტიკური ელიტის მიერ, რომელსაც მორალურ, პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებასაც კი უწევენ მეზობელი ქვეყნების ოფიციალური თუ არაოფიციალური ძალები, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას. ასეთი სახის ეკ, რომელსაც სეპარატისტები ნათლავენ უფრო მრავალრიცხოვან ეთნიკურ ერთობასა და პატარა ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირებად, სინამდვილეში ეთნოპოლიტიკურ ხასიათ ატარებს, რადგან მისი ძირითადი მხარეებია სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლება და სეპარატისტული ძალები, ასეთი ეკ ხშირად გადაიზრდება არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლის დროს ეთნიკური წმენდა აღინიშნება.

2) ეკ, რომელიც წარმოიშობა სახელმწიფოს აგრესიული, შეუწყნარებელი, დისკრიმინაციული პოლიტიკით (იხ. შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია), რაც სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რააქციას იწვევს. ამ ტიპის კონფლიქტების სიმრავლით ხასიათდება აფრიკის რეგიონი.

3) ეკ წარმოიშობა მეზობლად მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ტრადისიული შეუწყნარებლობით გამოირჩევიან და დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტით ცდილობენ პრობლემის გადაწყვეტას, რასაც მილიონობით, ასეულობით ადამიანი ემსხვერპლება (მაგ., აფრიკის ქვეყნებში).

4) ეკ, რომელიც წარმოიშობა ორ ან რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირება (მიწის ნაკვეთების გაყოფა, ტყის გამოყენება და ა.შ.). როგორც წესი, ასეთი ეკ ხანგრძლივი არ არის და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების ეფექტურობაზეა დამოკიდებული).

ეთნიკური წარმომავლობა (Ethnic origin) – ტერმინი აღნიშნავს ადამიანის კუთვნილებას ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებული ეთნიკური ჯგუფისადმი, რომელიც განსხვავდება სხვა ეთნიკური ჯგუფისაგან (ერთობებისაგან) და. პირველ რიგში, უმრავლესობაში მყოფი მოსახლეობისაგან, რომელიც მართავს სახელმწიფოს (იხ. ერი), ხშირად ეწ ენაცვლება ეროვნულ წარმომავლობას, რადგანაც ერის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ეთნიკური ერთობაა.

ეთნიკური წმენდა (Ethnic cleansing) – ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფის მიერ შემუშავებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს, ამა თუ იმ გეოგრაფიული რაიონიდან განდევნოს სხვა ასეთი ჯგუფების სამოქალაქო მოსახლეობა ძალადობისა და ტერორის მეთოდების გამოყენებით (მკვლელობა, წამება, თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, გაუპატიურება და სხვა სექსუალური ხელყოფა, სამოქალაქო მოსახლეობის ძალმომრეობით განდევნა, გადაადგილება და დეპორტაცია, სამოქალაქო მოსახლეობისა და რაიონებზე მიზანმიმართული სამხედრო თავდასხმები თუ ამ თავდასხმების მუქარა, საკუთრების განადგურება). ეწ-ის პრაქტიკა აგრესიული სეპარატიზმის ძირითადი იარაღია და იგი გენოციდის სახეს იღებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, სადაც 1992 წელს სერბმა სეპარატისტებმა მუსლიმანების მიმართ, გაეროს გენერალური ასამბლეის შეფასებით, სწორედ ამ გზით განახორცილეს გენოციდი. ეთნიკური წმენდა ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახეობაა დანაშაულისა ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქციას განეკუთვნება: იგი იუგოსლავიის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის (იხ. ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი) გადაწყვეტილებებში ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად ფიგურირებს, რომლის გამოც მრავალი სერბი სეპარატისტი მიეცა პასუხისგებაში. ბოლო დროს იმავე ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ხორვატი და ბოსნიელი პირი.

ეწ-ის სასტიკი გამოვლინებაა აფხაზ სეპარატისტთა ბარბაროსული ქმედებები, რომელთა შედეგად მოკლულია 10000-მდე სამოქალაქო პირი, ხოლო 250000-მდე ადამიანი განდევნილია მშობლიური კერიდან. ეს ქმედებები დაგმობილია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეუთოს ლისაბონის სამიტმა 5.XII.1996 დაგმო ეთნიკური წმენდა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ძირითადად ქართველი მოსახლეობის მასობრივი მოსპობა და განდევნა აფხაზეთიდან. ასეთ პოზიციაზე დგანან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ევროპის საბჭო, ევროკავშირი. რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოს, იგი დღემდე თავს არიდებს ამ ფაქტის პირდაპირ დაფიქსირებას და ჯერჯერობით კმაყოფილდება მხოლოდ იმით, რომ ,,შეახენებს“ საერთაშორისო თანამეგობრობას ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტების გადაწყვეტილებებს. უშიშროების საბჭოს ასეთი პოზიცია აიხსნება მასში წარმოდგენილ ძალთა პოზიციების განსხვავებით, რაც აფერხებს აფხაზ სეპარატისტთა მიმართ გაეროს წესდების VII თავის ამოქმედებას (მოქმედება მშვიდობისადმი საფრთხის, მშვიდობის დარღვევისა და აგრესიის აქტების მიმართ) და მხოლოდ VI თავის ფარგლებში (დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტა) აღწევს საბჭო ჯერჯერობით საერთო შეთანხმებას კონსენსუსის წესით.

ეთნიკური ჯგუფი (Ethnic group) – ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა მდგრადი სოციალური, საზოგადოებრივი ერთობა, რომელსაც აქვს საერთო ენა, ადათ-ჩვეულებები, მითები, კულტურა, რწმენა. ეთნიკურ ერთობას ქმნის ერი – მრავალსაუკუნოვანი ეთნიკური წარმომაქმნი, რომელიც ერი-სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობაა, ან სხვა ერთან ერთად მართავს სახელმწიფოს.

ეჯ-ში შედარებით მცირერიცხოვანი თემებია, რომლებიც ისტორიულად არსებობენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განსხვავდებიან დანარჩენი მოსახლეობისაგან თავისი ადათ-ჩვეულებებით, ენით, კულტურით, რწმენით.

ზოგიერთი ეჯ ცდილობს, ხაზი გაუსვას ამ განსაკუთრებულობას და ეწინააღმდეგება ასიმილაციას (იხ. ძირძველი მოსახლეობა). ზოგი ერწყმის უმრავლესობაში მყოფ მოსახლეობას – ერს, მაგრამ ინარჩუნებს ყოფით თავისებურებებს, ენას ან დიალექტს. თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები კრძალავს ნებისმიერ დისკრიმინაციას ,,ეთნიკური,“ ,,ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე.“

აგრესიული სეპარატიზმი იყენებს ეთნიკურ თავისებურერებს ეჯ-ის წევრთა თავისი პოლიტიკური ზრახვების რეალიზაციაში ჩაბმის მიზნით. რაც აკრძალულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლით (იხ. ეროვნული უმცირესობანი, ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური წარმომავლობა).

ემიგრანტი (Emigrant) – პირი, რომელიც ტოვებს თავისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანას და საცხოვრებლად მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში (გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (27-ე მუხ.). 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (მე-12 მუხ., მე-2 პუნქ.) აღიარებს ,,ყოველი ადამიანის უფლებას, დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც“ (ე. ი. ემიგრაციის უფლებას). ეს უფლება კანონის საფუძველზე შეიძლება შეიზღუდოს იმისათის, რომ დაცულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოება და უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, მოსახლეობის ჯანმრთელობა და ზნეობა ან სხვა უფლებები და თავისუფლებები. საბჭოთა კავშირის მიერ ამ უფლების დარღვევა წლების განმავლობაში ძაბავდა ურთიერთობას დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ებრაელთა ემიგრაციასთან დაკავშირებით.

ERGA OMNES (ლათ., ნიშნავს: ,,ყოველთა შორის“) – საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა (იხ. სუბიექტები საერთაშორისო სამართლისა) ვალდებულება, დაემორჩილონ საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითად მორალურ-პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავენ და ცალკეული სახელმწიფოების, თუნდაც მათი ჯგუფების, ინტერესებზე მაღლა დგანან. ასეთი ვალდებულების დარღვევისათვის სახელმწიფო (სახელმწიფოები) პასუხს აგებს მთელი თანამეგობრობის წინაშე, რომლის ყოველ წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართალში ან პოლიტიკურ ორგანოებში (მაგ., გაეროში). საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმებისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ხელშეკრულებათა ბათილად გამოცხადებას ეხება, ვალდებულება EO არ არის შეზღუდული მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებით, მას ექვემდებარება, აგრეთვე, სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კონკრეტული ქმედებები, რომლებიც არღვევენ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის EO-ის ხასიათის მქონე ნორმებს. მაგალითად, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ 1970 წელს ერთ-ერთი საქმის (,,Barcelona Traction Case”) განხილვისას დაადგინა: ,,არსებითად უნდა განვასხვავოთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშობა ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური დაცვის სფეროში. პირველი მათგანი თავისი არსით ეხება ყველა სახელმწიფოს. ამ უფლებათა მნიშვნელობის გამო უნდა ითქვას, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს მათი დაცვის სამართლებრივი ინტერესი; ეს არის ვალდებულება Erga omnes. მაგალითად, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი ვალდებულებები გამომდინარეობს აგრესიის აქტის კანონგარეშედ გამოცხადებიდან, გენოციდის აკრძალვიდან, აგრეთვე იმ პროცესებიდან და ნორმებიდან, რომლებიც ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, მონობისა და რასობრივი დისკრიმინაციისაგან დაცვის ჩათვლით. დაცვის ზოგიერთი სათანადო უფლება შევიდა საყოველთაო საერთაშორისო ჩვეულებით სამართალში, ხოლო სხვები აღიარებულია უნივერსალური და თითქმის უნივერსალური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამ დასკვნამ დიდი როლი შესარულა EO-ის პრინციპის განვითარებაში.

ერი (Nation) – ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ,,ერთობა,“ რომელიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ზოგიერთ კრიტერიუმს. ტერმინ ,,ერის“ საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს. საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში მიღებული იყო ე-ის სტალინისეული განმარტება, რომლის მიხედვით, ე-ს ოთხი ძირითადი ნიშანი ახასიათებას: ენის ერთობა, საერთო ტერიტორია, ეკონომიკური წყობის ერთობა და საერთო ეროვნული ხასიათი, რომლის გამოვლინებაა კულტურა. ამასთანავე, მარქსიზმის მტკიცებით, ე-ბი ყალიბდებიან მხოლოდ კაპიტალიზმის ეპოქაში, როდესაც იქმნება საერთო ეროვნული ეკონომიკა და ერთიანი შიდა ბაზარი. ამრიგად, გამოდის, რომ XVI-XVII საუკუნეებამდე ე-ები არ არსებობდნენ, ხოლო XX ს-ში, იმის მიხედვით, თუ როგორ საზოგადოებრივ ფორმაციაში იმყოფებოდა ესა თუ ის ქვეყანა, არსებობდნენ სოციალისტური და ბურჟუაზიული ე-ები.

ე-ის ასეთ გაგებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა თვით სოციალისტურ ქვეყანაში. მკვლევართა ნაწილის აზრით, ზემოხსენებული ოთხი ნიშანი ახასიათებს ნებისმიერ ეთნიკურ ერთობას (იხ. ეთნიკური ჯგუფი) და ამიტომ ე-ის რაობის გარკვევისათვის საკმარისი არ არის. ბევრი ე-ის აუცილებელ კრიტერიუმად საკუთარი სახელმწიფოს არსებობას მიიჩნევს და ასკვნის, რომ მხოლოდ ის ეთნიკური ერთობა შეიძლება ჩაითვალოს ე-ად, რომელიც პოლიტიკურ ერთობას ქმნის და აქვს თავისი სახელმწიფო. ეს თვალსაზრისი უახლოვდება დასავლეთში გავრცელებულ წარმოდგენას ე-ის რაობის შესახებ, სადაც ე და სახელმწიფო ხშირად იდენტურ ცნებებად მოიაზრება, რადგან დასავლეთ ევროპაში ე-ის ჩამოყალიბება მათი სახელმწიფოების წარმოქმნასთან ერთად მოხდა (ასეთი თეორია წამოყენებული იყო იტალიაში XIX ს-ის დამლევს და მიზნად ისახავდა დაქუცმაცებული იტალიის გაერთიანებას). აღსანიაშნავია ისიც, რომ ინგლისურ და ფრანგულ ენებში სიტყვა ,,ერს“ (the nation, la nation) უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეთნიკური. თვით ქართულ და რუსულ ენებშიც კი, სადაც ეს სიტყვა ძირითადად ეთნიკური შინაარსისაა, გვხვდება ,,ერთან“ დაკავშირებული ტერმინები, სწორედ სახელმწიფოს მნიშვნელობით (მაგ., გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ეროვნული ვალუტა, ეროვნული შემოსავალი და სხვ.).

ე-ისა და სახელმწიფოს იდენტურობის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი ,,ერი-სახელმწიფო“ ან ,,ეროვნული სახელმწიფო“ (Nation-state). ამ ცნებაში იგულისხმება, რომ ასეთი სახელმწიფოს ყველა მოქალაქე მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ერთი ე-ის წარმომადგენელია. მაგ., ფრანგი ე-ში გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, ასევე ამერიკელი ე აშშ-ის მოქალაქების ერთობლიობაა და ა>შ. ამდენად, ცნება ,,ფრანგი“ განსხვავდება ,,ეთნიკური ფრანგისაგან,“ რადგან პირველი გულისხმობს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, მეორე კი მხოლოდ ეთნიკურ ფრანგებს. ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ,,ერი-სახელმწიფოს“ ტიპს განეკუთვნება, მაშინ როდესაც, აფრიკაში ,,ერი-სახელმწიფო“ იშვიათობაა . ამიტომ საერთაშორისო დოკუმენტებში უფრო ტერმინი ,,ხალხი“ იხმარება (მაგ., ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება).

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა (National-libration movement) – დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთის ბატონობის მოსპობას და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებას, კოლონიური ჩაგვრისა და ექსპულატაციის ლიკვიდაციას, ხალხის მიერ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლების განხორციელებას. ეს მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით თავს იჩენს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბოლო ორ საუკუნეში. ამ მოძრაობის პირველ მასობრივ ტალღად ითვლება XIX ს-ის პირველ მესამედში ლათინური ამერიკის ხალხთა ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენული სახელმწიფოების (იხ. სუვერენიტეტი, სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა) შექმნისათის ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორების ბატონობის წინააღმდეგ. ეს მოძრაობა განსაკუთრებით ფართოდ და მძლავად გაიშალა XX ს-ის 50-60-იან წლებში, როდესაც ეროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა აზიის, აფრიკის, კარიბის რეგიონისა და ოკეანეთის ასზე მეტმა სახელმწიფომ. მესამე ტიპად უნდა ჩაითვალოს XX ს-ის 90-იანი წლები, როდესაც კომუნისტური რეჟიმების დამხობას აღმოსავლეთ ევროპაში და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ოცამდე ახალი სუვერენული სახელმწიფოს წარმოქმნა.

დღევანდელ მსოფლიოში კოლონიალიზმის კლასიკური ფორმა ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. დაპყრობილი და კოლონიზებული ხალხების რიცხვი არცთუ ისე ბევრია. თუმცა, ახლადჩამოყალიბებული, პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყნების დიდი უმრავლესობა ეკონომიკურად კვლავ ყოფილი მეტროპოლიის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება ან დამოკიდებულია სხვა წამყვან, განვითარებულ ქვეყნებზე. ასეთი მდგომარეობა წარმოშობს დამოკიდებულების ახალ ფორმებს (ნეოკოლონიალიზმი) და ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოების წინაშე აყენებს პრობლემას, იბრძოლონ რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის. ეგმ სამართლიანი და პროგრესული მოვლენაა. მის იურიდიულ საფუძველს შეადგენს ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა – ხალხთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკევევის უფლება. ამ მოძრაობისაგან მკვეთრად განსხვავდება აგრესიული სეპარატიზმი, რომელიც მიზნად ისახავს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფოსაგან გამოცალკევდეს მასში მცხოვრები მცირრიცხოვანი ხალხი ეთნიკური ან რელიგიური ნიშნის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის სხვა ძირითად ნორმებს, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს.

ეროვნული რეჟიმი (National regime) – იხ. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა.

ეროვნული უმცირესობანი (National minorities) – სახელმწიფოში მცხოვრებ მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც რიცხობრივად მცირეა ძირითად მოსახლეობასთან შედარებით, და განსხვავდება მისგან თავისი ენით, რელიგიით, ეთნიკური კუთვნილებით. ეს სტატუსი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანოთა და ექსპერტთა მუშაობის შედეგად. ეროვნულ უმცირესობათა წინამორბედებად გვვლინება ,,რელიგიური უმცირესობა.“ ფეოდალურ სამყაროში, რომელიც არ იცნობდა ერის ცნებას, სახელმწიფოები ცდილობდნენ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ერთმორწმუნეთა დაცვას ამ ქვეყანაში გაბატონებული მათთვის უცხო რელიგიისაგან, რისთვისაც ასეთ ქვეყნებთან დებდნენ სათანადო შეთანხმებას. XVII ს-დან მოყოლებული, ხშირდება ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკაში ამ სახის ხელშეკრულებანი როგორც ერთმანეთს შორის (მაგ.: ვესტფალიისა და ინსბრუკის 1648 წლის ხელშეკრულებანი, ვენის 1815 წლის კონგრესის აქტები და სხვ.), ასევ აღმოსავლეთის ქვეყნებთან (რუსეთ-თურქეთის 1774 წლის ხელშეკრულება და ა. შ.).

XX ს-დან რელიგიურ უმცირესობათა დაცვა იცვლება ,,ეროვნულ უმცირესობათა“ ინტერესების უზრუნველყოფით. დიდმა სახელმწიფოებმა დაქსაქსეს პატარა ერები ევროპის გულში საზღვრების ხელოვნურად გატარების მეშვეობით. ცნობილია, რომ ვერსალის სისტემამ (1919) ავსტრია-უნგრეთის ადგილას შექმნა რამდენიმე სახელმწიფო, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ,, ეროვნული უმცირესობანი“ შეადგენდნენ. პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, იუგოსლავიასთან, უნგრეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებებში ინგლისმა და საფრანგეთმა შეიტანეს სპეციალური პუნქტები ,,ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ,“ მაგრამ შემდგომ ამ უმცირესობათა ჩივილებსა და მოთხოვნებს არავინ ყურადღებას აღარ აქცევდა; ასეთსავე პოზიციაზე იყო ერთა ლიგა, რომელსაც უშუალოდ ეკისრებოდა ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების დაცვა. გაერო უარყოფს ეროვნულ უმცირესობათა უფლებას – უშუალოდ მიმართონ მას პეტიციით, მაგრამ, ამასთან ერთად, აძლიერებს მოთხოვნებს თვით სახელმწიფოების მიმართ ადამიანისა და ერების ღირსებისა და თავისუფლების ხელშეუხებლობის დარგში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავე სახელმწიფოს მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას იძულება. საკითხის დასმის უფლება აქვს გაეროს წევრ ყველა სახელმწიფოს და ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გაეროს წესდება არ ხმარობს ტერმინს – ,,ეროვნული უმცირესობა“ მაგრამ ქმნის მათი დაცვის რეალურ გარანტიებს. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ აღიარებს იმ ინდივიდთა უფლებებს, რომლებიც ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ ჯგუფებს მიეკუთვნებიან,“ შექმნან ფართო ავტონომია. შემდგომ დადგინდა, რომ ამ ჯგუფებს არ შეიძლება ჰქონდეთ იმ სახელმწიფოდან გამოყოფის პრეტენზია, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ანუ მათზე არ ვრცელდება ხალხთა თვითგამორკვევის უფლება (იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება).

ზოგადად ამ ჯგუფთა ყველა კატეგორია ,,ეროვნულ უმცირესობათა“ ტერმინში ერთიანდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფი სხვა სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის მცირედი ნაწილია (მაგ.: რუმინეთში – უნგრელები, საქართველოში – სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები და სხვ., ესტონეთში – რუსები), თუ უმცირესობაში მყოფი ძირძველი მოსახლეობაა. თავისთავად ცხადია, მათ არ გააჩნიათ გამოყოფის უფლება იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ (იხ.: სეპარატიზმი, ირედინტიზმი). დასრულებული სახით ეუ-თა სტატუსი ჩამოყალიბდა გაეროს 1992 წლის ,,დეკლარაციაში იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც ეროვნულ თუ ეთნიკურ, რელიგიურ თუ ენობრივ უმცირესობებს მიეკუთვნებიან.“

დეკლარაციის მიხედვით, მათ უნდა მიეცეთ უფლება, თავისუფლად ეზიარონ თავიანთ კულტურას, რელიგიას, გამოიყენონ თავიანთი ენა საჯარო და პირად ცხოვრებაში, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის კულტურულ, რელიგიურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ორგანოების იმ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომლებიც ეხება უმცირესობის ბედს; იმ რეგიონში, სადაც ისინი ცხოვრობენ, უმცირესობათა წევრები უფლებამოსილნი არიან, ურთიერთობა დაამყარონ ამავე ჯგუფის სხვა წევრებთან ან სხვა უმცირესობებთან, ამ უმცირესობის მონათესავე პირებთან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ (1-ლი – მე-3 მუხ.). საჭიროებისამებრ, სახელმწიფოები იებენ ზომებს, რათა კანონის წინაშე სრული თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ უმცირესობათა ყოველი წარმომადგენლისათვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა რელიზაცია; უქმნიან მათ ხელსაყრელ პირობებს, რათა საშუალება მისცენ, გამოამჟღავნონ თავიანთი თავისებურებანი, განავითარონ თავიანთი კულტურა, ენა, რელიგია, ტრადიციები და ჩვეულებანი, თუ მათი კონკრეტული საქმიანობა არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს; აღნიშნულ პირებს, შეძლებისდაგვარად, საშუალება მისცენ, შეისწავლონ თავიანთი მშობლიური ენა და მიიღონ განათლება ამ ენაზე; აქტიურად ჩააბან უმცირესობანი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისა და განვითარების პროცესში. თავის მხრივ, ამ უმცირესობებმა სათანადო ანგარიში უნდა გაუწიონ იმას, რომ აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც ,,ეწინააღმდეგება გაეროს მიზნებსა და პრინციპებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტრადიციული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპებს“ (მე-8 მუხ., მე-4 პუნქ.).

ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა სსრ კავშირის დაშლის პროცესში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სსრ კავშირის 1990 წლის აპრილის კანონით ავტონომიურ რესპუბლიკებსა და და სხვა ავტონომიებს უფლება მიეცათ, თვითონვე გადაეწყვიტათ თავიანთი ბედი და გამოყოფოდნენ იმ რესპუბლიკას, რომელიც სსრ კავშირიდან გამოსვლას დააპირებდა. პირველ რიგში ეს შეეხო საქართველოს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას, სადაც ეწყობოდა ე.წ. ეთნიკური კონფლიქტები, რომლებიც რუსეთის რეაქციული წრეების მიერ იყო ინსპირირებული და მათი უშუალო დახმარებით სარგებლობდა. ეს წრეები ცდილობდნენ, შიგნიდან აეფეთქებინათ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ყოფილი ,,მოკავშირე რესპუბლიკები,“ მაგრამ ამას დაბრკოლებას უქმნიდა და უქმნის სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც უარყოფს ნებისმიერი ეროვნული უმცირესობის წადილს, ცალმხრივად გამოეყოს სახელმწიფოს.

ეუ-ის პრობლემას დიდი ყურადღებას აქცევს ,,ევროპული ჩარჩო კნვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ (ძალაში შევიდა 1.II.1998) და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 1992 წელს დამტკივებული ,,რეგიონული თუ უმცირესობათა ენების ქარტია.“

მხარეები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების წევრთა კულტურული, რელიგიური, ენობრივი და ადათ-ჩვეულებების დაცვა და ხელის შეწყობა მათი განვითარებისათვის, არ დაუშვან მათი დისკრიმინაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების არც ერთ სფეროში.

ძირითადად ეს აქტები ეფუძნებიან ზემოაღნიშნულ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მაგრამ, ამავე დროს, ბევრ ახალ უფლებას აღნუსხავენ, რაც მიუღებელია ზოგიერთი სახელმწიფოსთვის. ამიტომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დღემდე არ მონაწილეობს ჩარჩო კონვენციაში, რადგანაც არ ცნობს თავის ტერიტორიაზე ასეთი უმცირესობების არსებობას (მაგ., საფრანგეთი). საქართველო 2005 წლის დასაწყისისთვის არ იყო ამ დოკუმენტის სახელმწიფოთა შორის, თუმცა აღიარებს ეუ-თა არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე. ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედებს ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობის მეთვალყურე კომისარი და მონიტორინგის მწარმოებელ ექსპერტთა საკონსულტაციო კომიტეტი, რომელიც განიხილავს სახელმწიფოების მიერ წარდგენილ მოხსენებას (დაიწყო მუშაობა 1998 წლიდან).

ეროვნული წარმომავლობა (National Origin) – ტერმინი გამოიყენება რამდენიმე მნიშვნელობით:

ა) ერისადმი (იხ. ერი) კუთვნილების, წმინდა ეთნიკური (ენა, ადათ-ჩვეულებები და ა.შ.) მნიშვნელობით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი უფლებები ,,მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანის, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა – რასის კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობისა…“

ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ უფრო ზუსტად განსაზღვრავს: იგი კრძალავს დისკრიმინაციას ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების… განურჩევლად (მე-14 მუხ.).

ბ) მოქალაქეობის აღმნიშვნელ ტერმინად (Citizenship, Nationality), რაც განპირობებული იყო ევროპაში ერების ჩამოყალიბებით, ეროვნული სუვერენიტეტის (იხ. სუვერენიტეტი) და ე.წ. ერი სახელმწიფოების (Nation States) ჩამოყალიბებით (იტალია, დაფრანგეთი და სხვ.). ამიტომ ამა თუ იმ უცხო ქვეყნის საკონსულოში ვიზის მისაღებად შესავსებ ანკეტაში გრაფაში, ,,nationality,” ჩაიწერება არა ეთნიკური მნიშვნელობით ეროვნება (ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი), არამედ პიროვნების მოქალაქეობა. (მაგ.: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის იტალიის და ა. შ.) საქართველოს კანონმდებლობით, ასეთ კითხვაზე ვიზის მომთხოვნმა უნდა ჩაწეროს – ,,საქართველოს,“ რაც მოქალაქეობის და არა ეროვნული წარმომავლობის აღმნიშვნელია.

დამიანის უფლებათა საყოველტაო დეკლარაცია (მე-15 მუხ.) აცხადებს: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება (ინგლისურ ტექსტშია: ,,Everyone has the right to a nationality”); 2. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა (nationality) ან შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა“ (მე-14 მუხ.).

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია. არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ მასალაზე დაყრდნობით ასკვნის: ,,დაუშვებელია ნებისმიერი ყველა სახის დისკრიმინაცია ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის მიმართ რასის, კანის ფერის, რელიგიის, ენის, მოქალაქეობის (გამოყენებულია ტერმინი ,,nationality”), ეროვნული ,,national”) და ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე.“ აქვე კომისია აღნიშნავს, რომ ტერმინი ,,ეროვნება“ (,,Nationality”) მას ესმის ისე, როგორც ეს აღნიშნულია ,,ევროპულ კონვენციაში მოქალაქეობის შესახებ“ (მე-2 თ. მუხ.,), რომელიც აცხადებს: ,,ეროვნება“ (Nationality) ნიშნავს სამართლებრივ კავშირს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის და არ მიუთითებს პიროვნების ეთნიკურ წარმოშობაზე.“ საფრანგეთისა და უცხოეთის სხვა სახელმწიფოების კანონები ,,მოქალაქეობის შესახებ“ იყენებენ ტერმინს – ,,Nationality”, როგორც ,,მოქალაქეობის“ აღმნიშვნელს.

ეუთო (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია – OSCE) – უსაფრთხოების რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია. რომლის წევრი 55 სახელმწიფო განლაგებულია ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმულ გეოგრაფიულ სივრცეზე. იგი შეიქმნა გაეროს წესდების VIII თავის შესაბამისად ევროპაში კონფლიქტების თავიდან აცილების, კრიზისის მართვისა და კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: შეიარაღების კონტროლი, გაეროს პრევენციული დიპლომატია, ნდობისა და უსაფრთხოების მიღწევის ზომები, ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგ, ეკონომიკური და გარემოს უსაფრთხოება. ჰელსინკის თათბირის დასკვნით აქტს 5.1975 VIII. ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. ეს აქტი, თუმცა არ არის საერთაშორისო ხელშეკრულება, უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური შეთანხმებაა, რომლის მიზანი იყო, შეესუსტებინა ,,ცივი ომით“ გამოწვეული დაძაბულობა აღმოსავლთსა და დასავლეთს შორის.

1990 წლამდე ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი – ეუთთ). პარიზის 1990 წლის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ეუთთ ახალ კურსს დაადგა. ,,პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისათვის“ ეუთო-ის ძირითად ამოცანებად. მიჩნეულ იქნა ევროპაში მიმდინარე ისტორიული გარდაქმნის წარმართვისა და ,,ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის ახალ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის ხელის შეწყობა. ამ ამოცანების შესრულების გასაადვილებლად შეიქმნა ცალკეული ინსტიტუტები, შეხვედრებმა უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო და ეუთთ-ის მუშაობა უფრო ორგანიზებული გახდა. 1990 წლის ნოემბერში მოლაპარაკება წარმოებდა ეუთთ-ის საქმიანობის ფარგლებში შეიარაღების კონტროლის მნიშვნელლოვან შეთანხმებაზე – ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების ხელშეკრულებაზე (CFF). ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი (იგი პასუხისმგებელია ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობაზე) და ,,ღია ცის“ საკონსულტაციო კომისია (მასში წარმოდგენილია ,,ღია ცის“ შესახებ 1992 წლის ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფო), თუმცა ისინი ეუთო-ს ორგანიზაციები არ არაინ, რეგულარულად იკრიბებიან ეუთო-ს საკონფერენციო დარბაზში ჰოფსბურგების კონგრესცენტრში (ქ. ვენა).

ბუდაპეშტის 1994 წლის სამიტზე აღიარეს, რომ ეუთთ უკვე აღარ იყო უბრალოდ კონფერენცია, და ამიერიდან მას ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ეწოდა. ამან ორგანიზაცია ახალი პოლიტიკური იმპულსი მისცა, მით უფრო, რომ ეს იყო ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების გამოხატულება.

ლისაბონის 1996 წლის სამიტზე უფრო ჩამოყალიბებული სახე მიეცა ეუთო-ს საკვანძო როლს ყველა განზომილებით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ლისაბონის შეხვედრამ ხელი შეუწყო აგრეთვე ევროპული უსაფრთხოების ეუთო-ს ქარტიის შემუშავებაში (მიღებულ იქნა ქ. სტამბოლის 1999 წლის სამიტზე), ქარტიისა, რომელიც მიზნად ისახავს ეუთოს ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებას. სტამბოლშივე ეუთო-ს მონაწილე 30-მა სახელმწიფომ ხელი მაწერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ ხელშეკრულების გადასინჯულ ვარიანტს. მათ მხარი დაუჭირეს არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში ეუთო-ს უფრო აქტიურად და ეფექტიანად ჩარევის აუცილებლობას.

ეუთო-ს სტრუქტურა, პოლიტიკური კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებათა მიმღები მთავარი ორგანოა მუდმივი საბჭო. მისი წევრები არიან ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლები (ელჩები) ვენაში, რომლებიც ყოველკვირეულად იკრიბებიან ეუთო-ს კომპეტენციაში შემავალი ყველა საკითხის განსახილველად და მათ შესახებ გადაწყვეტილებათა მისაღებად. მთავარ საბჭოს, რომელსაც ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკური ხელმძღვანელები ან სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან, იწვევენ პერიოდული პოლიტიკური თათბირებისათვის. მთავარ საბჭოში წელიწადში ერთხელ იკრიბება ქ. პრაღაში, როგორც ეკონომიკური ფორუმი. ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წელიწადგამოშვებით მართავენ ,,მინისტერიალს,“ ხოლო ,,მინისტერიალთა“ შორის პერიოდში სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურები რამდენიმე წელიწადში ერთხელ იკრიბებიან უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ანუ სამიტზე (ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა სტამბოლში 1999 წლის ნოემბერში).

ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ეკისრება პასუხისმგებლობა აღმასრულებელი საქმიანობისათის. თავმჯდომარე 6 თვეში ერთხელ იცვლება. ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შესაბამისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქმიანობაში დახმარებას უწევენ წინა და მომდევნო თავმჯდომარეები და მით იქმნება ე.წ. ,,ტროიკა“. მოქმედ თავმჯდომარეს აგრეთვე შეუძლია დანიშნოს პირადი წარმომადგენლები, რომლებსაც ავალებს კონკრეტულ საკითხებზე ან სიტუაციებზე მუშაობას. ეუთო-ს გენერალური მდივანი, რომლის ადგილსამყოფელია ქ. ვენა (ავსტრია), ფუნქციებს ახორციელებს როგორც ეუთო-ს მიზნების განხორციელებისათვის იღებს. გენერალური მდივნის კომპეტენციაში შედის აგრეთვე ეუთო-ს სტრუქტურებისა და ოპერაციების წარმართვა. სამდივნოში (მისი ადგილსამყოფელია ქ. ვენა) შედის: გენერალური მდივნის ოფისი, კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრი, ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვის სფეროში ეუთო-ს საქმიანობის კოორდინატორი. სამდივნოს პრაღის ოფისი ახორციელებს დოკუმენტების უსაფრთხოებასა და საინფორმაციო ფუნქციებს. ეუთო-ში შედის აგრეთვე სხვა ინსტიტუტებიც. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), რომელიც აქტიურ როლს ასრულებს არჩევნების მონიტორინგსა და ერონული საარჩევნო და ადამიანის უფლებაღთა დამცველი ინსტიტუციების განვითარებაში, ეროვნული სამართლებრივი ინსტიტუტებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა დასამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებათა და არჩევნების მიმართ ეუთო-ს მონიტორინგის მომზადებაში, ჟურნალისტთა მომზადებაში. აღნიშნული სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ვარშავა (პოლონეთი). წინასწარი გაფრთხილებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების საქმეში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი (HCNM), რომლის ადგილსამყოფელია ქ. ჰააგა (ჰოლანდია). უმაღლესი კომისარი აფასებს და ცდილობს, ადრეულ ეტაპზე მოაგვაროს სიტუაციები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს ეხება. იგი ხელს უწყობს მხარეებს არაკონფრონტაციული პოლიტიკის განხორციელებაში.

ეუთო-ს მეთვალყურეთა მისიები ფუნქციონირებენ: ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, ესტონთში, ლიტვაში, საქართველოში, მოლდოვაში ტაჯიკეთში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიზე – მაკედონიასა და კოსოვოში; ეუთო-ს აგრეთვე დამხმარე ჯგუფში ჰყავს ჩეჩნეთში (რუსეთის ფედერაცია). წარმომადგენლები – ალბანეთში, საკონსულტაციო და სამეთვალყურეო ჯგუფი – ბელორუსიაში, პროექტის კოორდინატორი – უკრაინაში, ოფისი – სომხეთში, საერთო ოფისი – ცენტრალურ აზიაში (უზბეკეთი) და ცენტრები – ალმა-ათაში. აშხაბადსაა და ბიშკეკში; მოლაპარაკება წარმოებს ბაქოს (აზერბაიჯანი) ოფისის გახსნის შესახებ; სოხუმში შექმნილია ადამიანის უფლებათა გაერო-ეუთო-ს ერთობლივი ოფიასი; ეუთო-ს მისიები არაერთხელ დასწრებიან არჩევნებს საქართველოში. ეუთო-ს კომპეტენციაში შედის აგრეთვე ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი და ნდობის მოსაპოვებლად მიმართული ზომაბის მიღება. ვენის 1994 წლის დოკუმენტი (1999 წლის შესწორებებით) ავალდებულებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ გამჭვირვალობა თავიანთ სამხედრო საქმიანობაში; ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებულია სამხედრო ქცევის კოდექსი, რომელიც ადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიარაღებული ძალების როლის განმსაზღვრელ პრინციპებს. ამასთან ერთად, ეუთო-მ შექმნა დავათა მშვიდობიანი მოგვარების რამდენიმე მექანიზმი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ეუთო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს 300-ზე მეტი პარლამენტარისაგან შედგება, ატარებს ყოველწლიურ სესიას ივლისში, ხოლო მთელი წლის განმავლობაში აწყობს აგრეთვე სხვადასხვა შეხვედრასა და იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ეუთო-ს საქმიანობის შესაბამისად. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მონიტორინგშიც. ასამბლეის სამდივნოს ადგილსამყოფელია კოპენჰაგენი (დანია).

ორგანიზაციას აქვს შერიგებისა და არბიტრაჟის სასამართლო ქ. ჟენევაში. ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შერიგებისა და არბიტრაჟის კონვენციას, შეუძლიათ, სასამართლოს გადასცენ სადავო საკითხი, რომელსც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ან შერიგების კომისია გადაწყვეტს. ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებია: ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ანდორა, ბელგია, ბელორუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია იუგოსლავია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნიდრელანდი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია და ვატიკანი.

ეუთოს 1975 წლის დასკვნითი აქტი (OSCE, Helsinki Final Act of 1975) – იხ.: ეუთო, ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა.

ქსპატრიაცია (Expatriation) – მოქალაქეობის დაკარგვა პირის მიერ, რაც სამი ფორმით ვლინდება: მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვა, მოქალაქეობიდან გასვლა, მოქალაქეობის ჩამორთმევა. მოქალაქეობის დაკარგვა ხდება მაშინ, თუკი ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან სპეციალური კანონმდებლობით (იხ. საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ, 32-ე და 33-ე მუხ.). მოქალაქეობიდან გასვლა იწვევს მოქალაქეობის დაკარგვას. მოქალაქეობის ჩამორთმევა შეიცავს დასჯის ელემენტებს. საქართველოს კანონში არ არის გათვალისწინებული მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევები.

ექსტრადიცია (Extradition) – მსჯავრდებულ და ეჭვმიტანის პირთა გადაცემა. სახელმწიფოთა შორის სამართლებრივი დახმარების ერთ-ერთი სახე. სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე იმყოფება მჯავრდებული და ეჭვმიტანილი პირი, გადაცემს ამ პირს მეორე სახელმწიფოს, რომელიც მოითხოვს მის გადაცემას სისხლის სამართალში მიცემის ან უკვე გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

ე-ის ინსტიტუტი ცნობილია უძველესი დროიდან. საერთაშორისო სამართალში ჩამოყალიბდა მისი შემდეგი წესები: 1) არ გადაიცემა საკუთარი მოქალაქე; 2) არ გადაიცემა პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც სარგებლობს თავშესაფრის უფლებით; 3) პირი გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება გადამცემი სახელმწიფოს კანონმდებლობითაც ისჯება; 4) გადაცემული პირი შეიძლება გასამართლებულ იქნეს მხოლოდ იმ დანაშაულისათის, რომლის გამოც მისი გადაცემა მოხდა; 5) არ გადაიცემა პირი, რომლის მიმართ იკვე გამოტანილი განაჩენი ვერ აღსრულდება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; 6) არ გადაიცემა პირი, რომლის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი ან შეწყვეტილია საქმის წარმოება მის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; 7) ორივე სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ქმედებაზე სახე აღიძვრება მხოლოდ კერძო ბრალდების წესით, ე.ი. ბრალდებულის განცხადების თანახმად; 8) გადაცემის შესახებ მოლაპარაკება ხორციელდება დიპლომატიური ან საუწყებო არებით.

თანამედროვე პირობებში მოქმედებს მ-ის ორგვარი მოდელი – ევროპული და ანგლოსაქსური. ევროპული მოდელს საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები: ა) ორმაგი კრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც მომთხოვნი, ისე გადამცემი სახელმწიფოს კანონმდებლობა ამა თუ იმ პირის მიერ ჩადენილ ქმედებას დასჯადად აღიარებს; ბ) ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის სახე და ზომა; გ) საკუთარ მოქალაქეთა გადაცემაზე უარის თქმა. ევროპის ქვეყნების უმეტესობა (მაგ., საფრანგეთი, იტალია და სხვ.) ასეთ პირთა ე-ს საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე ახდენს. ანგლოსაქსური მოდელის მიხედვით (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა და სხვ.), ერთი სახელმწიფო მეორეს გადაცემს ამა თუ იმ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ სახელმწიფოებს შორის არსებობს ხლშეკრულება, რომელშიც ჩამოთვლილია, თუ რა სახის დანაშაულთა ჩამდენი პირნი ექვენდებარებიან გადაცემას.ანგლოსაქსური სამართლის ქვეყნებში სასამართლო გადაცემის საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ანგლოსაქსური მოდელით დასაშვებია საკუთარ მოქალაქეთა გადაცემაც. გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანაში მონაწილეობს სასამართლო, თუმცა საბოლოო სიტყვა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს ეკუთვნით. დამნაშავეთა გადაცემის შესახებ მრავალი კონვენცია არსებობს. 1957 წლის ევროპის კონვენციამ მოახდინა იმ სამართალდარღვევათა დეტალური რეგლამენტაცია, რომელთა ჩადენისათვის ესა თუ ის პირი შეიძლება გადაცემულ იქნეს. ამ კონვენციის 1975 წლის დამატებითი ოქმი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განმარტავს და არეგულირებს. 1978 წლის მეორე დამატებითმა ოქმმა აღიარა პრინციპები non bis in idem (არ შეიძლება ვინმე ორჯერ მიეცეს პასუხისგებაში ერთი და იმავე დანაშაულისათვის), ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა იმ პირის გადაცემის დაუშვებლობა, რომელიც უკვე იყო ამნისტირებული ან გამართლებული.

საქართველომ ე-ს შესახებ ხელშეკრულება დადო აზერბაიჯანთან, თურქეთთან, რუსეთთან, ბულგარეთთან, სომხეთთან. იგი მონაწილეა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კონვენციისა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ყველა ეს დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ გადაცემას ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც ისჯება ორივე ქვეყნის კანონებით და რომლის მიერ ჩადენილი დანაშაულისათის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წელზე მეტი ხნის ვადით ან უფრო მძიმე სასჯელი; ბ) დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც უკვე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით ან უფრო მძიმე სასჯელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს დამნაშავის გადაცემაზე უარის თქმის კანონიერ შემთხვევებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ საყოველთაოდ მიღებულ პრინციპებს ემყარება. ხელშეკრულება აგრეთვე ითვალისწინებს გადასაცემი პირის დაპატიმრების პროცედურას, გადაცემის გადადების მიზეზებს, სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებს, ურთიერთდაკავშირების წესებს. ორივე მხარის ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კარგად უნდა იცოდნენ, თუ რა სახის საერთაშორისო ხელშეკრულება არსებობს სისიხლის სამართლის (ისევე როგორც სამოქალაქო და საოჯახო სამართლის) ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, და საერთოდ გამოიყენოპნ ეს ხელშეკრულება, კერძოდ, მისი შემდეგი დებულებანი: ა ე სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც არის დანაშაულის ჩამდენი პირი, ხდება მაშინ, თუ განაჩენი უკვე კანონიერ ძალაშია შესული; თავის სახელმწიფოში ეს პირი არ შიძლება მეორედ იქნას გასამართლებული იმავე საქმეზე, თუ აღნიშნული განაჩენი, რომელიც გადამცემ სახელმწიფოში გამოიტანეს, არ იქნა გაუქმებული და არ დაინიშნა ხელახალი გამოძიება ან სასამართლო გარჩევა.

მსჯავრდებული გადაცემა არ ხერხდება იმ შემთხვევაში: ა) თუ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, ქმედება, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო, დანაშაულად არ ითვლება; ბ) თუ სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, ჩადენილი ქმედებისათვის იგი დასჯილ იქნა ან გაამართლეს, ან საქმე შეწყვიტეს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი სასჯელისაგან გათავისუფლებულია მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ; გ) თუ სასჯელი არ შეიძლება აღსრულდეს სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ან ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოების საფუძველზე; დ) თუ მსჯავრდებულს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის სასამართლომაც გამოუტანა განაჩენი; ე) თუ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას მსჯავრდებულის გადაცემის ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობების დაცვის შესახებ.

ე-ის საკითხი შეიძლება აღძრას სახელმწიფომ, რომლის მოქალაქეც ის არის, ან – მსჯავრდებულის ნათესავებმა მიმღები ან გადამცემი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისადმი მიმართვით. ყველა შემთხვევაში გადაცემის საკითხს წყვეტენ და ახორციელებენ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, რომელთა სია დეპოზიტურ სახელმწიფოებში ინახება. ასეთი ორგანო შეიძლება იყოს პროკურატურა, უმაღლესი სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და ა. შ. კონვენცია ითვალისწინებს გადაცემის აღძვრის წესებს, საჭირო დოკუმენტაციას, გადაცემის პროცედურას, მშობლიურ ქვეყანაში სასჯელის მოხდის წესს და სხვ. საქართველოში ე-ის საკითხი ეყრდნობა კონსტიტუციას, უცხო სახელმწიფოებთან დადებულ ხელშეკრულებებს სამართლებრივი დახმარების შესახებ, სხვა საერთაშორისო ხელსეკრულებებს სამართლებრივი დახმარების შესახებ, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

ექსტრატერიტორიული იურისდიქცია Exstraterritorial Jurisdiction) – სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან სახელმწიფოების იურისდიქციის გარეთ არსებულ სივრცეში (ღია ზღვა, კოსმოსი) თავისი იურისდიქციის განხორციელება ან მცდელობა – განახორციელოს იგი. მაგალითად, ასეთია: საკონსულოების უფლბა – გაატარონ რეგისტრაციაში თავისი მოქალაქეების დაქორწინება-განქორწინება საკონსულოს დამფუძნებელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად; სახელმწიფოს გემს აქვს უფლება – დააკავოს ღია ზღვაში ხომალდი, რომელმაც დაარღვია კანონი მისი ტერიტორიული საზღვრების შიგნით და ცდილობს, თავი დააღწიოს დევნას ღია ზღვაში გასვლით, სადაც ყველა ქვეყნის ხომალდი მხოლოდ ალმის კანონს ექვემდებარება, ანუ იმ ქვეყნის კანონს, სადაც ის არის რეგისტრირებული.

მაგრამ სახელმწიფოს ყველა მცდელობა – გააფართოოს იურისდიქცია თავისი საზღვრების გარეთ, როდი ითვლება კანონიერად. მაგალითად, საერთაშორისო სამართალი კრძალავს მთვარის და სხვა პლანეტების თავისი იურისდიქციის ქვეშ მოქცევას, იგივე ითქმის ღია ზღვის ამა თუ იმ ნაწილის მითვისების მცდელობის შესახებ.

აღსანიშნავია, ასევე, საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროში მოქმედი კოლიზიური ნორმები, რომლებიც აძლევენ სასამართლოებს უფლებას, გამოიყენონ უცხო სახელმწიფოს სამართლებრივი ნორმა საქმის ჯეროვანი გადაწყვეტის მიზნით.

 

 

ვენის დეკლარაცია და მოქმედების პროგრამა (Vienna Declaration and Program of Action)ადამიანის უფლებათა თაობაზე მეორე მსოფლიო კონვენციის (1993) დოკუმენტები, რომლებმაც შეაჯამეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948) შემდგომ მიმდინარე პროცესები აღნუსხეს ადამიანის უფლებათა პატივისცემის ნორმატიული და სტრუქტურული (ინსტიტუციური) მექანიზმის ეფექტურობა (დეკლარაცია) და დასახეს ამ სფეროში მიზანმიმართული და კოორდინირებული მუშაობის ძირითადი მიმართულებანი (მოქმედების პროგრამა). ეს აქტები არ ითვლება საერთაშორისო სამართლის წყაროდ, მაგრამ აქვს უაღრესად დიდი როლი და ფართომასშტაბიანი მორალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა, რის გამოც სახელმწიფოები ხშირად მიმართავენ იმ დებულებების ციტირებას საერთაშორისო ფორუმებზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. შეიძლება ითქვას, ვდ და მპ ადამინის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტებია, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების სახეს ატარებენ, დღემდე დიდ ზეგავლენას ახდენენ გაეროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო მექანიზმების საქმიანობაზე (იხ. რბილი სამართალი).

ვენეციის კომისია (Venice Commission) – ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ცნობილი როგორც ვენეციის კომისია, დაარსდა 1990 წელს და არის ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტატციო ორგანო კონსტიტუციურ საკითხებში. კომისიის გადასინჯული წესდება მიღებულ იქნა 2002 წლის 21 თებერვალს. წესდების თანახმად, კომისია ემსახურება შემდეგ მიზნებს: მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი სისტემის გაგების გაძლიერებას ამ სისტემათა დაახლოების მიზნით; დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობით წარმოშობილი პრობლემების განხილვას, მათ გამყარებასა და განვითარებას. კომისია პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ საქმიანობას, რომელიც შეეხება: კონსტიტუციურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრინციპებსა და ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობასა და მათ გაძლიერებას; ძირითად ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კერძოდ კი მათ, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ადგილობრივ და რეგიონალურ მთვრობათა ხელშეწყობას დემოკრატიის განვითარების მიზნით. დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის (კანონის) უზენაესობის პრინციპების დაცვა კომისიის მიერ ხორციელდება ოთხი მიმართულებით: კონსტიტუციური სამართლის სფეროს ხელშეწყობა; არჩევნები და რეფერენდუმები, საკონსტიტუციო სასამართლოებთან თანამშრომლობა; კვლევებისა და სემინარების ჩატარება. კომისია შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.

ვენის მსოფლიო კონფერენცია ადამიანის უფლებათა თაობაზე (Vienna World Conference on Human Rights) – იხ. ვენის დეკლარაცია და მოქმედების პროგრამა (see Vienna Declaration and Program of Actions).

ზოგადი საერთაშორისო ორგანიზაცია (General International Organisation)უნივერსალური ან რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის კომპლექსური ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის ხელის შეწყობას, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების დაცვას, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის ურთიერთობების განვითარებას. (მაგ.გაერო).

ზოგადი საერთაშორისო ხელშეკრულება (General International Treaty)საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი წყარო – მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც აღნუსხავს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადგენილ დაყოველთაოდ გამოსაყენებელ სამართლებრივი ქცევის წესებს, რაც საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაციისა და პროგრესიული განვითარების შედეგია, მაგ.: დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციამ საზღვაო სამართლის შესახებ 1982 წლის კონვენციამ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ 1969 წლის ვენის კონვენცია და სხვ. ზსხ ადგენს ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ამა თუ იმ დარგის ერთ-ერთ ძირითად ნორმატიულ აქტად იქცევა. ზსხ ღიაა ხელმოწერისა და ან შეერთებისათვის ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. ზსხ განსხვავდება საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, რომლებიც ორი, რამდენიმე ან მრავალი სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ და კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავენ. სხვა სახელმწიფოების მონაწილეობა ასეთ ხელშეკრულებებში დამოკიდებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნებაზე.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები (Free and Fair elections) – არჩევნები, როდესაც მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად და რაიმე ზემოქმედების გარეშე ხმა მისცენ სასურველ კანდიდატებს და როდესაც ამ არჩევნების შედეგები სამართლიანად ასახავს ელექტორატის ნებას.

საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხით წესრიგდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით (2001 წელი), რომელიც ასახავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგები სამართლიანად ასახავს ელექტორატის ნებას.

კოდექსის მიხედვით, არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო უფლება აქტიური და პასიურია. აქტიური საარჩევნო უფლებაა მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში.

პასიური საარცევნო უფლებაა მოქალაქის უფლება, კენჭი იყარო საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პრინციპი, რომელიც ასახავს საერთაშორისო აღიარებულ წესებს, ადგენს, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. კოდექსის მიხედვით, არჩევნების საყოველთაობა, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. კოდექსის მიხედვით, არჩევნების საყოველთაობა ნიშნავს, რომ ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს; ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.

არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ. საქართველოში არჩევნები პირდაპირია. იგი ტარდება ფარული კენჭისყრით. აკრძალულია: ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, ასევე კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. სწორედ ამ პრიციპების დარღვევის გამო 2003 წლის 23 ნოემბრის პარლამენტის არჩევნები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ შეფასებული იყო არაშემდგარად და ბათილად, რასაც საბოლოოდ ამ არჩევნების რეზულტატის გაუქმება მოჰყვა მასობრივი სახალხო დემონსტრაციების შედეგად (იგივე მოვლენები მოხდა კიევში 2004 წელს).

თავისუფლების უფლების უკანონო შეზღუდვა (Illegal restriction of the right to freedom) – პიროვნების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

აღნიშნული ქმედება გამოიხატება ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვით (გადაადგილების თავისუფლება), როდესაც დაზარალებულს არ აქვს შესაძლებლობა, გადაადგილდეს საკუთარი შეხედულებისამებრ. თუ თუუშ მოხდა მისი მოტაცების შედეგად. ე.ი. მისი ბუნებრივი სოციალური მიკროსამყაროდან იძულებითი მოკვეთით, მაშინ ასეთ ქმედებას მიეცა ადამიანის გატაცების კვალიფიკაცია.

თავშესაფრის უფლება (Right to asylum) – პოლიტიკური შეხდულებებისა და საქმიანობისთვის საკუთარ ქვეყანაში დევნილი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის (იხ. აპატრიდი) უფლება – თავი შეაფაროს სხვა სახელმწიფოს და არ იქნეს დაბრუნებული თავისსავე ან სხვა სახელმწიფოში, რომელიც მას დევნის.

საერთაშორისო სამართალში თუ გულისხმობს აგრეთვე სახელმწიფოს უფლებას – პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს უცხოელს, როდესაც დევნიან საკუთარ სახელმწიფოში. ამ უფლებით სარგებლობენ მხოლოდ პოლიტიკური ემიგრანტები. თავშესაფრის მიცემის საკითხს ყოველი სახელმწიფო დამოუკიდებლად წყვეტს, რადგან ეს მის საშინაო კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთან, არსებობს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც სახელმწიფოს უადვილებს თავშესაფრის ინსტიტუტის რეგლამენტაციას ამა თუ იმ პირისთვის (პოლიტემიგრანტისათვის) თავშესაფრის უფლების მიცემის შემთხვევაში. სახელმწიფოს მიერ ტერიტორიული თავშესაფრის უფლების მიცემის საკითხები რეგულირდება გაეროს გენერალური ასამბლეის „დეკლარაციით ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ“, რომელიც მიღებულია 14.XII.1967.

საერთაშორისო სამართალში არსებობს თავშესაფრის ორი ფორმა – ტერიტორუული და დიპლომატიური, ტერიტორიული თავშესაფრის უფლება გულისხმობს ამა თუ იმ პირის უფლებას, მოითხოვოს უცხო სახელმწიფოში თავშესაფარი საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის გამო. ეს პრინციპი განმტკიცებულია 1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, აგრეთვე „დეკლარაციით ტერიტორიული თავშესაფრის შესახებ“ (1967), საერთაშორისო სამართლით არ შეიძლება თავშესაფარი მიეცეთ: ა) სამხედრო დამნაშავეებს ან იმ პირებს, რომელთა მიმართ არსებობს სერიოზული საფუძველი, ჩაითვალონ სამხედრო დამნაშავეებად, ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩამდენებად); ბ) სისხლის სამართლის დამნაშავეები.

სახელმწიფო, რომელიც ამა თუ იმ პირს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს, მოვალეა, შეუქმნას მას უსაფრთხოდ ცხოვრების პირობები და არ გადასცეს იგი იმ სახელმწიფოს, რომელშიც მის მიმართ შეიძლება პოლიტიკური დევნა განხორციელდეს; მიანიჭოს მას იგივე უფლებები, რომლებითაც მოცემულ ქვეყანაში უცხოელები სარგებლობენ. რაც შეეხება დიპლომატიურ თავშესაფარს, გიგი გულისხმობს ამა თუ იმ პირისათვის თავშესაფრის მიცემას დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სამხედრო-საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე, სმახედრო ბაზის ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო სამართალში კლასიფიცირებულია სახელმწიფოთა ოთხი ჯგუფი: ა) სახელმწიფოები, რომლებიც არ ცნობენ და არ იყენებენ ამ ინსტიტუტს (ეს ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია); ბ) სახელმწიფოები, რომლებიც კრძალავენ დიპლომატიურ თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, მაგრამ ანიჭებენ ამ უფლებას თავის დიპლომატიურ ან სხვა ორგანოებს (საფრანგეთი, ინგლისი, აშშ); გ) სახელმწიფოები, რომლებიც თავშესაფარს აძლევენ თავის საზღვრებში მდებარე დაწესებულებებში და არ აღიარებენ ამ უფლებას თავიანთ ტერიტორიაზე მდებარე დიპლომატიურ თუ სხვა დაწესებულებათა მიმართ (ლათინური ამერიკის ქვეყნები); დ) სახელმწიფოები, რომლებიც თვითონ არ ანიჭებენ დიპლომატიურ თავშესაფარს, მაგრამ აღიარებენ ასეთ უფლებას თავიანთ ტერიტორიაზე (ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანა, საბერძნეთი). დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ 1961 წლის ვენის კონვენცია კრძალავს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა გამოყენებას ოფიციალური მიზნების შესრულებისათვის.

თვითგამორკვევის უფლება (Right to self-determination) – იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება.

იერარქია საერთაშორისო სამართლის ნორმებში (Hierarchy of Interanational Law Norms) – ქცევის წესების განლაგება მათი იურიდიულად სავალდებულო ძალის დონეთა მიხედვით. პირველ რიგში აქ განასხვავებენ ორ ჯგუფს – საყოველთაო საერთაშორისო სამართალსა და ლოკალურ საერთაშორისო სამართალს. პირველ ჯგუფში გამოიყოფა სემდეგი სამი დონე : 1) ძირითადი პრინციპები ( მაგ.: ძალის გამოეყნებისა და ძალით დამუქრების აკრძალვის პრინციპი); 2) დარგობრივი პრინციპები (მაგ.: დიპლომატიური აგენტის პირადი ხელშეკრულება), რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ძირითად პრინციპებს; 3) საყოველთაო აღიარებული დარგობრივი ნორმები (მაგ.: დიპლომატიური სამართალი, საზღვაო სამართალი და ა.შ.). რომლებიც არ უნდა ეწინაარმდეგებოდეს საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ძირითად და დარგობრივ პრინციპებს. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მას მიეკუთვნება ერთადერთი (მეოთხე) დონე – ლოკალური ნორმები, რომლებიც ძირითადად წარმოიქმნება შეზღუდული რაოდენობის (ორმხრივი, სამმხრივი და ა.შ.) სუბიექტთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით (მათი რაოდენობა დღეს ასობით ათასს აღემატება) და რომლებიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს პირველი ჯგუფის დონეთა პრინციპებსა და ნორმებს,

იერარქიის ამ სტრუქტურას არ მიეკუთვნება იმპერატიული ნორმები, რადგან ოთხივე ზემოაღნიშნული დონე შეიცავს პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც განსაზღრავენ ქცევის წესების იურიდიული ძალის ერთმანეთთან დამოკიდებულებას, მაგრამ ოთხივე დონე კრძალავს სუბიექტთა მხრიდან მათ დარღვევას.

იმიგრანტი (Immigrant) – უცხოელი, რომელიც შემოდის სახელმწიფოში იქ სამუდამოდ ან დროებით დასახლებისათვის და უარს ამბობს თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე ან იქ მუდმივად ცხოვრებაზე. ი შეიძლება იყოს კანონიერი ან არაკანონიერი.

იმპერატიული ნორმები (Jus cogens, peremptory norms) – საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის განსაზღვრებით, ხელშეკრულება, რომელიც იმპერატაიულ ნორმას გადაუხვევს, ბათილად ჩაითვლება. ინ არის ქცევის წესი, „რომელიც შექმნილია და აღიარებულია სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგრობობის მიერ მთლიანობაში როგორც ნორმა, რომლისგან გადახვევა დაუშვებელია და რომლის შეცვლა შეიძლება მხოლოდ საყოველთაო საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმავე ხასიათის მქონე მომდევნო ნორმით.“ იმპერატიული ნორმისაგან გადახევვისათვის საერთაშორისო სამართალი იურიდიულ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელშეკრულების დამდებ მხარეებს; ასეთი ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება მსიი დადების მომენტიდან, რადგან მთელი სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა თავის კოლექტიურ ნებას უპირისპირებს ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს სახელშეკრულებო ნებას და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მას. ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თანამედროვე საერთაშორისო მართლწესრიგის საფუძვლებს, რომლებიც შემუშავებულია ცივილიზაციის განვითარების დღევანდელი საფეხურის ყველაზე მნიშვნელოვან მორალურ ფასეულობებზე დაყრდნობით და რომელთა გარეშე შეუძლებელია კაცობრიობის შემდგომი განვითარება.

ასეთ ნორმებად ამჟამად გვევლინება დავათა მშვიდობიანი საშუალებები. მოგვარების მოთხოვნა, ძალით დამუქრებისა და ძალით გამოყენების აკრძალვა, კაბალურ, არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებათა უკანონობა, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებათა ხელშეუხებლობა, რომლებიც ადამიანის ღირსებას იცავენ მისი რასის, ეროვნების, სქესის, ენისა თუ რელიგიის განურჩევლად. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულია ადამიანის მიმართ ულმობელ, მტანჯველ ქმედებათა გამოყენება, როგორებიცაა: წამება, მონობა, მონათვაჭრობა, ვაჭრობა ქალებითა და ბავშვებით, აპარტეიდი, გენოციდი, ეთნიკური წმენდა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმა (იხ.: ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, აგრეთვე ნიურნბერგის პროცესის, ტოკიოს პროცესის, ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის წესდებებსა და განაჩენებში ჩამოთვლილი დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ასევე მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული).

განსხვავებით დისპოზიტიური ნორმებისაგან, რომლებიც არ ზღუდავს ხელშეკრულების დამდები მხარეების ნების თავისუფლებას და აძლევს მათ უფლებას, გადაუხვიონ არსებულ ქცევის წესს (მაგ.: სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოუხსნან თავის ელჩებს იმუნიტეტი), ინ გამორიცხავენ ასეთ გადახვევას (მაგ.: მხარეები ხელშეკრულებით ვერ დააკანონებენ იმის უფლებას, რომ მათ შორის წამოჭრილი დავები ძალის გამოყენებით იქნეს გადაწყვეტილი: ასეთი ხელშეკრულება რეგისტრაციას ვერ გაივლის გაეროს გენერალურ მდივანთან, ხოლო თუ ერთ-ერთი მხარე ძალას გამოიყენებს, საერთაშორისო თანამეგობრობა უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს აგრესორის მიმართ კოლექტრიური ზომები, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს დაზარალებულ მხარეს.

როგორც იმპერატიული, ასევე დისპოზიტიური ნორმები ამკრძალველი ხასიათისაა – სუბიექტის მიერ მათი ცალმხრივად დარღვევა საერთაშორისოსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, რადგან ლახავს სხვა სუბიექტისათვის მინიჭებულ უფლებებს. საერთაშორისო სამართლის ნორმათა ამ ორ სხვადასხვა ტიპს შორის პრინციპული განსხვავება მათი იურიდიული ძალის აბსოლუტურობის ხარისხსია: ინ-ისგან გადახვევა ურთიერთშეთანხმებითაც კი არ შეიძლება, არც სავსებით დასაშვებია დისპოზიტიური ნორმის შემთხვევაში. საერთაშორისო სამართლის ნორმათა უმრავლესობა დისპოზიტიური ხასიათისაა, ხოლო იმპერატიული ქცევის წესები (პრინციპები და ნორმები) მთელი საერთაშორისო სამართლის სისტემის ხერხემალია.

ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (Individual criminal law responsibility)საერთაშორისო სისხლის სამართლის პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობს ისეთი მოქმედებების დაგეგმვაში, მომზადებასა ან აღსრულებაში, რაც არღვევს საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებს (გენოციდის ან სამხედრო დანაშაულის ჩადენის აკრძალვა), ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასჯელს, როგორც ინდივიდი, მიუხედავად იმისა, ეკუთვნის თუ არა ის სახელმწიფოს სამხედრო ძალებს ან სხვა წარმონაქმნს ან მოქმედებს თუ არა ის მათი სახელით.

ინტელექტუალური საკუთრების მხოფლიო ორგანიზაცია (WIPO) – შეიქმნა 1967 წელს, 1974 წლიდან გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებებაა. მის ფუნქციებში შედის: სამრეწველო საკუთრების (გამოგონებები, სასაქონლო ნიშნები, სამრეწველო ნიმუშები და სხვ.) დაცვა, მეცნიერულ აღმოჩენებზე, ლიტერატურულ, სამუსიკო, მხატვრულ და სხვა ნაწარმოებებეზე საავტორო უფლებების დაცვისათვის ზომების მიღება, აგრეთვე იმ საკითხთა სფეროში ეროვნულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარება. მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის პროგრესის პირობებში ამ ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობა თანდათანობით იზრდება. განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიას სულ უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვენ მზარდ ინტერესს იჩენენ ამ ორგანიზაციის მიმართ, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს მეტი საპატენტო ინფორმაცია, ორგანიზაციის წევრია დაახელოებით 150 სახელმწიფო.

სტრუქტურა: გენერალური ასამბლეა – შედგება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისაგან, რომლებიც იმავდროულად სამრეწველო საკუთრების შესახებ პარიზის (1883) ან ლიტერატურულ და სამხატვრო ნაწარმოებთა დაცვის შესახებ ბერნის კონვენციის (1886) მონაწილენი არიან. იგი მოიწვევა ორ წელიწადში ერთხელ; კონფერენცია აერთიანებს ამ ორგანიზაციის ყველა წევრს; საკოორდინაციო კომიტეტი შედგება 68 სახელმწიფოსაგან; მუშაობს: სამრეწველო საკუთრების მუდმივმოქმედი კომიტეტი; საერთაშორისო ბიურო (სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი და რომელიც აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ 6 წლის ვადით.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაშია.

ინტერპოლი (INTERPOL) – კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 1923 წელს. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო ხელისუფალთა თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ი-ის წევრია 120 ქვეყნის ოფიციალური საპოლიციო ორგანოები, უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა, რომელიც შედგება წევრი სახელმწიფოები მიერ მივლინებული დელეგატებისაგან და იკრიბება ყოველწლიურად, ასამბლეა ირჩევს აღმასკომსპრეზიდენტს, 3 ვიცე-პრეზიდენტისა და და ცხრა დელეგატის შემადგენლობით. ყოველი მათგანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს. არსებობს აგრეთვე მრჩეველთა კოლეგია. გენერალური სამდივნო კოორდინაციას უწევს ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების საპოლიციო ორგანოების საქმიანობას, აგროვებს დოკუმენტაციას ძებნაში მყოფი პირების საქმიანობის შესახებ და ა.შ. სამდივნო კონტროლს უწევს რადიოქსელს, რომელიც 53 რადიოსადგურიდაგან შედგება. ორგანიზაციის ოფიციალური ენებია: ფრანგული, ინგლისური და ესპანური. შტაბ-ბინა ქ.ლიონშია (საფრანგეთი), საქართველო ი-ში გაწევრიანდა 1993 წლის სექტემბერში. შეიქმნა საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო, რომელიც აქტიურად საქმიანობს საქართველოსი და საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის, დაკავებისა და გადაცემის (იხ. ექსტრადიცია) საქმეში.

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება (Freedom of information) – ინფორმაციის თავისუფლება გავლენას ახდენს დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს უფლება მჭიდრო კავშირშია აზრის გამოხატვისა და პრესის თავისუფლებასთან.

ინფორმაციის თავისუფლება ორი ელემენტისაგან შედგება, ესენია: ინფორმაციის მიღება საყოველთაოდ ხელმისწავდომი წყაროებიდან და ინფორმაციის გავრცელება.

თავის მხრივ, ინფორმაციის მიღების თავისუფლება სხვადასხვა ასპექტით ვლინდება, ესენია:

  1. პირის უფლება – მოიპოვის ინფორმაცია აზრებისა და ფაქტების შესახებ, მიუხედავად იმისა, ეხება ეს საჯარო თუ კერძო ინტერესებს;
  2. მასმედიის წარმომადგენელთა მიერ ინფორმაციის და იდეის მიღების თავისუფლება, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, აცნობონ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას;

III. საზოგადოების უფლება – მიიღოს ინფორმაცია, კერძოდ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

შეუძლებელია ინფორმაციის გავცელების უფლების არსებობის გარეშე ხელისუფლების თავისუფალი კრიტიკა, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სხვა.

ამავე უფლებით გარანტირებულია ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის გავრცელება (ე.წ. კომერციული ინფორმაცია), თუმცა კომერციული ხასიათის საკითხებთან მიმართებით ეროვნულ ხელისუფლებას უფრო ფართო შეხედულება აქვს.

ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი სახით არის შესაძლებელი, მაგალითად, მხატვრული ნაწარმოების შექმნა, აგრეთვე მისი გავრცელება, ინფორმაციის გავრცელების ნაწილია. სამსახიობო თავისუფლების, სამხატვრო ნამუშევრების გარვცელების შეზღუდვა მხოლოდ არადემოკრატიული საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელი, ვინაიდან შემოქმედი თავის ნაწარმოებებში გამოხატავს არა მარტო პირად მსოფლმხედველობას, არამედ აზრს იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც იგი ცხოვრობს. ამ გაგებით, ხელოვნება ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე აყენებს აქტუალურ საკიტხებს. დაცვას ექვემდებარება უხეში, უტრირებული ფორმით გამოთქმული აზრიც. დაცვის ხარისხი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, იმ კონტექსტზე, რომელსიც გამოყენებულია ეს ინფორმაცია და, მეორე მხრივ, იმ მიზნებზე, რომელთაც მოცემული კრიტიკა ემსახურება.

შეფასებითი მსჯელობა, რომელოიც პოლიტიკური ხასიათის მოვლენათა სფეროს შეეხება, განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, ვინაიდან სწორედ ასეთი აზრია საზოგადოებაში პლურალიზმის არსებობის წინაპირობა. პოლიტიკური ბრძოლის ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების მიმართ ბევრად უფრო მეტი ტოლერანტულობა უნდა არსებობდეს.

სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებებზე, იმ პირობით, თუ ეს შეზღუდვები ემსახურება კანონიერ მიზანს, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლებისა და მიუკერძოებელობის შენარჩუნებისათვის (იხ.: ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, მე-10 მუხ., მე-2 პ.; საერთაშორისო პაქტი სოციალური და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მე-3 მუხ.).

ირედინტიზმი (Irrenditism) – სიტყვასიტყვით ნიშნავს გამოსასყიდს, ასანაზღუარებელს, დასაბრუნებელს. მას შემდეგ, რაც 1870 წელს იტალია გაერთიანდა, მის საზღვრებს გარეთ დარჩა იტალიელებით დასახლებული რამდენიმე ტერიტორიული ერთეული (ტრიესტი, ტრენტინო, ალტო-ადიჯე), რომლებიც იტალიას საკუთარ და შემოსაერთებელ მიწებად მიაჩნდა. მათ დასაბრუნებლად ქმედებას ი ეწოდა.

თანამედროვე პოლიტიკაში ი ეწოდება რომელიმე ქვეყანაში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის მოთხოვნას, გამოეყოს ქვეყანას და შეუერთდეს ისტორიულ სამშობლოს (სეპარატიზმისაგან განსხვავებით, აქ დამოუკიდებელი სახელწმიფოს შექმნის მოთხოვნა არ დგას). ი-ის მაგალითია მთიანი ყარაბახის სომხეთთან ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების მოთხოვნა. ი-ის რეალიზაცია ძალით, სუვერენული სახელმწიფოს (იხ. სუვერენიტეტი, სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა) თანხმობის გარეშე, არაკანონიერი ქმედებაა, რადგან იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს.

ისლამური ფუნდაენტალიზმი (islamic fundamentalism) – ფართო გაგებით, ყველა ის მოძრაობა, რომელიც იბრძვის იმისათვის, რათა საზოგადოებრივი ცხოვრება მკაცრად იყოს განსაზღვრული ყურანითა და შარიათის (ისლამური სამართალი) ნორმებით. ხშირ შემთხვევაში ამჯობინებენ, უწოდონ ამ მოძრაობას „ისლამიზმი“, ხოლო იფ-ში გულისხმობენ ისლამიზმის ექსტრემისტულ მიმართულებას, რომელიც ცდილობს, იარაღის ძალით დაამყაროს ისლამური რეჟიმი, „წმინდა ომი“ (ჯიჰადი) გამოუცხადოს „ურწმუნოებს“ (არამუსლმანებს) და ყოვრლნაირად წინ აღუდეგს დასავლური, ანუ ევროპულ-ამერიკული, კულტურისა და იდეოლოგის გავლენას ისლამურ სამყაროზე. იფ-ის საფუძველი XIX ს-ში ჩაეყარა, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მან XX ს-ში მიიღო. თავდაპირველად იგი მიმართული იმ რეფორმების წინააღმდეგ, რომლებიც ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში განხორციელდა და ისლამისტების მიერ აღქმულ იქნა ისლამურ საზოგადოებაში დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობად. შემდგომ ისლამიზმმა უფრო ექსტრემისტული და აგრესიული ხასიათი მიიღო ყოველივე დასავლურის მიმართ. საამისოდ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა საბჭოთა კავშირის აგრესიამ ავღანეთში და ზოგიერთი არაბული ქვეყნის ლიდერების ნაციონალისტურ-რელიგიურმა იდეებმა, აგრეთვე 1991 წლის სპარსეთის ყურის ომმა.

იუნესკო (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO)გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულება. ოფიციალურად არსებობს 4.XI.1946 – დან, როდესაც ძალაში შევიდა მისი წესდება. 2002 წლისთვის ი-ის წევრი იყო 186 სახელმწიფო. წესდების თანახმად, სახელწიფოებში საკითხებზე იქმნება ეროვნული კომსიები, რომელთაგან საკონსულტაციო სტატუსი აქვს 250-ზე მეტ არასამათავრობო საერთაშორისო ორგანიზაციას, ხოლო საქმიანი კონტაქტი – 4000 ორგანიზაციას. ი-ს წლიური ბიუჯეტი შედგება მასში შემავალი სახელმწიფოების საწევრო გადასახადებისაგან. მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს: მშვიდობისა და უსაფრტხოების განმტკიცებას, რისთვისაც განავითარებს ხალხთა თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების და კულტურის დარგში; ყველა ხალხისათვის გაეროს წესდებით გამოცხადებული სამართლიანობის, კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემის უზრუნველყოფას, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და რელიგიისა ი-ის საქმიანობის დიაპაზონი მოიცავს საკითხთა ფართო წრეს – უწიგნურობასთან ბრძოლას, განათლების დაფინანსებასა და დაგეგმვას, განვითარებად ქვეყნებში საინჟინრო-ტექნიკური კადრების მოსამზადებელი ცენტრების შექმნას, მეცნიერების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა და მშვიდობის განტკიცების პრობლემების კვლევას, განათლების მიზნით კოსმოსური კავშირგაბმულობის გამოყენებას. ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს 150-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებას – კონფერენციებს, სხდომებს, სიმპოზიუმებს.

ორგანიზაციის სტრუქტურა. ი-ს უმაღლესი ორგანოა გენერალური კონფერენცია, რომეოიც შედგება მასში შემავალი სახელმწიფოების წარმომადგენელთაგან. იგი ორ წელიწადში ერთხელ მართავს სესიას. გენერალური კონფერენცია ირჩევს აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც 51 წევრისგან შედგება და წელიწადში ორ-სამჯერ იკრიბება. საბჭოს სამდივნოს მეთაურობს გენერალური დირექტორი. სამდივნოს დაკომპლექტება ხდება გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპით. ი-ს აქვს 6 პრიორიტეტული მიმართულება : 1) აღზრდა, 2) მეცნიერება, 3) კულტურა, 4) კომუნიკაცია, 5) სოციალური მეცნიერებანი და განვითარება, 6) მშვიდობა და ადამიანის უფლებები. იგი რამდენიმე ენაზე გამოსცემს ორასზე მეტ პერიოდულ და ას სერიულ გამოცემას. ყოველწლიურად გამოიცემა ასობით წიგნი: ცნობარები, ტერმინოლოგიური ლექსიკონები, საიუბილეო გამოცემები, საერთაშორისო მიმოხილვები, პედაგოგიური და ტექნიკური დამხმარე სახელმძღვანელოები, კატალოგები, აგრეთვე მონოგრაფიები განათლების, მეცნიერები, კულტურისა და ინფორმაციის პრობლემებზე. ი-ს შტაბ-ბინა ქ. პარიზშია, მისი ოფიციალური ენებია: ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული, ჩინური.

იუნესკო და საქართველო (UNESCO and Georgia) – საქართველო გაწევრიანდა იუნესკოში 1992 წელს. შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, რომელიც იუნესკოსთან საქართველოს თანამშრომლობის ოფიციალური აზრი გახდა. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია. 1994 წლის თებერვალში ქ. პარიზში დაარსდა იუნესკოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ამჟამად იუნესკო-საქართველოს თანამშრომლობა ხორციელდება 1995 წელს ხელმოწერილი იუნესკო-საქართველოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩარჩოებში. 1999 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიის პირველი სახელმწიფო, რომელიც იუნესკოს აღმასრულებელ საბჭოში 4 წლით აირჩიეს. იუნესკოს გენერალური კონფერენციის 30-ე სესიაზე საქართველოს ინიციატივით დამტკიცდა პროექტი „კავკასია“, რომელმაც იუნესკოს კომპეტენციის სფეროში, სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს თანამშრომლობის მეშვეობით, რეგიონში სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი. საქართველოს თანამშრომლობა იუნესკოსთან ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით: განათლების, კულტურის, მეცნიერების, ინფორმაცია-კომუნიკაციისა და სხვა სფეროებში.

იუნესკოს 1997 წლის საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის გენომისა და ადამიანის უფლებათა შესახებ (UNESCO Declarationon Human Genome and Human Rights) – ყველას აქვს უფლება, პატივისცემით მოექცნენ მის ღირსებას და უფლებებს, მიუხედავად მისი გენეტიკური თავისებურებებისა. ღირსება გულისხმობს ადამიანების თანასწორობას გენეტიკური თავისებურებების მიუხედავად, მათი განუმეორებლობისა და მრავალსახოვნების პატივისცემას (მე-2 მუხლი). დეკლარაციით დაცულია გენური მანიპულაციებისას ადამიანის უფლებები, ინფორმირებული თანხმობა, ინფორმაციის მიღების ან არმირების უფლება, გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და გენეტიკური მაჩვენებლების კონფიდენციალურ ხასიათის დაცვა (მე-5 და მე-8 მუხლები). „დაუშვებელია გენეტიკური თავისებირებების გამო დისკრიმინაცია, რომელიც არღვევს ან მიზნად ისახავს დაარღვიოს ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, შელახოს ადამიანის ღირსება“. საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული სამართლის საფუძველზე ყველა ადამიანს, რომლის გენომსაც უშუალოდ და დეტერმინირებული ზემოქმედების შედეგად მიადგა ზიანი, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია.

დეკლარაციით აღნიშნულია, რომ ბიოლოგიური, გენეტიკური და სამედიცინო ხასიათის სამეცნიერო კვლევების ჩატარებისას არ შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. დეკლარაციით აკრძალულია კლონირება. დეკლარაციით ასევე განსაზღვრულია გენომზე მუშაობისას საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძვლები და დეკლარაციის პრინციპებისათვის ხელშეწყობა, მისი განხორციელების გზები.

იურისდიქცია (Jurisdiction) – საერთაშორისო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის, მისი ორგანოს უფლებამოსილება, უზრუნველყონ მათი კომპეტენციის ფარგლებში მდებარე სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო სივრცეებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი ან საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების შესრულება. ვიწრო გაგებით, ი-ში იგულისხმება სახელმწიფოს სამართალი და სასამართლო ორგანოების უფლება, განიხილონ სამართლის დამრღვევი პირის საქმე და აიძულონ იგი, აგოს პასუხი სამართლით დადგენილი წესით.

კანონის უზენაესობა (rule of Law) – იხ. სამართლის უზენაესობა.

კოლექტიური უფლებები (Collective rights) – კოლექტიური უფლებები ცნობილია, აგრეთვე, როგორც სოლიდარული უფლებები. ეს არის მესამე თაობის უფლებები (იხ. ადამიანის უფლებების კვალიფიკაცია, ადამიანის უფლებათა თაობები). მათი თავისებურება ისაა, რომ ამ უფლებით სარგებლობა ინდივიდს არ შეუძლია დამოუკიდებლად. მხოლოდ ადამიანთა ჯგუფისადმი კუთვნილება აძლევს მას უფლებას, მიიღოს მონაწილეობა კოლექტიურ უფლებათა რეალიზებაში. კოლექტიურ და ინდივიდუალურ უფლებებს შორის არსებობს მყარი ურთიერთდამოკიდებულება, თუმცა ისინი განსხვავდებიან თავიათი ბუნებით. კუ-ს განხორციელებისას არ შეიძლება შეილახოს ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები.

კუ-ს მიეკუთვნება განვითარების უფლება, უფლება მშვიდობაზე, უფლება კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაზე. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება თვითგამორკვევის უფლება, უმცირესობათა უფლებები და სხვა ( იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება, ეროვნული უმცირესობანი).

კოლიზიური სამართალი (Collision Law)კოლიზიური ნორმების ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც წყდება ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს სამართლებრივ ნორმათა შორის წარმოქმნილი კოლიზიის საკითხი. კს საერთაშორისო კერძო სამართლის შემადგენელი ნაწილია. ზოგიერთი სახელმწიფოს (მაგ.: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის) სამართლებრივ დოქტრინებში კს-სა და საერთაშორისო კერძო სამართლის ცნებები გაიგივებულია.

კომბატანტები (Combatants) – შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მხარის შეიარაღებულ ძალებში შემავალი პირები (სამეურნეო, სამედიცინო და სასულიერო პერსონალი), რომლებსაც უფლება აქვთ, უშუალო მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციებში, ჟენევის 1949 წლის კონვენციასა და 1977 წლის დამატებით ოქმებში ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ განსაზღვრულია კომბატანტთა წრე, ესენია: სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობა, პარტიზანები და მოხალისეები, რომლებიც ღიად ატარებენ იარაღს, იცავენ ომის კანონებსა და ჩვეულებებს, ჰყავთ პასუხისმგებელი სამხედრო ხელმძღვანელი; მოსახლეობა, რომელიც იარაღით ხელში იცავს თავს დამპყრობელისაგან, სამხედრო ხომალდების ეკიპაჟები. კ-ები უნდა განსხვავდებოდნენ სამოქალაქო მოსახლეობისაგან, კერძოდ, ღიად უნდა ატარებდნენ ფორმას, ჰქონდეთ შორი მანძილიდან ამოსაცნობი განმასხვავებელი ნიშანი. მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლების ხელში მოხვედრილი პირი, რომელიც სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობდა, სამხედრო ტყვედ ითვლება და შესაბამისად სარგებლობს დაცვის უფლებით (1977 წლის I დამატებითი ოქმის 45-ე მუხ.). საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით კ-სთვის გათვალისწინებყულია დაცვის სპეციალური მექანიზმი. კ-ები ტყვეობაში სარგებლობენ სამხედრო ტყვის სტატუსით. კ-ის სტატუსით არ სარგებლობენ ჯაშუშები და დაქირავებული პირები. კ-ის ცნება განსხვავდება მფარველობაში მყოფი პირების ცნებისაგან.

კომპენსაცია ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის (საერთაშორისო სამართალში) (Compensation for violation of human rights) – თანხა, რომლის გადახდა დაეკისრა სახელმწიფოს იურიდიული ან კვაზიიურიდიული ორგანოს მიერ იმ პირთა სასარგებლოდ, რომელთა უფლებებიც დაირღვა სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლების მოქმედებით ან უმოქმედობით (მაგ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების ძალით).

კომუნიკე (Communique) – ოფიციალური საერთაშორისო ხასიათის მოვლენათა შესახებ. შეიძლება ატარებდეს სახელმწიფოსთან საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანოს ცალმხრივი დოკუმენტის სახეს, რომლითაც საზოგადოებრიობას აცნობენ მომხდარი ფატქების, მიმდინარე მოლაპარაკებებისა და სხვა მოვლენათა შესახებ. მაგ.: საერთაშორისო მოლაპარაკებათა დაწყების, მიმდინარეობის ან დამთავრების შესახებ, შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობის შესახებ. კ-ს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციის ძალა და ის ვერ მიეკუთვნება საერთაშორისო სამართლის წყაროებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები კისრულობენ გარკვეულ მოვალეობებს და მკაფიოდ მიუთითებენ მათ იურიდიულად სავალდებულოობაზე, ეს დოკუმენტი ხდება საერთაშორისო ხელშეკრულება.

კონვენცია მამაკაცთა და ქალთა თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ (Convencion concerning Equal Remuneration for Men and Women Workers for Work of Equal Value) – მიღებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის მიერ 1952 წელს. კონვენცია აკისრებს მის მონაწილეებს ვადლებულებას, ბოლო მოუღონ ყოველგვარ დისკრიმინაციას ქალის შრომის ანაზღაურებაში და მკაცრად დაიცვან თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპი, სამუშაოს შემსრულებლის სქესის მიუხედავად.

კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (Covention on the Elimination of All Forms of Racial Discrimination) – მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1969 წელს. ამ კონვენციით (I – ლი მუხ.) უკანონოდ არის გამოცხადებული რასობრივი დისკრიმინაცია, ანუ ყველა ის განსხვავება, გამონაკლისობა, შეზღუდვა და გამორჩევა, რომლებიც ეყრდნობიან რასობრივ, კანის ფერის, ეროვნულ თუ ეთნიკურ ნიშნებს და რომლებიც მიზნად ისახავენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ნებისმიერ დარგში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა არრაების, გამოყენების ან თანაბარ საწყისებზე განხორციელების გაუქმებას ან შეზღუდვას.

კონვენცია გმობს არა მარტო რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმას, განსაკუთრებით სეგრეგაციასა და აპარტეიდს, არამედ დანაშაულად აცხადებს რასობრივ უპირატესობასა და სიძულვილზე აგებული იდეების ყოველგვარ გავრცელებას, რასობრივი დისკრიმინაციისაკენ წაქეზებას, აქტებს, რომლებიც მიმართულია რასობრივი ჯგუფების ან კანის ფერის თუ ეთნიკური წარმოშობის ნიშნით განსხვავებული ჯგუფების წინააღმდეგ; კრძალავს ისეთი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ეწევიან რასობრივი დისკრიმინაციის პროპაგანდას ან წაქეზებულობას მის ჩასადენად; გმობს და უკანონოდ აცხადებს ყველა ისეთ ორგანიზაციას, რომლებიც ზემოაღნიშნულ იდეებსა და თეორიებს ეყრდნობიან და ცდილობენ მათ განხორციელებას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გაატარონ მთელი რიგი კონკრეტული ღონისძიებებისა, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციაში; ამ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი დაკისრებული აქვს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს.

კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის შესახებ (Covention on the Elimination of All Forms of Discrimination Against Women) – საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულია 1977 წელს. კონვენცია კრძალავს სქესის მიხედვით ადამიანის უფლებების ყოველგვარ შეზღუდვას, რომელიც ამცირებს ან არარაობამდე დაჰყავს ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის პრინციპი საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა სფეროში.

კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ (convention on Political Rights of Women) – მიღებულია 1952 წელს. კონვენცია აკისრებს ვალდებულებას მასში მონაწილე სახელმწიფოებს, მიანიჭონ თავიანთ მოქალაქე ყველა ქალს; ა) აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება; ბ) იმის უფლება, რომ დაიკავოს ყოველგვარი თანამდებობა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ სამსახურში და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეასრულოს შესაბამისი ფუნქციები.

კონვენცია ქორწინებაში მყოფი ქალის მოქალაქეობის შესახებ (Convention on Citizenship of Married Women) – მიღებულია გაეროს ეგიდით 1957 წელს. კონვენცია კრძალავს უცხოელზე დაქორწინებული ქალის მოქალაქეობის ავტომატურ შეცვლას (ქმრის მოქალაქეობით) ან მოქალაქეობის საერთოდ დაკარგვას მისი სურვილის წინააღმდეგ.

კონვენციები და შეთანხმებანი მონობისა და მონებით ვაჭრობის აღკვეთის შესახებ (Convention and Agreements on Elimination of Slavery and Trade in Saves) – ადამიანის უფლებების დაცვის მომწესრიგებელ ნორმათა შორის ამ სფეროში მოქმედი აქტები ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისოსამართლებრივი აქტებია. ასეთ ნორმათა შემცველი პირველი კონვენცია მიიღეს 1926 წელს, რომელიც 7.XII.1953 მიღებული ოქმით ნაწილობრივ შეიცვალა. მალე (7.XII.1956) მიიღეს მეორე, დამატებითი კონვენციაც. ეს აქტები კრძალავენ არამარტო მონობასა და მონებით ვაჭრობას, არამედ ისეთ მოვლენებსაც, როგორებიცაა: ქალისა და ბავშვის გადაქცევა მონებად, ყმობა და ა.შ. აღნიშნული კონვენციები აკისრებენ ვალდებულებას სახელმწიფოებს, გააუქმონ ყველა ისეთი კანონი, რომლებიც ხელყოფენ მონებით ვაჭრობისა და მონობის დაუშვებლობის პრინციპს; ეს კონვენციები ითვალისწინებენ ამ პრინციპის დამრღვევთა დასჯის საშუალებებს. ზოგიერთი ხარვეზის მიუხედავად, აღნიშნული კონვენციები პროგრესული აქტებია და ხელს უწყობენ მონობის წინააღმდეგ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ ახლო და შუა აღმოსავლეთში, ასევე აფრიკაში დღესაც გვხვდება მონობის საშინელი ფაქტები. დღემდე მუსლიმურ აღმოსავლეთსა და აფრიკაში მილიონი ნახევარი ადამიანი ან აშკარა მონურ, ან ბატონყმურ მდგომარეობაშია, რაც 1956 წლის კონვენციის თანახმად, აგრეთვე, მონობის ნაირსახეობად ითვლება.

ლეგალიზაცია (Legalisation) – 1) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთი იმ ქვეყნებში, სადაც საპასპორტო რეჟიმი არ არსებობს; 2) მოქალაქეს უფლების დამადასტურებელი საბუთი ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად, აგრეთვე თანხის ან ქონების მისაღებად;

ლეგიტიმაცია (Legitimation) – რაიმე ქმედების ან ფაქტის სამართლიანობისა და კანონიერების აღიარება (მაგ.: არჩევნების, სახელმწიფო საზღვრის და ა.შ.)

ლიბერალიზმი (Liberalism) – XX საუკუნის იდეოლოგია,რომელიც ქადაგებს პოლიტიკური ინსტიტუტების თავისუფლებას, ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს, როგორებიცაა აზრის გამოხატვის უფლება, რელიგიური შემწყნარებლობა. იგი მხარს უჭერს იდეას, რომ მთავრობამ აქტიურად უნდა იღვაწოს კაპიტალიზმის რეგულირებაში, საერთო სიკეთისათვის და კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნისათვის, რომელშიც ღარიბთა მოთხოვნილებები მაქსიმალურად დაკმაყოფილებული იქნება.

ლისაბონის სამიტი (Lisbon Summit) – იხ.: ეუთო, ეთნიკური წმენდა

ლოკალური საერთაშორისო სამართალი (Local International Law) – ნორმათა ერთობლიობა, რომელიც დადგენილია ორი ან რამდენიმე სუბიექტის მიერ და, საყოველთაო საერთაშორისო სამართლისაგან განსხვავებით, არეგულირებს ურთიერთობებს სუბიექტთა შორის, რომელთა რიცხვი მცირეა (ორმხრივი, რეგიონალური ხელშეკრულებები და საერთაშორისო ჩვეულებანი) (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი). ლსს უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმებს.

ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები (Refugees and Internaly Displaced Persons) – ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით (I.A2 – li მუხ.) ტერმინში – „ლტოლვილი“ იგულისხმება პირი, რომელიც „რასის, სარწმუნოების, მოქალაქეობის, გარკვეული სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური მრწამსის ნიშნით დევნის მსხვერპლის კარგად დასაბუთებული საშიშროების გამო იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი მფარველობით ამ საშიშროების გამო, ანდა არ გააჩნია გარკვეული მოქალაქეობა და მსგავსი მოვლენების შედეგად იმყოფება თავისი ქვეყნის გარეთ, რის გამოც არ შეუძლია ან არ სურს დაბრუნდეს იქ ამგვარი საშიშროების გამო.“

საქართველოს კანონში „ლტოლვილთა შესახებ“ (1-ლი მუხ., 1-ლი პუნქ.), რომელიც მიღებულია 18.II.1998, მოცემულია ლტოლვილის ცნების შედეგი განმარტება: „ლტოლვილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი (იხ. აპარტეიდი), რომლისთვისაც საქართველო არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა, რადგან იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვენის მფარველობით ასეთი საშიშროების გამო. „საქართველოს კანონში (28.VI.1996) აღნიშნულია: დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის გამო.“ საქართველოში ლტოვილთა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი და სოციალური საკითხების მოგვარება ძირითადად ეკისრება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც, თავისი დებულების მიხედვით, „ხელმძღვანელობს ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეპატრიანტთა (იხ. რეპატრიაცია), სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროებს“ (იხ. რეპატრიაცია). ლტოლვილთა და დევნილთა პრობლემებზე, თავისი პროფილის მიხედვით, ზრუნავენ აგრეთვე საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების და სხვა სამინისტროები.

საერთაშორისო დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში აქტიურად მოღვაწეობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (გლუკ-ის) წარმომადგენლობა, რომელსაც გახსნილი აქვს სამსახურები თბილისში, ზუგდიდსა და სოხუმში, მარტო 1998 წელს ამ წარმომადგენლობამ საქართველოში დააფინანსა ათი მილიონ სამასი ათას დოლარზე მეტი ღირებულების სპეციალური პროგრამები დევნილებისა და ლტოლვილებისათვის. გლუკ-ის ოფისი უმთავრეს როლს ასრულებს ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საქმეში. გლუკ-ს მანადატით ევალება ყველა იმ პირის დაცვა, ვინც 1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის ოქმის საფუძველზე ლტოლვილად შეიძლება იქნეს მიჩნეული. იგი მოწოდებულია, უზრუნველყოს ლტოლვილები თავშესაფრით, დაიცვას მათი სამართლებრივი უფლებები, არ დაუშვას მათი ძალით დაბრუნება იმ ქვეყანაში, სადაც საფრთხე ემუქრებათ და ა.შ. გლუკ-ი დიდ როლს ასრულებს აგრეთვე ლტოლვილთათვის მატერიალური დახმარების გაწევაში, რაც თავდაპირველად მის ფუნქციებში არ შედიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გლუკ-ის მანდატი ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც დასაბუთებული საფრთხის გამო გადაკვეთეს თავიანთი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის საზღვარი, შემდგომ, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჩათვალა, რომ გლუკ-ი დახმარებოდა იმ პირებსაც, რომლებიც საკუთარი ქვეყნისვე ტერიტორიაზე ლტოლვილთა ანალოგიურ პირობებში იმყოფებიან. დღეს გლუკ-ი უფლებამოსილია, განახორციელოს ლტოლვილთა და ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა კატეგორიის პირთა დაცვა, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს მათი ქვეყანა, მონაწილეა თუ არა იგი 1951 წლის ჟენევის კონვენციისა და 1967 წლის ოქმისა, როდის შეექმნა საფრთხე იძულებით გადაადგილებულ პირს და ა.შ გლუკ-ის ამოცანაა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვა, მიუხედავად მის ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, რომელთა შორის 13,2 მილიონი იყო ლტოლვილი, 4,7 მილიონი – დევნილი, 8,1 მილიონი – სხვა კატეგორიის გადაადგილებული პირი.

მაასტრიხტის ხელშეკრულება (Maastricht Treaty) – იხ. ევროკავშირი.

მარტენსის დეკლარაცია (დათქმა) (Martence Declaration) – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ტერმინი, რომელიც უკავშირდება 1899 წლის ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსი პროფესორის, ფეოდორ მარტენსის მიერ „სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში შესატანად შეთავაზებულ შემდეგ დებულებას: „ისეთ შემთხვევებში, რომლებსაც კონვენციის დებულებები არ ითვალისწინებენ, მოსახლეობისა და მეომრების დამცველად გამოდის ის სამართალი, რომელიც ცივილიზებულ ხალხთა მიერ ჩამოყალიბებული ტრადიციებიდან, ჰუმანურობის კანონებიდან და საზოგადოებრივი შეგნების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.“ დეკლარაცია ვრცელდება ყველა იმ სიტუაციაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული საერთაშორისო სამართლით. აღნიშნული დათქმა აისახა ჟენევის 1949 წლის კონვენციებსა და 1977 წლის I დამატებით ოქმში, 1-ლი მუხ. (იხ.:ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ). ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ). იგი ერთგვარი სამართლებრივი გარანტიაა ომის მსხვერპლთათვის ისეთ სიტუაციებში, როდესაც პოზიტიურ სამართალაში გაკრვეული ხარვეზები არსებობს და პრობლემის დარეგულირება მხოლოდ ჰუმანურობის პრინციპის მიხედვით შეიძლება. ფ.მარტენსის ზემოაღნიშნული დებულება შევიდა საერთაშორისო სამართლის ტერმინოლოგიაში როგორც „მარტენსის დეკლარაცია (დათქმა)“.

მასობრივი განადგურება (ადამიანების) (mass distruction (of people)) – ადამიანთა დიდი რაოდენობის ფიზიკური ლიკვიდაცია ბირთვული თუ სხვა ასეთი სიძლიერის იარაღის გამოყენებით, სახელმწიფოს მიერ თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ან სხვა, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი ჯგუფების მასობრივი მკვლელობა მათი არსებობის მოსპობის მიზნით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის გაჟლეტა (იხ.: გენოციდი, ომის დანაშაულობანი, დანაშაულობანი ადამიანურობის წინააღმდეგ).

ლისაბონის სამიტზე (ეუთო) დაგმობილ იქნა აფხაზი სეპარატისტების ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რაც გამოიხატა. ძირითადად ქართველი მოსახლეობის „მასობრივი განადგურებით“ (მკვლელობით).

მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციები (Intergovernental international organizations) – მუდმივმოქმედი სახელმწიფოათაშორისი გაერთიენებები, რომლებიც იქმნება მთავრობებს შოის ამა თუ იმ სფეროში თანამშრომლობის, მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. ასეთი ორგანიზაციების შესაქმნელად აუცილებელია, რომ სულ ცოტა, სამმა სახელმწიფომ შეიმუშაოს საერთაშორისო შეთანხმების დამფუძნებელი აქტი (წესდება, სტატუტი თუ სხვ.). მსო საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან. მათი აუცილებელი კომპონენტია მუდმივმოქმედი ორგანოს არსებობა. მსო-ის მიერ მირებული გადაწყვეტილების იურიდიული ძალა განსაზღვრულია ორგანიზაციის დამფუძნებელი აქტით, რომელიც თავის მხრივ, თანამედროვე საერთაშორისო სამართალს ემყარება (იხ. ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა). მსო სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დაყოფილია სამ კატეგორიად, ესენია: 1) წევრთა რაოდენობის მიხედვით – ზოგადი (გაერო), რეგიონალური (ევროპის საბჭო) და ლოკალური; 2) კომპეტენციის მიხედვით – უნივერსალური (გაერო) და სპეციალური (გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებანი); 3) გადაწყვეტილების მიღების პროცედურის მიხედვით – სუვერენული თანასწორობის პრინციპზე დამყარებული და „წონადი ხმის“ მიცემის (მაგ., საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პრინციპზე დამყარებული.

მიგრანტი-მუშები (Migrant-workers) – განვითარებადი და ზოგიერთი განვითარებული ქვეყნიდან (იტალია, თურქეთი) დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ჩამოსული იმიგრანტები, რომლებიც, როგორც იაფფასიანი მუშახელი, სახელმწიფოს მხრიდანაც და კერძო საწარმოებშიც ექსპლუატაციის ობიექტებად იქცევიან. მუშაობენ 10-12 საათს, იღებენ ადგილობრივ მოსახელობასთან შედარებით გაცილებით დაბალ ხელფასს, იდევნებიან პოლიციის მიერ, არ აქვთ უფლება პროფკავშირებში გაერთიანებისა, შეზღუდულია მათი საოჯახო უფლებებიც – გარკვეულ კატეგორიას არ აქვს ოჯახის ჩამოყვანის უფლება.

საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, შეამსუბუქოს მმ-ის მდგომარეობა, 1990 წლის 18 დეკემბერს გაერო-გენერალურმა ასამბლეამ მიიღო და ხელმოწერისათვის გახსნილად გამოაცხადა „საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი-მუშისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის შესახებ“ (ძალაში შევიდა 1.IV.03), რომლის მიზანია, დაარეგულიროს ურთიერთობათა მიმღებ სახელმწიფოსა და მმ-ს შორის ავალებს, დაიცვას არსებული, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები, სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში, უზრუნველყოს მმ-ის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება, დაცული უნდა იყოს ოჯახების ყველა წევრის უფლებები, იცხოვრონ ერთად და ისარგებლონ კულტურული და განათლების ელემენტალური უფლებებით.

აღსანიშნავია, რომ კონვენციის დებულებები სავალდებულოა არა მარტო მასში მონაწილე ქვეყნებისათვის, არამედ ყველა სახელმწიფოსათვის, რადგანაც ისინი შემოტანილია ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ არსებული სტანდარტებით.

აღსანიშნავია ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მიღებული კონვენციები „სამუშაოს მოპოვებისათვის მიგრაციის შესახებ“ („მიგრაციის პირობებში და მიგრანტთა თანასწორობისა და მოპყრობის დაცვის შესახებ“ და სხვ.)

1957 წლის მინიმალური სტანდარტები პატიმართა მოპყრობის შესახებ (1957 minimal standards for prisoners treatment) – იხ. პატიმრობა.

მონიტორინგი (monitoring) – კონკრეტული საკითხის ან ვითარების ირგვლივ ინფორმაციის სისტემური მიღება და დამუშავება, რომელიც შეიძლება გამოყონებული იყოს: გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად ან ხელის შესაწყობად, სახელმწიფოთაშორისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საშუალებად, პროექტის განხორციელების თუ მიზნის მიღწევის საშუალებად ან საზოგადოების ინფორმირების გასაღრმავებლად.

მ-ის ჩატარება შემდეგ მიზნებს ემსახურება: გამოავლინოს მოცემულ სფეროში არსებული მდგომარეობა, რათა შემდგომში შემუშავდეს კონკრეტული ღონისძიებები; ხელი შეუწყოს კრიტერიუმებისა და წესების დანრეგვას: უზრუნველყოს გრძელვადიანი ურთიერთობების დანერგვა ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მეშვეობით (მაგალითად, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოს შორის).

მ შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი. მ ტარდება ერთი კონკრეტული ღონისძიების შესასწავლად (მაგალითად, სახელმწიფოში არჩევნების ჩატარების დროს). მუდმივი მ-ის სახეობაა ევროპის საბჭოს მიერ სისტემური შემოწმება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მსვლელობისა და საპარლამენტო ასამბლეისთვის ინფორმაციის მიწოდება, რასაც, როგორც წესი, ამ ორგანოს რეზოლუცია მოჰყვება.

მონობა და მონებით ვაჭრობა (Slavery and trade in slaves)საერთაშორისო ხასიათის დანმაშაული, რომელიც გამოიხატება ექსპლუატაციის მიზნით ადამიანების მონობაში მოქცევისა და მოგების მირების მიზნით მონებით ვაჭრობაში. მ და მვ-ის მსგავსი დანაშაულია ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობა. საერთაშორისო სამართლით მონობა აკრძალულია. 1890 წელს ბრიუსელში საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებულ იქნა აქტი, რომელიც ითვალისწინებდა მონობასთან ბრძოლის კონკრეტულ ღონისძიებებს. 1926 წლის 25 სექტემბერს მიღებულ იქნა საერთაშორისო კონვენცია მონობის შესახებ. გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მე-4 მუხ.) კრძალავს მონობის ყოველგვარ ფორმას. მონებით ვაჭრობა ნიშნავს მონების გადაყვანის ან მათი გადაყვანის მცდელობას ერთი ქვეყნიდან მეორეში, ან მათ გაყიდვას მატერიალური თუ სხვაგვარი მოგების მიღების მიზნით.

მოქალაქე (Citizen) – პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე მიეკუთვნება გარკვეულ სახელმწიფოს. მ-ს აქვს განსაზღვრული უფლებაუნარიანობა, აღჭურვილია გარკვეული უფლებებითა და თავისუფლებებით, აკისრია კანონით განსაზღვრული მოვალეობები. მ თავისი სამართლებრივი მდგომარეობით განსხვავდება ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელებისაგან და მოქალაქეობის არმქონე პირებისაგან (იხ. აპატრიდი). მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს მ-ს აქვს პოლიტიკური უფლებები.

მოქალაქეობა (Citizenship) – პირის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი კონკრეტულ სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთეირთსანაცვლო უფლებების, მოვალეობებისა და ერთმანეთის მიმართ პასუხიმსგებლობის ერთიანობით. სახელმწიფო აღიარებს და იცავს პიროვნების უფლებებსა და თავისუფლებებს სახელმწიფოში და მფარველობს მას საზღვრებს გარეთ. მოქალაქე იცავს სახელმწიფოს კანონებს და ასრულებს სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამ უფლება-მოვალეობათა ერთობლიობა ქმნის აყალიბებს მოქალაქის პოლიტიკურ-სამართლებრივ სტატუსს, რაც განასხვავებს მას უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისაგან (იხ. აპატრიდი). მ-ის მოპოვება ხდება როგორც დაბადებით, „სისხლის“ პრინციპის (იხ. სისხლის პრინციპი“ მოქალაქეობის შეძენისა), ანუ მშობელთა მოქალაქეობის მიხედვით (საქართველო, დანია და სხვა) ან „ნიადაგის“ პრინციპით (იხ. ნიადაგის პრინციპი“ მოქალაქეობის შეძენისა): იმის მიხედვით, თუ სად დაიბადება ბავშვი (აშშ, არგენტინა და სხვ.) ასევე ნატურალიზაციით (მ-ის შეძენა ხდება პიროვნების პირადი თხოვნის საფუძველზე და პიროვნების განსაკუთრებული პირადი დამსახურების გამო). მ-თან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საერთაშორისოსამართლებრივი ნორმები და ეროვნული კანონმდებლობა, მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წლის), 1957 წლის გაეროს კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ, 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და სხვ. საქართველოს მ-სთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია (მე-12, მე-13 მუხლები) და საქართველოს 1993 წლის 25 მარტის კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ.“

საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოში არ არსებობს ორმაგი მოქალაქეობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფოს ინტერესებიდან (საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილება 06.02.2004#32782 – სსმ#2, მე-5 მუხ.). საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ადგილსამყოფლისა. საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის ჩამორთმევა და საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია. ასევე არ დაიშვება საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა, გარდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოქალაქის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მოქალაქეობის არმქონე პირი (Stateless person) – იხ. აპატრიდი.

მოხალისე (Volunteer) – პირი, რომელიც თავისი ნებით მიემგზავრება სხვა სახელმწიფოში მიმდინარე საერთაშორისო თუ არასაერთაშორისი შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწიელობის მისაღებად. მოხალისეობა დასაშვებად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მ-ის სახელმწიფო ახორციელებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, ხოლო დაუშვებლად არის მიჩნეული, თუ „მოხალისე“, სინამდვილეში, საგანგებოდ დაქირავებული პირია, რომელიც აგრესორი სახელმწიფოს ან აგრესიული სეპარატიზმის მხარეზე საბრძოლველად მიდის. ხშირად „მოხალისეობა“ მხოლოდ ნიღაბია ისეთი საქმიანობის მიჩქმალვისთვის, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია. ასე, მაგალითად, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი ათასობით „მოხალისე“ სინამდვილეში რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაქირავებული პირები იყვნენ.

მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (Multilateral international treaty) – ხელშეკრულება, რომელშიც მონაწილეობს ორზე მეტი მხარე. იგი შეიძლება იყოს უნივერსალური (მაგ., საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ) და რეგიონალური (ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ). საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში ასევე გამოყოფილია შეზღუდული რაოდენობის მონაწილეთა ხელშეკრულებები.

მფარველობაში მყოფი პირები (Protected persons)საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ისეთი პირები, რომლებიც ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის კონვენციების მიხედვით და ამ კონვენციების 1977 წლის ორი დამატებითი ოქმით, შეიარაღებული კონფლიქტების დროს განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ (იხ.: ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ). „ჟენევის სამართალი“ ერთმანეთისაგან განასხვავებს მმპ-თა რამდენიმე კატეგორიას როგორც შეიარაღებულ ძალებში, ისე სამოქალაქო მოსახლეობაში. ესენია: დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილი პირები, სამხედრო ტყვეები, ინტერნირებული სამოქალაქო პირები, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო პირები, ოკუპურებულ ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო პირები.

ჟენევის 1949 წლის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმი, რომელიც არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებს ეხება, არ ცნობს იმ პირთა განსაკუთრებულ სტატუსს, რომლებიც მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. აღნიშნულ ოქმში საუბარია მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ძალას იყენებენ არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ იყენებენ ან ვეღარ იყენებენ ასეთ ძალას. მაგ.: დაჭრილები, ავადმყოფები, ტყვეები, მოსახლეობა, რომელიც საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობს.

მშვიდობიანი მოსახლეობა (Civilian population) – მოსახლეობა, რომელიც იმყოფება მეომარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არ ეკუთვნის მის შეიარაღებულ ძალებს. მმ-ის სამართლებრივი მდგომარეობა რეგულირდება ჰააგის 1907 წლის კონვენციით „სახმელეთო ომის კანონთა და ჩვეულებათა შესახებ“ (იხ. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები). ჟენევის 1949 წლის IV კონვენციით „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ). მეომარ მხარეებს ეკრძალებათ საომარი მოქმედებები მმ-ის წინააღმდეგ, რაც ომის დროს მოქმედი სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. ნებისმიერ პირობებში მმ-ს უფლება აქვს მოითხოვოს, პატივისცემით მოეკიდონ მის პირად ღირსებას, რელიგიურ მრწამსსა და წეს-ჩვეულებებს; მოითხოვოს, თავი შეიკავონ მის მიმართ ყოველგვარი დისრკიმინაციისაგან, მიუხედავად რასობრივი კუთვნილების, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ერონული თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა რაიმე ნიშნისა. ფაშისტური გერმანიის დანაშაულებრივმა პოლიტიკამ მმ-ის მიმართ (იხ. გენოციდი) შეძრა დემოკარტიული სამყარო, რამაც განაპირობა ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიღების აუცილებლობა. ბოლო წლებში მმ გახდა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებსა და და ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განვითარებული აგრესიული სეპარატიზმის დანაშაულებრივ ქმედებათა ძირითადი მსხვერპლი (იხ. ეთნიკური წმენდა). აკრძალულია მეომარი სახელმწიფოების შეიარაღებულ პირთა თავდასხმა მმ-ზე, მათ წინააღმდეგ არაარჩევითი იარაღის გამოყენება, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს მმ-ის გაჟლეტა, ასევე ხელშეუხებელია მმ-ის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები.

მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული (Crimes against peace and humanity) – მძიმე საერთაშორისო სამართალდარღვევა (დანაშაული), რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას, ხელყოფს მშვიდობიანი თანაცხოვრების წესებს, სახელმწიფოთა და ხალხთა თავისუფალ განვითარებას, მასობრივად და უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ამ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება: დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ (აგრესია, გენოციდი და სხვ.); სამხედრო დანაშაულობანი (ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევა); დანაშაული ადამიანურობის წინააღდმეგ. პირველად საერთაშორისო დანაშაულთა კლასიფიკაცია მოახდინეს ნიურნბერგისა და ტოკიოს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალებმა (იხ. ნიურნბერგის პროცესი და ტოკიოს პროცესი). რომელთა წესდებასა და მთავარ სამხედრო დამნაშავეთა მიმართ გამოტანილ განაჩენებში ჩამოყალიბებულია ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სამართლისა აგრესიული სახელმწიფოებისა და მათი მეთაურების პასუხისმგებლობის შესახებ.

მძევალთა აყვანა (ხელში ჩაგდება) (Hostage taking) – ამა თუ იმ პირის (ან პირთა ჯგუფის) შეპყრობა ან იძულებით დაკავება, რასაც თან ახლავს სიკვდილის, დასახიჩრებისა ან ტყვეობაში დატოვების მუქარა. მა-ის მიზანია, მძევლის (მძეველების) განთავისუფლების პირობით აიძულონ მესამე მხარე (სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი), უშუალოდ თუ სხვისი მეშვეობით შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან, პირიქით, უზრუნველყოს მისი შეუსრულებლობა. თანამედროვე საერთაშორისო სამართლით და შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ნორმებით მძევალთა შეპყრობა პირველად აიკრძალა ჰააგის 1907 წლის კონვენციით სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულების შესახებ (იხ. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები). 1979 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია მძევალთა შეპყრობასთან ბრძოლის შესახებ. ამავე საკითხს არეგულირებს ჰააგის 1970 წლის კონვენცია საჰაერო ხომალდების გატაცებასთან ბრძოლის შესახებ და მონრეალის 1971 წლის კონვენცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქციებთან ბრძოლის შესახებ.

მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა მძევალთა ხელში ჩაგდების დანაშაულად აცხადებს. მაგ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საამისოდ გათვალისწინებულია დანაშაულის ორი შემადგენლობა – „მძევლად ხელში ჩაგდება“ (144-ე მუხ.) და „მძევლად ხელში ჩაგდება ტერიტორისტული მიზნით“. (329-ე მუხ.).

ნატურალიზაცია (naturalization) – ფიზიკური პირისათვის პირადი თხოვნის (განცხადების) ან თანხმობის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭება ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. ნ-ით მოქალაქეობის მიღების წესს არეგულირებს შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნორმები.

საქართველოს კანონში მოქალაქეობის შესახებ, რომელიც მიღებულია 25.03.1993, ჩამოთვლილია ნ-ის წესით მოქალაქეობის მიღების შემდეგი პირობები: ა) პირი მუდმივად ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და კანონმდებლობა; დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან რაიმე უძრავი ქონება, კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს ცალკეული კატეგორიის პირების მიმართ, როდესაც დაშვებულია ასეთი პირის განთავვისუფლება ზემოთა ჩამოთვლილი პირობებისაგან. კერძოდ, კანონის თანახმად (27-ე მუხ.) საქართველოს პრეზიდენტს, გამონაკლისის სახით, უფლება აქვს, ჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლად საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს ამა თუ იმ პირს, რომელსაც: 1) კაცობრიობის ან საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო ან საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს ისეთი პროფესია, ან კვალიფიკაცია, რომელიც ხელსაყრელია საქართველოსთვის; 2) მისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. ამავე კანონით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭება პირს, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წელზე მეტი ვადით, და თუ ეს ნასამართლეობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (26-ე მუხ.)

ნიადაგის პრინციპი“ მოქალაქეობის შეძენისა (jus soli) – დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც, მშობლების მოქალაქეობის მიუხედავად, პირს ენიჭება იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა, რომლის ტერიტორიაზეც დაიბადა. 1993 წლის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი ითვალისწინებს „ნადაგის პრინციპის“ ცალკეულ შემთხვევას. კერძოდ, კანონის მე-13 და მე-15 მუხლები ადგენენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს ტერიტორიაზე.

ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენცია მძევალთა აყვანასთან ბრძოლის შესახებ (1979 წელი) – იხ. საერთაშორისო ტერორიზმი.

ნიურნბრეგის პროცესი (Nurenmebrg trial) – გერმანელი ნაცისტების მთავარ სამხედრო დამნაშავეთა გასამართლებლად გამართული სასამართლო პროცესი, რომელიც ქ. ნიურბერგში (გერმანია) მიმდინარეობდა 20.IX.1945 – 1.X.1946. ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა (სსრ კავშირი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი) შეთანხმების საფუძველზე. სასამართლოს წინაშე წარდგა ფაშისტთა 24 ლიდერი. ტრიბუნალის შემადგენლობაში შედიოდნენ სსრ კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მიერ დანიშნული ოთხი მოსამართლე და მათი მოადგილეები, ბრალდებას მხარს უჭერდა ათი მთავარი ბრალდმებელი.

ნპ-ზე პირველად გერმანიის ხელმძღვანელობას ბრალს სდებდნენ: შეთქმულებაში აგრესიული ომის მომზადებისათვის და ამ ომის წარმოებაში პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხოსლოვაკიის, დანიის, ნორვეგიის, ბელგიის, იუგოსლავიის, საბერძნეთის, სსრ კავშირისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩადენაში, სამხედრო ტყვეების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მოსახლეობის წამებასა და მასობრივად განადგურებაში, სამოქალაქო მოსახლეობის გერმანიაში გადაყვანაში იძულებითი სამუშაოების შესასრულებლად, მძევალთა მკვლელობაში, სახელმწიფო და კერძო საკუთრების გაძარცვაში, სამოქალაქო ობიექტების, ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების არასამხედრო მიზნით განადგურებაში, სამხედრო დანაშაულობებში, პოლიტიკური, რასობრივი ან რელიგიური მოტივებით სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივ განადგურებაში და სხვ. ამგვარად, პირველად იქნა აღიარებული აგრესია, როგორც უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული და პასუხისმგებლობა აგრესიული ომის გაჩაღებისათვის, ამასთან ინდივიდუალური პასუხიმსმგებლობა დაეკისრებათ როგორც რიგით ფიზიკურ პირებს, ასევე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს. ნპ-ზე პირველად იქნა გამოყენებული პრინციპი, რომ პასუხისმგებლობსაგნ არ თავისუფლდება პირი, რომელიც ასრულებდა დანაშაულებრივ ბრძანებას. აღნიშნული პრინციპი აისახა სამხედრო ტრიბუნალების წესდებებსა და ამ ტრიბუნალების მიერ გამოტანილ განაჩენებში. ამავე პრინციპს, როგორც საერთაშორისოსამართლებრივ პრინციპს, აღიარებს გაეროს გენერალური ასამბლეის ორი რეზოლუცია, რომლებიც მიღებულია 11.XII. 1946 და 27.XI.1947. ნპ-ზე აღიარებული პრინციპები საფუძვლად დაედო 1968 წელს მიღებულ კონვენციას „სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოუყენლობის შესახებ“ (იხ. აგრეთვე: ომის დანაშაული, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული).

ნორმა საერთაშორისოსამართლებრივი (Norm of international law)საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ქცევის წესი, რომელსაც აქვს იურიდიულად სავალდებულო ძალა (იხ. წყაროები საერთაშორისო სამართლისა).განასხვავებენ პირველად და მეორად ნორმებს ანუ შესაბამისად იმ ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ სუბიექტთა (იხ. სუბიექტები საერთაშორისო სამართლისა) უფლება-მოვალეობებს და იმ ნორმებს, რომლებიც ადგენენ პასუხისმგებლობის სახეებსა და ფორმებს ამ უფლება-მოვალეობათა დარღვევის შემთხვევაში იხ.: საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სანქციები და კონტრზომები).

ოკუპაცია (Occupation)საერთაშორისო სამართალში ოკუპაციის ორ გაგებას ვხვდებით: 1) ო – ,,terra nullius“ – არავისი მიწის დაკავება (ათვისება), ანუ ისეთი ტერიტორიის დაკავებაა, რომელიც არც ერთი სხვა სახელმწიფოს სამფლობელო არ არის. ო-ის ნიშნებს შორის გადამწყვეტ ფაქტორად აღიარებულია ამ ტერიტორიაზე ოკუპირებული სახელმწიფოს ხელისუფლების ეფექტიანობა. ასეთი გაგებით, ო სახელმწიფო ტერიტორიის შექმნის ერთ-ერთი ფორმაა აზიისა და აფრიკის კოლონიზაციის პერიოდში (XVI-XIX სს.); 2) სამხედრო ო ძალის გამოყენებით, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის დროებითი დაკავება. ,,სახმელეთო ტერიტორიის ან მისი ნაწილის დროებითი დაკავება. ,,სახმელეთო ომის კანონთა და ჩვეულებათა შესახებ“ ჰააგის 1907 წლის კონვენციის, ,,ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის მე-4 კონვენციის,აგრეთვე 1949 წლის ჟენევის კონვენციებთან დაკავშირებით 1977 წელს მიღებული 1-ლი დამატებითი ოქმის (იხ.: ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები, ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ) დებულებათა მიხედვით, სამხედრო ო-ის დროს დამყარებული ხელისუფლება სუვერენიტეტს მოკლებული დროებითი ფაქტობრივი ხელისუფლებაა, რომელმაც პატივი უნდა სცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებებს, დაამყაროს იქ წესრიგი და რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეინარჩუნოს და პატივი სცეს იქ არსებულ კანონებს. სამხედრო ო არის არა ტერიტორიის შეძენის ფორმა, არამედ იგი ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის მხოლოდ დროებითი დაკავებაა და, წესისამებრ, უნდა შეწყდეს კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ დადებული საზავო ან სხვა სახის საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე (მაგ., ჰიტლერული გერმანიის ტერიტორია დაყოფილ იქნა ოთხ საოკუპაციო ზონად აშშ-ს, სსრ კავშირს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, რაც კარგა ხნის შემდეგ გაუქმდა).

ომბუდსმენი (Ombudsman – შვედურად წარმომადგენელი) – პირი ან კოლექტიური ორგანო, რომელსაც ევალება, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად დიცვას პიროვნების უფლებები, თუ ისინი დარღვეულია საჯარო ხელისუფლების მიერ, ზოგიერთ ქვეყანაში ო-ს იჩევს ან ნიშნავს პარლამენტი, ზოგიერთში ამ ფუნქციას ასრულებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არჩეული (დანიშნული) პირი. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სახის ო – ადამიანის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვის სფეროში, ეროვნულ უმცირესობათა დაცვისა და სამხედრო ნაწილებში მომსახურე ჯარისკაცთა და ოფიცერთა უფლებების დამცველები და ა. შ.

პირველი ეროვნული ო არჩეულ იქნა შვედეთის პარლამენტის მიერ, შემდგომ ამ ინსტიტუტის შემოღება სხვა საქმეებშიც იწყება. 1987 წლის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: ,,ომბუდსმენის განსაკუთრებული მოვალეობაა, უზრუნველყოს სასამრთლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის იმ დებულებათა შესრულება, რომლებიც ეხება ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. და არ დაუშვას მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავსიუფლებების შეზღუდვა საჯარო ხელისუფლების მიერ.“

საქართველოში ო-ის ინსტიტუტის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით (იხ. საქართველოს სახალხო დამცველი).

ომის დამნაშავეები (War criminals) – ის პირნი, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული (იხ. მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული), დაარღვიეს ომის კანონები და ჩვეულებები. საერთაშორისო სამართალში ამგვარ დამნაშავეებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სსრ კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ 2.VII.1043 მიღებული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, ის პირნი, რომელთა დანაშაული არ უკავშირდება გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ანუ აღიარებული არიან მთავარ სამხედრო დამნაშავეებად, ექვემდებარებიან საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალებს. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი მთავარ სამხედრო დამნაშავეთა საქმეებზე მიმდინარეობდა ნიუნბერგში (გერმანია) 20.XI.1945-დან 1.X.1946-მდე (იხ. ნიურნბერგის პროცესი), ხოლო მთავრ იაპონელ სამხედრო დამნაშავეთა საქმეებზე – 3.V.1946-დან 12.X.1948-მდე ტოკიოში (იაპონია) (იხ. ტოკიოს პროცესი). ორივე ტრიბუნალი ჩამოყალიბდა სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე და მოქმედებდნენ საკუთარი წესებით. ორივე ეს წესდება აგებულია სისხლის სამართლის დემოკრატიულობის პრინციპების მიხედვით. ორივე წესდებაში გამოყოფილ იქნა მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სამი ჯგუფი: 1) მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობანი – აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება, ან ომის წარმოწყება საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით, ან ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებათა ჩასადანად შეთქმულებაში თუ საერთო გეგმაში მონაწილეობის მიღება; 2) სახელდობრ ომის დანაშაულობანი – ომის კანონებისა და ჩვეულებათა დარღვევა, კერძოდ: მკვლელობა, წამება ან ოკუპიებული ტერიტორიების სამოქალაქო მოსახლეობის მონობაში (ან სხვა მიზნით) წაყვანა, სამხედრო მკვლელთა ან მძევალთა მკვლელობა ან წამება; კერძო ან საზოგადოებრივი ქონების ძარცვა და განადგურება, ქალაქებისა და სოფლების უმიზნოდ განადგურება და სხვ.; 3) დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ.

მეორე მსოფლიო ომში ჩადენილი დანაშაულებისათის გერმანელ და იაპონელ მთავარ სამხედრო დამნაშავეებს მიესაჯათ სიკვდილი, ხოლო დანარჩენებს – მუდმივი ან ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა. არამთავარი სამხედრო დამნაშავეების სასამართლო პროცესები გაიმართა საბჭოთა კავშირში, პოლონეთსა და სხვა ქალაქებში. სამხედრო დამნაშავეებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა და არც თავშესაფრის უფლება. სამხედრო დამნაშავეები ექვემდებარებიან ექსტრადიციას დღემდე ხდება ზოგიერთი მათგანის გადაცემა იმ ქვეყნისათვის, სადაც მათ დანაშაული ჩაიდინეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოხდა ომის დანაშაულობათა ნუსხის შემდგომი გაფართოება შემდგომი სიტუაციის გათვალისწინებით. საფუძვლად დაედო ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები. ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსს, რომელიც ოდ-თა განმსაზღვრელი ნორმების კოდიფიცირებას ახდენს.

ომის დანაშაულობანი (War crimes)ომის კანონებისა და ჩვეულებების განსაკუთრებით სერიოზული, მძიმე დარღვევები, რომლებსაც მიეკუთვნება: მკვლელობა, წამება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მონობაში ან სხვა მიზნით გარეკვა, სამხედრო ტყვეთა ან გემის კატასტროფაში მოყოლილ პირთა მკვლელობა და წამება, მძევალთა მკვლელობა; კერძო ან საზოგადოებრივი ქონების ძარცვა, სამოქალაქო დასახლებული პუნქტების უმიზნოთ განადგურება-გაპარტახება და სხვ. ეს დანაშაულობები ჩამოთვლილია ნიუნბერგის 11946 წლის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის (იხ. ომის დამნაშავეები, ნიუნბერგის პროცესი) წესდებაში (მე-6 მუხ.).

ომის დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებს (რომის სტატუსისი მე-5 მუხლის 1 პუნქტიას ,,ც“). რომის სტატუტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, თუ რა ჩაითვლება ომის დანაშაულებად. სტატუტი ოდ-ად მიიჩნევს როგორც ომის მსხვერპლთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე ომის წარმოების აკრძალულ მეთოდებსა და საშუალებებს გარდა ამისა, მე2(ე) პუნქტი ეხება არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებს და, ამრიგად, არ გამოიყენება შიდა წესრიგის დარღვევისა და დაძაბულობების დროს, როგორებიცაა: არეულობები, ძალადობის ცალკეული და სპორადული შემთხვევები ან სხვა მსგავსი ხასიათის აქტები; ის ეხება შეიარაღებულ კონფლიქტებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც მიმდინარეობს ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და ორგანიზებულ შეიარაღებულ დაჯგუფეფებს შორის ან ასეთ დაჯგუფეფებს შორის.

რომის სტატუტი განსაზღვრავს, თუ რა ჩაითვლება ომის დანაშაულებად. კერძოდ, 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების მძიმე დარღვევა ანუ ქმედებები, რომელიც მიმართულია ჟენევის კონვენციების დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან საკუთრების წინააღმდეგ; განზრახ მკვლელობა; წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტები; მძიმე ტანჯვის, სხეულის მძიმე დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება; საკუთრების უკანონო, უაზრო და ფართომასშტაბიანი განადგურება და მითვისება, რაც გაუმართლებელია სამხედრო აუცილებლობით; სამხედრო ტყვის ან სახვა დაცვის ქვეშ მყოფი პირის იძულება, იმსახუროს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში; სამხედრო ტყვის ან სხვა დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის სამართლიანი და ნორმალური სასამართლო განხილვის უფლების ჩამორთმევა; უკანონო დეპორტაცია ან გადაადგილება, ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა; მძევლებად აყვანა; იმ კანონებისა და ჩვეულებების მძიმე დარღვევები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება: განზრახ თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც უშუალოდ არ გამოიყენებიან საომარ მოქმედებებში; განზრახ თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე, ე. ი. იმ ობიექტებზე, რომლებიც არ გამოიყენებიან სამხედრო სამიზნეთ; დარტყმების განზრახ მიყენება ჰუმანიტარულ დახმარებაში ან მშვიდობის მხარდამჭერ მისიაში გაეროს წესდების შესაბამისად მონაწილე პერსონალზე, ობიექტზე, მასალებზე, ქვედანაყოფებზე და გადასაზიდ საშუალებებზე, ვიდრე მათ აქვთ ის დაცვის უფლება, რაც ენიჭებათ სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; განზრახ თავდასხმა, როდესაც ცნობილია, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა შემთხვევით დაღუპვას ან დაზიანებას ან სამოაქალაქო ობიექტების დაზიანებას, ანდა ბუნებრივი გარემოს ფართომასშაბიან, ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ზიანს, რომელიც არათანაზომიერი იქნებოდა კონკრეტული და უშუალოდ მოსალოდნელი სამხედრო უპირატესობისა; ნებისმიერი საშუალებით ქალაქებზე, სოფლებზე, საცხოვრებლებსა ან შენობაზე თავდასხმა, ან მათი დაბომბვა, რომლებიც არ არიან დაცული და არ გამოიყენებიან სამხედრო სამიზნედ; იმ კომბატანტის მოკვლა ან დაჭრა, რომელმაც დადო იარაღი ან არ გააჩნია დაცვის საშუალება და უსიტყვოდ დანებდა; დროებით ცეცხლის შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, ეროვნული დროშის ანდა გაეროს ან მოწინააღმდეგის განმასხვავებელი სამხედრო ნიშნის და ფორმის, აგრეთვე ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემების არასათანადო გამოყენება, რამაც ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია; ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის თუ მისი ნაწილის დეპორტაცია ან გადაადგილება ამ ტერიტორიის საზღვრის ფარგლებში თუ მის გარეთ; რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების, სამეცნიერო ან საქველმოქმედო მიზნებისათვის განკუთვნილ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე, საავადმყოფოებზე ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავმოყრის ადგილებზე დარტყმების განზრახ მიყენება, თუ ისინი არ გამოიყენებიან სამხედრო სამიზნედ; მოწინააღმდეგის განკარგულებაში მყოფი პირების ფიზიკური დამახინჯება ან მათზე ნებისმიერი სახის სამედიცინო თუ სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება, რაც გაუმართლებელია აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონალური მკურნალობის თვალსაზრისით, ამასთან, არ ხორციელდება მისი ინტერესებიდან გამომდინარე და იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს, ან სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას; მოწინააღმდეგე მხარის ქვეშევრდომთა ან მისი შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა ღალატით მკვლელობა ან მათთვის ჭრილობის მიყენება; იმის გამოცხადება, რომ დანდობა არ იქნება; მოწინააღმდეგის საკუთრების განადგურება ან ხელში აგდება, თუ ეს განადგურება ან ხელში ჩაგდება განპირობებული არ იყო იმპერატიული სამხედრო აუცილებლობით; იმის გამოცხადება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა უფლებები და სარჩელები სასამართლოში გაუქმებული, შეჩერებული ან მიუღებელია; მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმეებებში, მიუხედავად ამისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში; ქალაქის ან ადგილმდებარეობის გაძარცვა, თუნდაც შტურმით აღებისას; შხამიანი ნივთიერების ან მოწამლული იარაღის გამოყენება; მგუდავი, მომწამვლელი ან სხვა აირების, აგრეთვე ყოველგვარი მსგავსი სითხის, მასალის ან საშუალების გამოყენება; ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად ფეთქდება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში, როგორიცაა მყარგარსიანი ტყვიები, რომელთა გარსი არ ფარავს ტყვიის მთელ გულს ან აქვს ჩანაჭრები; ისეთი იარაღის საბრძოლო მასალის ან ტექნიკის, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს ან უსარგებლო ტანჯვას, ან რომელიც იწვევს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმათა განურჩეველ დარღვევას, ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ტექნიკა, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები ექვემდებარება საყოველთო აკრძალვას და შესწორებების სახით შეტანილია ამ წესდების დანართში, 121-ე და 123-ე მუხლების სათანადო დებულებების შესაბამისად; ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა; გაუპატიურება, სქესობრივ მორჩილებაში ყოლა, პროსტიტუციის იძულება, იძულებითი ორსულობა, რაც განსაზღვრულია მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (ფ) ქვეპუნქტით, ძალადობით სტერილიზაცია ან სქესობრივი ძალადობის სხვა სახე, რომელიც ასევე ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევაა; სამოქალაქო ან სხვა დაცვის ქვეშ მყოფი პირის თანდასქრების გამოყენება ცალკეული პუნქტების, რაიონების ან შეიარაღებული ძალების სდამხედრო მოქმედებებისაგან დაცვის მიზნით; დარტყმების განზრახ მიყენება იმ შენობებზე, მასალებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე ან სატრანსპორტო საშუალებებსა და პერსონალზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს; ომის წარმოების საშუალების სახით სამოქალაქო მოსახლეობაში შიმშილის განზრახ გამოწვევა სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნების ჩამორთმევით, მათ შორის ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული დახმარების გაწევისათვის განზრახ ხელის შეშლა; თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვების გაწვევა ან შეგროვება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ან მათი გამოყენება სამხედრო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

მე-8 მუხლის მე-2 (ც) ქვეპუნქტის თანახმად, არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციებისათვის საერთო მე-3 მუხლის მძიმე დარღვევები, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება, ჩადენილი იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც დადეს იარაღი ან აღარ შესწევთ ბრძოლის უნარი ავადმყოფობის, მიღებული ჭრილობის, პატიმრობის ან სხვა მიზეზის გამო: ძალადობა ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ან პიროვნების წინააღმდეგ, კერძოდ, ყოველგვარი მკვლელობა ნებისმიერი ფორმით, დამახინჯება, სასტიკი მოპყრობა ან წამება; ადამიანის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა; მძევლების აყვანა; განაჩენის გამოტანა ან მისი აღსრულება სათანადოდ დაფუძნებული სასამართლოს მიერ წინასწარი განხილვის გარეშე, იმ ყველა იურიდიული გარანტიის დაცვით, რომლებიც საყოველთაოდ სავალდებულოდ არის აღიარებული; მე-2 (ც) პუნქტი ეხება არასაერთაშორისო ხასიათის შეერთებულ კონფლიქტებს და ამრიგად არ გამოიყენება შიდა წესრიგის დარღვევისა და დაძაბულობის დროს, როგორებიცაა: არეულობები ძალადობის ცალკეული და სპორადული შემთხვევები ან სხვა ანალოგიური ხასიათის აქტები: არასერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სასამართლოში დამკვიდრებული კანონებისა და ჩვეულებების სხვა მძიმე დარღვევები, კერძოდ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება: დარტყმების განზრახ მიყენება სამოქალაქო მოსახლეობაზე ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში; დარტყმების განზრახ მიყენება იმ შენობებზე, მასალებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე ან სატრანსპორტო საშუალებებსა და პერსონალზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს; დარტყმების გნზრახ მიყენება ჰუმანიტარულ დახმარებაში ან მშვიდობის მხარდამჭერ მისიაში გაეროს წესდების შესაბამისად მონაწილე პერსონალზე, დანადგარებზე, ობიექტებზე, მასალებზე გადასაზიდ საშუალებებზე, ვიდრე მათ აქვთ ის დაცვის უფლება, რაც ენიჭება სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების სამეცნიერო ან საქველმოქმედო მონებისთვის განკუთვნილ შენობებზე, ისტორიულ ძეგლებზე, ჰოსპიტალებზე ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავმოყრის ადგილებზე განზრახ დარტყმების მიყენება, თუ ისინი არ გამოიყენებიან სამხედრო ობიექტებად; ქალაქის ან ადგილმდებარეობის გაძარცვა, თუნდაც შტურმით აღებისას; გაუპატიურება, სქესობრივ მორჩილებაში ყოლა, პროსტიტუციის იძულება, იძულებითი ორსულობა, რაც განსაზღვრულია მე-7 მუხლის 2 (ფ) პუნქტით, ძალადობით სტერილიზაცია ან სქესობრივი ძალადობის სხვა სახე, რომელიც ასევე ჟენევის ოთხი კონვენციისათვის საერთო მე-3 მუხლის მძიმე დარღვევაა; თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვების გაწვევა ან შეგროვება ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ან დაჯგუფებებში სამსახურისათვის ან მათი გამოყენება სამხედრო მოქმედებებში აქტიური მონაწილოების მისაღებად; ბრძანების გაცემა იმის შესახებ, რომ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო სამოქალაქო მოსახლეობა გადაყვანილ იქნეს სხვა ადგილას, თუ ამას არ მოითხოვს აღნიშნულ სამოქალაქო პირთა უსაფრთხოება ან აუცილებელი სამხედრო მიზეზები; მოწინააღმდეგე მხარის კომბატანტის ღალატით მკვლელობა ან ჭრილობის მიყენება; იმის გამოცხადება, რომ დანდობა არ იქნება; კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის განკარგულებაში მყოფი პირების ფიზიკური დამახინჯება ან მათზე ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება, რომლებიც გაუმართლებელია აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიურ ან სტაციონარული მკურნალობის თვალსაზისით, ამასთან, არ ხორციელდება ამ პირის ინტერესებიდან გამომდინარე და იწვევს იმ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას; მოწინააღმდეგის საკუთრების განადგურება ან ხელში ჩაგდება, თუ ეს განადგურება ან ხელში ჩაგდება განპირობებული არ იყო იმპერატიული სამხედრო აუცილებლობით.

ომის კანონები და ჩვეულებები (Laws and customs of war)საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, რომლებშიც განსაზღვრულია მეომარი მხარეებისა და ნეიტრალური სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობანი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისა და არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს. საამისოდ დადებულია სპეციალური საერთაშორისო ხელშეკრულებები და მოქმედებს საერთაშიორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმები. ამ ნორმების მიზანია ომის წარმოების აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების თავიდან აცილება, ტყვედ ჩავარდნილ მეომართა, დაჭროლთა, ავადმყოფთა, სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო პერსონალის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და მათთვის ომით მინიჭებული ტანჯვის შემსუბუქება. ოკჩ-ში განსაზღვრულია ომის დაწყების, წარმართვისა და შეწყვეტის წესები, დადგენილია პასუხისმგებლობა ამ კანონებისა დაჩვეულებების დარღვევისათის (იხ.: ომის წარმოების აკრძალული მეთოდები, ომის წარმოების აკრძალული საშუალებები, საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ).

ომის მსხვერპლნი (Victims of war) – ომის მსხვეროპლად ითვლებიან: სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამხედრო ტყვეები, დაჭრილები, ავადმყოფები, საზღვაო კატასტროფასა და შეიარაღებულ კონფლიქტებში მოხვედრილი პირები. მათი სამართლებრივი მდგომარეობა რეგულირდება ,,ომის მსხვერპლთა შესახებ“ ჟენევის 1949 წლის კონვენციებით (ოთხივე კონვენცია) და 1977 წლის დამატებითი ოქმებით.

ომის წარმოების აკრძალული მეთოდები (Prohibited methods of warfare) – ომის მსხვერპლთა დაცვის ჟენევის 1949 წლის კონვენციებითა და 1977 წლის დამატებითი ოქმებით ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ დადგენილი წესები, რომლებიც კრძალავენ ომის წარმოებას ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორებიცაა: მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლ პირთა მუხანათურად დახოცვა ან დაჭრა; წამება მოწინააღმდეგე მხარის შესახებ ცნობების მოპოვების მიზნით: ეროვნული საერთაშორისო ემბლემების, სიგნალებისა და დროშების ბოროტად გამოყენება; პარლამენტარებისა და მათი თანმხლები პირების მკვლელობა; სანიტარულ ობიექტებზე თავდასხმა; გენოციდი, აპარტეიდი, მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი, სამხედრო ტყვეთა და მოწინააღმდეგე მხარის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ სხვა პირთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ სამხედრო მოქმედებებში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ; კულტურულ ფასეულობათა და ისტორიულ ძეგლთა განადგურება და სხვ.

ომის წარმოების აკრძალული საშუალებები (Prohibited means of warfare) – ის საშუალებები, რომელთა გამოყენება აჯკრძალულია ომის კანონებითა და ჩვეულებებით, ასევე დაუშვებლად არის მიჩნეული საერთაშორისო სამართლით და განიხილება როგორც ისეთი ომის დანაშაულობანი ან მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობანი, რომლებიც ექვემდებარებიან იურიდიულ პასუხისმგებლობას (იხ. საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა). საერთაშორისო სამართალი კრძალავს ომის წარმოების ისეთ საშუალებათა გამოყენებას, რომლებიც ზედმეტად ტანჯავენ მტრის ცოცხალ ძალას, გაუმართლებელ ზიანს აყენებენ მის მშვიდობიან მოსახლეობასა და მატერიალურ საშუალებებს. XIX საუკუნიდან მოყოლებული, აკრძალულია ომის დროს ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადამიანის სხეულთან შეხებისას ფეთქდებიან, წვავენ მის სხეულს ან ადამიანს ზედმეტ ტანჯვას აყენებენ.

1868 წელს და მომდევნო ხანებში მიღებულ იქნა მრავალი სამართლებრივი აქტი განსაზღვრულ საბოლოო იარაღთა ან საბრძოლო მოქმედების წარმოების საშუალებათა აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ.აქტთა რიცხვს განეკუთვნება: სანქტ-პეტერბურგის 1868 წლის დეკლარაცია ,,ფეთქებადი და ცეცხლგამჩენი ტყვიების გამოყენების აკრძალვის შესახებ,“ რომლითაც აიკრძალა ადამიანის სხეულში ადვილად ბრუნვადი და კუმშვადი ტყვიები – ე. წ. ,,დუმ-დუმ“ ტყვიები; ჰააგის 1899 წლის დეკლარაციები ,,ადვილად ბრუნვადი და კუმშვადი ტყვიების გამოუყენებლობის შესახებ“ და ,,საწამლავი და მოწამლული იარაღის გამოყენება აკრძალვის შესახებ;“ ჰააგის 1907 წლის დეკლარაცია, ,,მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა მსგავსი აირების გამოყენების აკრძალვის შესახებ“ (იხ. ჰააგის 1899 და 1907 წლების კონვენციები); ჟენევის 1925 წლის ,,ოქმი ომის დროს მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა მსგავსი აირებისა და ბაქტერიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების აკრძალვის შესახებ“; საერთაშორისო აქტებით აკრძალულია აგრეთვე: მცურავი ნაღმების დაყენება, თუ მათ არა აქვთ თვითგაუვნებლობის უნარი იმ პერიოდიდან, რაც კონტროლს აღარ დაექვემდებარებიან: ღუზაზე დამაგრებული ნაღმის დაყენება, თუ იგი მოწყდომისათვის უსაფრთხო არ ხდება, და ისეთი ტორპედოების დამოყენება, რომლებიც, თუ მიზანს ასცდა, ავტომატურად არ ხდება უსაფრთხო.

ჟენევის 1949 წლის კონვენციებსა და 1977 წლის მათსავე დამატებით ოქმებში მითითებულია, რომ ,,მეომარი მხარისათვის ზიანის მიყენების საშუალებათა არჩევანის უფლება არ არის შეუზღუდავი“. ჟენევის 1949 წლის კონვენციების 1977 წლის I დამატებითი ოქმის მიხედვით (51-ე მუხ., მე-4 პუნქ.), აკრძალულია სამხედრო იერიშის მიტანა იმ იარაღითა და საბრძოლო მასალით, რომლებიც საერთაშორისო სამართალში განურჩეველი მოქმედების მქონედ ითვლებიან და რომლებიც განურჩევლად ანადგურებენ სამხედრო თუ სამოქალაქო ობიექტებს, სამოქალაქო მოსახლეობას. იმავე პირველი დამატებითი ოქმით (55.2-ე მუხ.) აკრძალულია ისეთი იარაღისა და ჭურვების გამოყენება, რომლებიც ,,თავიანთი ბუნებით ჭარბი ტანჯვის გამომწვევია“. 1980 წლის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები ზღუდავენ მხარეთა მიერ თანამედროვე ტექნიკის ჭარბად გამოყენებას, ამავე კონვენციამ დასაშვებად მიიჩნია დამატებითი ოქმების შემუშავების, მათში ცვლილებათა და შესწორებათა შეტანის პროცესი, რითაც შესაძლებელი გახდა ახალი აკრძალვებისა თუ შეზღუდვების დაწესება, ცხადია, დროის მოთხოვნების შესაბამისად. ამიტომ ეს მიმართულება შესაძლოა, დიდად სასარგებლო პროცესად იქცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განვითარებაში.

1980 წლის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დებულებათა თანახმად, მხარეებს ეკისრებათ, ,,ახალი სახეობების იარაღის, ომის წარმოების საშუალებებისა და მეთოდების შესწავლის, შემუშავების, შეძენის ან შეარაღებაში შეტანის დროს განსაზღვრონ, ხომ არ ეწინააღმდეგება მათი გამოყენება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ხოხლო თუ ეწინააღმდეგება, უზრუნველყონ, რომ ასე არ იყოს“. 1980 წელს ვენაში გამართული კონფერენციის პირველსავე სესიაზე მიუღებელ იქნა 1980 წლის კონვენციის ახალი, მეოთხე ,,ოქმი დამაბრმავებელი ლაზერული იარაღის შესახებ“. ამ ოქმით (1-ლი მუხ.) აიკრძალა საბრძოლო მოქმედებათა დროს ისეთი ლაზერული იარაღის გამოყენება, რომელიც სპეციალურად არის გათვალისწინებული ოპტიკური მოწყობილობით დაუცველ ადამიანთა სამუდამოდ დაბრმავებისათვის, ამასთან, აიკრძალა ასეთი იარაღის გადაცემა სხვა სახელმწიფოსათვის თუ არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ნაღმების (მცურავი ნაღმების გარდა) გამოყენების შეზღუდვის საკითხი 1980 წლის კონვენციის II ოქმით ნაწილობრივ დარეგულირდა, ამ ოქმში შესწორებები შემდგომშიც იქნა შეტანილი (მაგ.: ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება, უბირთვო ზონები, საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაცია, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური აკრძალვა, მასობრივი მოსპობის იარაღის ახალი სახეების აკრძალვა, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შემცირება, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვა და შემცირება).

ოპტაცია (Optation) – მოქალაქეობის მიღებისა და შეწყვეტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ტერიტორიის კუთვნილების შეცვლისას მოქალაქეობის არჩევას. ერთი სახელმწიფოს მფლობელობისაგან მეორე სახელმწიფოს მფლობელობაში გადასაცემ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ირჩევენ ერთ-ერთი მათგანის მოქალაქეობას იმ პიობებში, რომ ახალი მოქალაქეობის არჩევის შემთხვევაში ისინი უნდა დასახლდნენ იმ სახელმწიფოში, რომლის მოქალქეობასაც ირჩევენ. ო-ის უფლება სათანადო პირს მიენიჭება ტერიტორიის გადაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულებით ან შიდასახელმწიფოებრივი კანონით.

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება (Treaties for avoiding double taxation) – საერთაშორისო ხელშეკრულება ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის, რომლითაც ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე უცხო ფიზიკური და იურიდიული პირები (კომპანიები) თავისუფლდებიან მოვალეობისაგან, უხადონ შემოსავლიდან, მოგებიდან გადასახადი, როგორც ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, ასევე თავის სახელმწიფოსაც ან სახელმწიფოს, სადაც ისინი რეგისტრირებული არიან (კომპანიის იურიდიული მისამართი). ამ ხელშეკრულებით მათ ეძლევათ უფლება, გადაუხადონ ეს თანხები მხოლოდ ერთ-ერთ სახელმწიფოს. საქართველოს აქვს დადებული ასეთი სახის ხელშეკრულებები ბულგარეთთან, იტალიასთნ, პოლონთთან, რუმინეთთან, საფრანგეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან და სხვ.

ორმაგი მოქალაქეობა (Dual Nationality/Citizenship) – იხ. ბიპატრიზმი.

ოქმი (Protokol) – საერთაშორისო ხელშეკრულების ერთ-ერთი სახელწოდება, რომელიც, იურიდიული თვალსაზრისით, არაფრით განსხვავდება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან (იხ. ფაკულტატიური ოქმი საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ).

 

 

პარტიზანები (Partisans) – პირები, რომლებიც ერთიანდებიან აგრესორი სახელმწიფოს ან ქვეყნის შიგნით მეამბოხეთა წინააგმდეგ აგრესორების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და თავისუფლებისათვის. პ-ზე ვრცელდება კომბატანტების რეჟიმი, თუკი ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ღიად ატარებენ სამხედრო იარაღს უშუალოდ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას, ჰყავთ ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებს თავისი რაზმის წევრებზე, ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად, აქვს განსაზღვრული და შორიდან კარგად გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი. პ-ის ეს უფლება განმტკიცდა საერთაშორისო სამართალში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რაც მოასწავებს პარტიზანული მოძრაობის დამსახურების აღიარებას აგრესორთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

პატიმრობა (Inprisonment) – სასამართლო განაჩენით დამნაშავედ ცნობილი პირისათვის თავისუფლების აღკვეთა (საზოგადოებისაგან იზოლაცია) სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. პატიმართა უფლებებზე საუბარია შემდეგ დოკუმენტებში: 1984 წლის წამებისა და სხვა აქტების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის კონვენციები;1957 წლის მინიმალური სტანდარტები პატიმართა შესახებ; 1988 წლის ძირითადი პრინციპები ნებისმიერი ფორმის პატიმართა ან დაკავებულთა უფლებების შესახებ.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულია პ-ის რამდენიმე სახე: ტუსაღობა – გულისხმობს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან მკაცრ იზოლაციას. მიესჯება ერთიდან ექვს თვემდე ვადით (48-ე მუხლი); სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება – მიესჯება სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას განაჩენის გამოტანის დროისთვის არ მოუხდია კანონით გათვალისწინებული გაწვევის ვადა. ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით (49-ე მუხლი); ვადიანი თავისუფლების აღკვეთა – გულისხმობს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებას, რომელიც მიესჯება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით (50-ე მუხლი); უვადო თავისუფლების აღკვეთა – მიესჯება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (51-ე მუხლი). საპატიმრო დაწესებულებებში ქცევის წესებს არეგულირებს 1999 წლის საქართველოს კანონი პატიმრობის შესახებ.

პაქტი (Pact) – სახელმწიფოთა შორის დადებული ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმება რამე კონკრეტულ საკითხზე (მაგ., საბჭოთა კავშირ-იაპონიის 1945 წლის პაქტი ნეიტრალიტეტის შესახებ), ან მაღალი მორალურ-პოლიტიკური ჟღერადობის მქონე ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის რომელიმე სფეროში უფლება-მოვალეობათა დაფიქსირებით (მაგ., საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ).

პაციენტის უფლებები (Patients rights) – უფლებათა და თავისუფლებათა ერთობლიობა, რომელიც აქვს ნებისმიერ პირს და მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს, ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო. პაციენტთა უფლებები განსაზღვრულია საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონით „პაციენტთა უფლებების შესახებ“, რომლის მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა (1-ლი მუხ.). პაციენტის უფრლებებს არეგულირებს აგრეთვე: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს 1997 წლის კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, საქართველოს 1995 წლის კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტები.

პაციენტის უფლებებზე საუბარია: 1996 წლის ევროპის საბჭოს კონვენციაში „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“, 1997 წლის იუნესკოს უნივერსალურ დეკლარაციაში ადამიანის გენომისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ“, 1949 წლის ჟენევის კონვენციებში ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ და 1977 წლის დამატებით ოქმებში, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის 1964 წლის ჰელსინკის დეკლარაციაში, ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის საერთაშორისო ეთიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში; გაეროს 1982 წლის სამედიცინო ეთიკის პრინციპებში, მსოფლიოს სამედიცინო ასოციაციის ტოკიოს 1975 წლის დეკლარაციაში – სახელმძღვანელო პრინციპები ექიმებისათვის დაკავებული პირებისა და პატიმრების წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის შემთხვევაში; მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ჰამბურგის 1997 წლის დეკლარაციაში ექიმებისათვის მხარდაჭერის შესახებ, როდესაც ისინი უარს ამბობენ წამებაში ან სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახველ სხვა ფორმებში მონაწილეობაზე ან მათ დაფარვაზე და სხვა.

პერსონა ნონ გრატა (Persona non grata) – ლათინური ტერმინი, რომელიც ნიშნავს არასასურველ პირს. ასე მოიხსენიება დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური, სხვა დიპლომატიური აგენტი, რომელმაც დიპლომატიურ საქმიანობასთან შეუთავსებელი ქმედება ჩაიდინა. ამ სახელმწიფოს მიერ დიპლომატიის პნგ-ად გამოცხადება ნიშნავს, რომ მისი ყოფნა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე არასასურველია. წარმგზავნმა სახელმწიფომ ასეთი პირი უკან უნდა გაიწვიოს რაც შეიძლება მოკლე დროში. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარს აცხადებს ამ პირის უკან გაწვევაზე, ან არ აკეთებს ამას გონივრულ ვადაში, მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია აღარ ჩათალოს ეს პირი დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლად.

პირადი უფლებები (Personal rights) – ბუნებრივი (ფუნდამენტური), განუსხვისებელი უფლებებისა და თავისუფლებების ერთობლიობა, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე. პირად უფლებებს კონსტიტუციურ სამართალში „სამოქალაქო უფლებებს“ უწოდებენ. ეს უფლებები და თავისუფლებები ქმნის პიროვნების სამართლებრივი სტატუსის საფუძველს. პირად უფლებებსა და თავისუფლებებს მიეკუთვნება: სიცოცოხლის უფლება; პიროვნების პირადი ხელშეუხებლობის უფლება; წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან დაცვის უფლება; გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება; უფლება- დატოვოს სახელმწიფო და თავისუფლად დაბრუნდეს სახელმწიფოში; აზრის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება და სხვა. პირადი უფლებები და თავისუფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით.

პირდაპირი დისკრიმინაცია (Direct diskriminacion) – ტერმინი აღმოცენდა ბოლო წლებში არსებული შიდასახელმწიფოებრივი პრაქტიკის ანალიზის შედეგად. პდ ნიშნავს განსხვავებულ მოპყრობას, რომლის გამართლებაც შეუძლებელია რაიმე ობიექტური და დასაბუთებული მიზეზით. განსხვავებული მოპყრობა არ არის ობიექტური., თუ არ ემსახურება სანართლებრივ მიზანს, ან თუკი მიზნის მიღწევისათვის გამოყენებული საშუალებები არ შეესაბამება მისაღწევს მიზნებს. პდ-ის შესახებ აისახება კონსტიტუციასა თუ სხვა კანონებში, კანონქვემდებარე აქტებში, სამავრობო თუ არასამთავრობოდაწესებულებებში არსებულ პრაქტიკაში. მაგ., კანონი ზღუდავს სხვა რასის, კანის ფერის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა საარცევნო უფლებებს, მათ მონაწილეობას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ა.შ. (იხ.აპარტეიდი, რასიზმი), აგრეთვე იზღუდება უცხო ქვენის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების (იხ. ეროვნული უცხოელები) სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული უფლებები. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, არ დაუშვას ამ კატეგორიის პირები გარკვეულ სახელმწი8ფო დაწესებულებებში სამუშაოდ (ჯარი, პოლიცია, პროკურატურა და სხვ.), მაგ., აშშ-ში, სხვა სახელმწიფოებში რესტორნებსა და საპარიკმახეროებში შესასვლელად ჩამოკიდებულია აბრა – „მხოლოდ თეთრკანიანებისათვის“ ან „ებრაელები არ დაიშვებიან“.

პლურალიზმი (pluralism) – საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ჯგუფებისადმი შემწყნარებლური (იხ. შემწყნარებლობა, შეუწყნარებლობა) დამოკიდებულება. პ მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებასა და არსთან, იგი ეფუძნება დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის ლიბერალურ (იხ. ლიბერალიზმი) იდებს, რომელთა მიხედვით, საზოგადიებაში უნდა ბატონობდეს, თუ არა შემწყნარებლობა, ხელის შეწყობა მაინც კონსტიტუციური სამართლისა და ინსტიტუტების ორგანიზმის და საქმიანობის დონეზე და ითვალისწცინებდეს, რომ დღეს ნებისმიერ სახელმწიფოში არ არის პოლიტიურ შეხედულებათა ერთიანობა, ხოლო ერი-სახელმწიფო არ არის მხოლოდ ერთი ერის უსაზღვრო ბატონობა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მოითხოვს ყველა სახელმწიფოსაგან ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და სხვა ჯგუფების კულტურული, სოციალური ენობრივი, ადათჩვეულებითი წესების აღიარებასა და დაცვას.

პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები (Political Rights and Freedoms) – ადამიანის უფლებათა (კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებთა) ერთ-ერთი ჯგუფი, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებთან ერთად. პოლიტიკურ უფლებათა ჯგუფს მიეკუთვნება: მოქალაქეთა უფლება – მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მართვაში; მოქალაქეთა საარჩევნო უფლება; გაერთიანების უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციების მოწყობის უფლება; აზრის თავისუფლება; პეტიციის უფლება. მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.

პრესის თავისუფლება (Freedom of press) – დემოკარატიულ საზოგადოებაში პრესას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება, ვინაიდან პრესის თავისუფლება საზოგადოებრივი აზრის გამოვლენისა, და ფორმირების სუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად, პოლიტიკური დებატები – დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. პრესას აკისრია პოლიტიკური და სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გავრცელების მისია. თუ პრესას ინფორმაციის გავრცელების ამოცანა აკისრია, სზოგადოებას, თავის მხრივ, აქვს უფლება, მიიღოს იგი. პთ მნიშვნელოვან სტატუსს იძენს, თუ მისი მეშვეობით განსაკუთრებული ინტერესის მქონე საკითხები შუქდება.

პრესამ არ უნდა გადააჭარბოს იმ საზღვრებს, რომლებიც დადგენილია სხვასთან ერთად, სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. პთ-ის კონტექსტში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ პუბლიკაციებს, რომლებიც ვარაუდს ან ჭორს ეყრდნობა. ჟურნალისტური ინფორმაციის წყარო ასევე ექცევა ამ უფლებების დაცვის ქვეშ. ბეჭდვის თავისუფლების ერთ-ერთი ფუძემდებლური პირობა ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროა, ვინაიდან დაუცველობის შემთხვევაში ინფორმაციის წყაროები მას ვერ შეუწყობენ ხელს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებით ინფორმირებაში.

პთ დაკავშირებულია როგორც აზრის გამოხატვის თვისუფლებასთან, ასევე ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებასთან. თავის მხრივ, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება არ უშლის ხელს სახელმწიფოს, შემოიღოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინოწარმოების ლიცენზირება. ეროვნულ ხელისუფლებას ლიცენზირების მექანიზმების შემოღება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია, და ეს ზომები ხელს არ უნდა უშლიდეს გამოხატვის თავისუფლებას (გარდა შეზღუდვასთან დაკავში-რებული მოთხოვნებისა).

აუდიოვიზუალურ საშუალებებზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესება ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ამგვარი მონოპოლიზაცია არ არის აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისათვის და არ შეიძლება გამართლებული იყოს გადაუდებელი სოციალური მოთხოვნებით. საზოგადოებრივ მოთხოვნათა მრავალფეროვნება არ შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ ერთი სამაუწყებლო კომპანიის ძალების მეშვეობით. დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს წყაროების მრავალფეროვნება, რათა პლურალიზმის პრინციპები იქნეს დაცული. პრესის თავისუფლების შინაარსი მოიცავს ასევე მასობრივი ინფორმაციის აუდიოვიზუალური მასობრივი საშუალებების მეშვეობით გაშვებულ კომერციულ რეკლამას. თუმცა ან სფეროში სახელმწიფოს, შეზღუდვების შემოსაღებად, ბევრად უფრო მეტი უფლებები აქვს. ეროვნული სასამართლო საქმიანობის განხორ-ციელებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის მორალური ფასეულობები, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის საწინდარია. ბავშვებისათვის განკუთვნილი რეკლამა არ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც მათ ზიანს მიაყენებს. ასეთმა რეკლამამ უნდა გაითვალისეინოს ბავშვების ფიზიკური, ფსიქიკური თუ სულიერი განვითარების დონე. სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს პრესის თავისუფლებაზე, იმ პირობით, რომ ეს შეზღუდვები ემსახურება კანონიერ მიზანს, აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, უწესრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეცად, ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისთვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, მე-10 მუხ.)

პრეცედენტული სამართალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (Case law European Court of Human Rights) – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომლებიც განმარტავენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხოლოდ სასამართლო დავაში მონაწილე სახელმწიფოებისათვის. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონკრეტული პროცესის მხარეები, ევროპული სასამართლოს პს-ს იყენებნ პრაგმატული მოსაზრებით. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ასევე ეროვნული სასამართლოები, პრინციპულ მნიშვნელონას ანიჭებენ იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც კონვენციის საზედამხედველო ოდგანო, ახდენს ევროპული კონვენციის დებულებათა ავტორიტეტულ განმარტებას. ეს განაპირობებს სახელმწიფოების, ამასთან ეროვნული სასამართლოების, მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების (პრეცენდენტების) გამოყენებას, რომლებიც ეხება კონვენციის სხვა მონაწილე სახემწოფოებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეზე, ის ამ გადაწყვეტილების (პრეცედენტის) მეშვეობით განმარტავს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებთა შინაარსს. კომკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ევროპული სასამართლო ადგენს სტანდარტს, რომლის მნიშვნელობა სცილდება კონკრეტულ სასამართლო საქმეს. ევროპული სასამართლოს განმარტებით, რაც აისახება პს-ში, ევროპული სასამართლო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციას. ადამინის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციაზე ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავის ერთ-ერ გადაწყვეტილებაში.

ევროპული სასამართლოები აცნობიერებენ, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის, მისი პს-ის გაანალიზების გარეშე ძალზე რთულია კინვენციით გათვალისწინებული უფლებების შინაარსისი სწორად დადგენა და, შესაბამისად, კონვენციის დებულებათა სწორად გამოყენება. კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმირებული. კონვენციით გათვალისწინებული დებულებების შინაარსი გამოიხტება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. ევროპული სასამართლოს პრეცედენტებში, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ზუსტდება კონვენციის (და მისი ოქმების) დებულებათა შინაარსი და ფარგლები. კონვენციის დებულებათა განმარტება, ევროპულ სასამართლოს პს-ის გათვალისწინებით, ნათელს ჰფენს კონვენციით განმტკიცებულ ვალდებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, რაც ხშირად პირდაპირ არ ჩანს კონვენციის ტექსტის გაცნობის შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სასამართლოს პს აზუსტებს კონვენციის ცალკეულ დებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, ისევე როგორც გამოყენების სფეროს, ევროპულ სახელმწიფოთა ეროვნული სასამართლოები არ განიხილავს ადამიანის უფლებთა ევროპულ კონვენციას ევროპული სასამართლოს პი-ის გარეშე. ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტები არ განისაზღვრება მხოლოდ კონვენციის ტექსტით. ისინი დადგენილია როგორც კონვენციის ტექსტით, ისე მის სფუძველზე მიღებული პს-ით. სხვა სიტყვებით, ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტებში მოიაზრება არა მხოლოდ თავად კონვენციის ტექსტით გათვალისწინებული სტანდრტები, არამედ ასევე ევროპული სასამართლოს პრეცენდენტებით ჩამოყალიბებული სტანდარტები. საქართველოს როგორც საერთო, ისე საკონსტიტუციო სასამართლოები მზარდი ინტესივობით იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პს-ს.

 

ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ (1949 Geneva Conventions and 1977 Additional protocols on Protection of Victims of War)საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წყაროები ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ. მათი მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვა. საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ჟენევის 1949 წლის ამ ოთხ კონვენციას და 1977 წლის ორ დამატებით ოქმს „ჟენევის სამართლის“ ქვაკუთხედად მიიჩნევენ.

ჟენევის 1949 წლის I კონვენცია („მოქმედ არმიებში დაჭრილებისა და ავადმყოფების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“) ეხება აღნიშნულ პირთა მოვლას, დაცვას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას; მასში ჩამოყალიბებულია სპეციალური წესები სანიტარიულ-სატრანსპორტო საშუალებათა შესახებ. დაჭრილთა გადასაყვანად გამოყენებული სამხედიცინო, სამოქალაქო და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები, ამ წესების მიხედვით სრული დაცვით უნდა სარგებლობდნენ; სრული სახით ვრცელდება ეს წესები აგრეთვე სამედიცინო პერსონალზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებასა და სამედიცინო ტვირთის გადატანაზე.

II კონვენცია („საზღვაო შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი დაჭრილებისა და ავადმყოფების ხომალდების კატასტროფაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“) აწესებს, რომ ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებიც ზღვაზე სახმელეთო ჰოსპიტლების ფუნქციას ასრულებენ, ისეთივე დაცვით უნდა სარგებლობდნენ, როგორიც სხვა სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს აქვთ, რომ ისინი უნდა ატარებდნენ დამცავ ემბლემას (წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე) და მონაცემები ამ ხომალდების შესახებ უნდა მიეწოდებოდეს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს.

III კონვენცია („სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ“) განსაზღვრავს ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ პირთა უფლებებს. კონვენცია მოითხოვს, რომ სამხედრო ტყვეებს ყოველთვის ჰუმანურად ეპყრობოდნენ, ტყვეობის დროს შენარჩუნებული ჰქონდეთ სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი, რაც გულისხმობს შემდეგს: მათ უფლება აქვთ, ატარონ სამხედრო ფორმა; ექვემდებარებიან ტყვედ ჩავარდნილ ზემდგომი ჩინის მქონე ოფიცრებს; საომარ მოქმედებათა დასრულებისას უნდა მოხდეს მათი რეპატრიაცია. ტყვეობაში ყოფნისას შესრულებული სამუშაოებისათვის უნდა მიეცეთ განსაზღვრული თანხა (გასამრჯელო); უნდა ეწეოდეთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჰქონდეთ თავიანთი კულტურული და სულიერი ცხოვრების წარმართვის საშუალება, ნათესავებთან და ახლობლებთან მიმოწერის უფლება.

III კონვენციაში ჩამოთვლილია იმ პირთა კატეგორიები, რომლებიც სამხედრო ტყვეთა სტატუსით სარგებლობენ, ესენია: 1) წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები, რომლებსაც ჰყავთ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი და აქვთ გარკვეულ მანძილზე ადვილად გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი, ან აქვთ საკუთარი სამხედრო ფორმა; აშკარად ატარებენ იარაღს; იცავენ ომის კანონებსა და ჩვეულებებს; 2) შეიარაღებულ ძალებთან მყოფი ის პირნი, რომლებიც მის შემადგენლობაში არ შედიან (მაგ.: ხომალდებისა და თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრი სამოქალაქო პირები, სამხედრო კორესპონდენტები); 3) ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელში იარაღი მოწინააღმდეგის მოახლოებული ძალებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად; 4) სამედიცინო პერსონალი, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე სამხედრო ტყვეები, ემორჩილება დატყვევებელი სახელმწიფოს წესებსა და კანონებს. კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მათ მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლო ან დისციპლინური ზომები. სამხედრო ტყვეთა წამება ან მათდამი სხვა სახის სასტიკი მოპყრობა საერთაშორისო დანაშაულად ითვლება.

IV კონვენცია შეეხება სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის საკითხებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს. 1977 წლის პირველ დამატებით ოქმში ამ საკითხის განსაზღვრამ უფრო სრულყოფილი სახე მიიღო. სამოქალაქო პირად ითვლება ყველა ის, ვინც შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ შედის და საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობს. აკრძალულია სამოქალაქო პირთა კოლექტიური დასჯა, მოსახლეობის ტეტორი, დაშინება, ძარცვა, მძევლად შეპყრობა, რეპრესალიების გამოყენება. დასაშვებად არის მიჩნეული სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებუის ზონების შექმნა. კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხოელების, ქალებისა და ბავშვების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს. აკრძალულია სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებისათვის ზიანის მიყენება, აგრეთვე იმ ობიექტებისათვის, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მათი მწყობრიდან გამოყვანა საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო მოსახლეობას (მაგ.: ელეტროსადგურის აფეთქება, წყალსაცავის დაზიანება და სხვ.) ჟენევის კონვენციებით დადგენილი წესები სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ შეიარაღებული კონფლიქტების ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ამ კონფლიქტის ესა თუ ის მხარე არ აღიარებს საომარი მდგომარეობის არსებობას. აღნიშნული კონვენციების მუხლები გამოიყენება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის ოკუპაციისას.

1977 წელს მიღებულმა ორმა დამატებითმა ოქმმა, მათ შორის, მეტადრე „ოქმმა არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლტა დაცვის შესახებ“ (მეორე დამატებითი ოქმი), ჟენევის კონვენციების მოქმედების სფერო გააფართოვა და მათი დებულებები გაავრცელა იმ არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებზეც, რომლებსაც ხალხები კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ, თავისი ეროვნული თვითგამორკვევისათვის აწარმოებენ (I – ლი მუხ., მე-4 პუნქ.) მეორე დამატებითი ოქმი მოქმედებს აგრეთვე სახელმწიფოში არსებულ შიდა არეულობათა შემთხვევებში.

ჟენევის სამართალი“ (Law of Geneva)საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთი წყარო. იგი მოიცავს სამართლის ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ დაჭრილ და ავადმყოფ კომბატანტთა, სამოქალაქო პირთა და მფარველობაში მყოფ პირთა დაცვას, რომელ სახელმწიფოსაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი. ჟშ-ში გაერთიანებულია 1864 წლიდან მიღებული ყველა კონვენცია, რომლებიც ითვალისწინებენ ომის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმს (იხ. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი).

რასა (Race) – დღემდე შემორჩენილი მცდელობა კაცობრიობის დაყოფისა ჯგუფებად, რომლებიც განსხვავდებიან შთამომავლობით გადმოცემული ობიექტურად შესამჩნევი ნიშნებით (სახის და მისი ნაკვთების კონფიგურაცია – შავკანიანი მოსახლეობა, მალაიზიელები და ა.შ.). კანის ფერით (შავკანიანები, ყვითელკანიანები, წითელკანიანები, თეთრკანიანები და ა.შ.)

საუკუნის მანძილზე ეს ნიშნები საფუძვლად ედო რასიზმს, რომელიც მოწოდებული იყო, გაემართლებინა დასავლეთ ევროპის კოლონიზატორთა უმოწყალო ექსპლუატაცია კოლონიებში მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობისა, რ იქცა ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ქვკუთხედად ებრაელების, სლავების და სხვა „არაარიელ ხალხთა“ მიმართ, რომლებიც მილიონობით იყვნენ ფიზიკურად განადგურებული (იხ. ნაციზმი, აპარტეიდი, ანტისემიტიზმი). მიუხედავად ამისა, დღეისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი ყველა დოკუმენტი კრძალავს ნებისმიერ დისკრიმინაციას და პირველ რიგში ტრადიციულად ასახელებს „რასას“, თუმცა მის შინაარსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს:

  1. „რასა“ მოიცავს არა მხოლოდ ზემოდხსენებული ნიშნების მქონე ადამიანებს, მათ ჯგუფს, არამედ სხვა ეროვნული და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს.
  2. ამიტომ ტერმინი „რასობრივი დისკრიმინაცია“ განისაზღვრება ისეთ ფაქტორებზე დაფუძნებულ განსხვავებულ მოპყრობად, როგორებიცაა: რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, მოქალაქეობა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობა“ (იხ. კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რასიზმისა და შეუყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისიის #7 რეკომენდაცია (ეროვნული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა რასიზმსა და რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის თაობაზე).

ხშირად დოკუმენტი, რომელიც იყენებს ტერმინს – „რასა“, იქვე მიუთითებს, რომ არ იცნობს ადამიანთა რასებად დაყოფას, მაგრამ ჯერჯერობით , კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე ადამიანთა ცნობიერებაში არსებული შტამპის გამო, იძულებულია იხმაროს ეს ტერმინი.

რასიზმი (Racizm) – რწმენა, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისა. რომ რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობა შეიძლება იყოს უპატივცემულობის, ზიზღისა და დისკრიმინაციის საფუძველი განსხვავებული ჯგუფის მიმართ და ამართლებს თავისი ჯგუფის (ადამიანის) პრეტენზიას უპირატესობაზე (ბიოლოგიურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ) სხვა დანარჩენ ადამიანებთან ან მათ ჯგუფებთან შედარებით (იხ.: ნაციზმი, აპარტეიდი, რასობრივი დისკრიმინაცია, სიძულვილის დამთესავი განცხადება, სიძულვილით გამოწვეული დანაშაული, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი, შეუყნარებლობა, კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია (European Commission against Racism and Intolerance – ECRI) – (შემდგომში – კომისია) ევროპის საბჭოს ორგანო. დაფუძნდა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა უმაღლეს დონეზე 1993 წელს ვენაში ჩატარებული პირველი შეხვედრის შედეგად. 2000 წელს ჩატარებულმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციამ მოუწოდა კომისიას საქმინაობათა სფეროს გაძლიერება. 2003 წლის 13 ივნისს მინისტრთა კომიტეტმა (იხ. ევროპის საბჭო) მიიღო კომისიის ახალი სტატუტი, რომლითაც იგი რასიზმისა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დამოუკიდებელ ორგანოდ გამოცხადდა.

კომისიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ევროპის მასშტაბით ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.

კომისია იყენებს ყველა საჭირო საშუალებას, რომლითაც ებრძვის რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეთნიკური და ეროვნული ნიშნების (იხ. ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური წარმომავლობა) მიხედვით დისკრიმინაციასა და ცრურწმენად.

მის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ექსპერტები შედიან, რომლებიც პირადად მუშაობენ (მართალია, კომისიის შემადგენლობას ექსპერტი წარედგიება სახელმწიფოს მიერ, მაგრამ არჩევის შემდეგ იგი არ უნდა ასრულებდეს სახელმწიფოს დავალებებს და იცავდეს სახელმწიფოს ინტერესებს კომისიაში).

კომისიის მუშაობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

  1. წევრ სახელმწიფოში სიტუაციის შესწავლა დაგეგმილი ცხრილის მიხედვით – ხუთწლედში ერთხელ;
  2. ზოგადი ხასიათის პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავება;
  3. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა;

კომისიის სამუშაო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა „მიდგომა ქვეყნების მიხედვით“, რომლის მეშვეობით იგი დეტალურად აანალიზებს სიტუაციას ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში არსებული რასიზმის და შეუწყნარებლობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, კომისია აგზავნის სახელმწიფოში ჯგუფებს ადგილზე ვითარების შესასწავლად. ჯგუფი ხვდება სახელმწიფოს ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებს, აგრეთვე ფიზიკურ პირებს, რომელთაც შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. კომისია ამზადებს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოხსენებას, როემლიც შენიშვნებისათვის ეგზავნება სახელმწიფოს.

კომისიის მიერ შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში ისინი მოხსენებაში აისახება, ან დანართის სახით მიეკვრება მოხსენებას, კომისიის მოხსენება მოიცავს როგორც სახელმწიფოში არსებული ვითარების ანალიზს, ასევე რეკომენდაციებს, თუ რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ პრობლემების მოსაგვარებლად. საბოლოო მოხსენება ეგზავნება სახელმწიფოს და მინისტრთა კომიტეტს (იხ. ევროპის საბჭო). თუ სახელმწიფო არ არის წინააღმდეგი, მოხსენება საჯაროდ ქვეყნდება.

სახელმწიფოში ვიზიტები ციკლურ ხასიათს ატარებს, პირველი რაუნდი დასრულდა 1998 წელს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იმ დროისათვის ევროპის საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ; მეორე რაუნდი 2002 წლის დეკემბერში დასრულდა (სწორედ ამ პერიოდში მოეწყო საქართველოში პირველი საკონტაქტო ვიზიტი, რომლის საფუძველზე 2002 წელს მომზადდა და გამოქვეყნდა მოხსენება); 2003 წელს დაიყო მესამე რაუნდი (საქართველოში ვიზიტი დაგეგმილია 2006 წელს). მესამე რაუნდის მოხსენებებში ყურადღება გამახილდება იმაზე, თუ როგორ შეასრულა სახელმწიფომ წინა ვიზიტის შედეგად კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რა შედეგები გამოიწვია მათმა შესრულებამ და როგორია რასიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით კომისიასა და სახელმწიფოს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა.

კომისიის ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაციები, რომლებიც ყველა წევრი სახელმწიფოს აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ საქმიანობას განსაღვრავს. ამ რეკომენდაციების რაოდენობა დღესდღეობით ცხრას აღწევს; ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (1996 წელი); ეროვნულ დონეზე არსებული რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო სპეციალური ორგანოები (1997 წელი); ბრძოლა ბოშათა მიმართ არსებული რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (1998 წელი); ბრძოლა მუსლიმანთა მიმართ არსებული შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ (2000 წელი); რასიზმთან დაკავშირებით მეშვიდე რეკომენდაციაში მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი ცნებების განმარტებანი, როგორებიცაა: რასიზმი, პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია. (იხ. რასიზმი, პირდაპირი დისკრიმინაცია, არაპირდაპირი დისკრიმინაცია) და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ (2002 წელი).

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მერვე და მეცხრე რეკომენდაციებს – კომისიამ დაგმო ტერორიზმი, მაგრამ ამავე დროს, მოითხოვა სახელმწიფოებისგან, მიეღოთ ზომები, რათა 11 სექტემბრის ტერაქტი და შემდგომი მოვლენები არ გადაზრდილიყო რასიზმში, ანუ მუსლიმანების წინააღმდეგ გაუმართლებელ ბრძოლასა და დისკრიმინაციაში (2004 წლის 17 მარტი), ხოლო ამავე წლის 25 ივნისს კომისიამ აღნიშნა ანტისემიტური ხასიათის სხვადასხვა სახის ქმედებების რაოდენობის ზრდა მოვლენის აღმოსაფხვრელად.

კომისიამ მოამზადა და ჩაატარა ევროპული კონფერენცია რასიზმის წინააღმდეგ (13.X.2000) და დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო კონფერენციის მომზადება-ჩატარებაში, რომელიც მიეძღვნა ბრძოლას რასიზმთან, რასობრივ დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობასთან (31.VIII-8.IX.2001).

რასობრივი დისკრიმინაცია (Racial Discrimination) – იხ.: კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და მსგავს შეუწყნარებლობათა წინააღმდეგ ბრძოლა.

რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (Committee on Racial Discrimination)კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (1969) მიზნად ისახავს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ რასობრივი დისკრიმინაციის, განსაკუთრებით რასობრივი სეგრეგაციისა და აპარტეიდის პრაქტიკის აკრძალვასა და აღმოხვრას. შექმნილი კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ამ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. კომიტეტი შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან, რომლებიც აირჩევიან 4 წლის ვადით. კომიტეტი განიხილავს მოხსენებებს, რომლებსაც სახელმწიფოები წარუდგენენ კონვენციის დებულებათა შესრულების მიზნით. კომიტეტი მოქმედებს პროცედურის წესების მიხედვით (მე-10 (1) მუხ.). კომიტეტი განიხილავს კონვენციის მონაწილე ამა თუ იმ სახელმწიფოს შეტყობინებას სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შესახებ (მე-11 მუხ.). კონვენციის თანახმად, შეიძლება შეიქმნას ad hoc (კონკრეტული საქმის განსახილველად) შეთანხმებული კომისია (მე-12 მუხ.); იგი განიხილავს კონვენციის მონაწილე ამა თუ იმ სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ ინდივიდთა ან მათი ჯგუფის შეტყობინებას შესაბამისი სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევის შესახებ. პირმა, ან პირთა ჯგუფმა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, კომიტეტისადმი მიმართვამდე უნდა ამოწუროს დარღვეულ უფლებათა აღდგენისათვის ქვეყნის შიგნით არსებული საშუალებები.

რბილი სამართალი (Soft Law) – საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ტერმინი, რომლითაც აღინიშნება სარეკოენდაციო ხასიათის ნორმები. რს-ის ნორმები განსაზღრავს არა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს, არამედ თანამშრომლობის საერთო მიმართულებას და საჭიროებს მომავალში დაკონკრეტებას ან განსაკუთრებულ იმპლემენტაციას. რს-ის ნორმებს განეკუთვნება, როგორც წესი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური და მორალური ხასიათისაა, მათ საფუძველზე მომავალში შეიძლება შეიქმნას სავალდებულო ხასიათის ნორმები, რომლებითაც ხდება ახალი ქცევის წესების ჩამოყალიბება. მართალია, რს-ს ნორმები მიეკუთვნება საერთაშორისო სამართლის დამხმარე წყაროებს, მაგრამ სამართალგამოყენებითი პრაქტიკა ფართოდ იყენებს მათ.

სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები სხვადასხვა დასახელებით გვხვდება. ეს შეიძლება იყოს: რეზოლუცია (როგორც ცნობილია გაეროს წესდების მე-10 მუხლის მიხედვით გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე შიდასაორგანიზაციოდა საბიუჯეტო-საფინანსო საკითხებს ეხება); დეკლარაცია, რომლითაც დგინდება ქცევის ახალი წესი (მაგ.: გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია ახალი ეკონომიკური მართლწესრიგის დადგენის შესახებ); სპეციალური საერთაშორისოსამართლებრივი რეგულირების სფეროში სახელმწიფოთა ქცევის კოდექსი (მაგ.: UNCTAD – ის მმიერ მიღებული მაღალი ტექნოლოგიოების გადაცემის სფეროში სახელმწიფოთა ქცევის კოდექსი), სახელმწიფოთა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროს განვითარების პროგრამები.

რს-ის ნორმების შესრულებას დიდი ყურადღება ექცევა ეკონომიკური ხასიათის ორგანიზაციებში (მაგ.: მსოფლიო სავალუტო ფონდი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია). ასეთი ტიპის ორგანიზაციებში რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორც წესი, გამოიყენება სანქცია წევრი სახელმწიფოს მიმართ არა რეკომენდაციას შეუსრულებლობის, არამედ წესების საფუძველზე აღებული ვალდებულებების დარღვევისათვის.

რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია (Regional international organization)მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცალკეული გეოგრაფიული რეგიონების სახელმწიფოებს მოიცავს (ევროპის საბჭო, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია და სხვ.). აუცილებელი არ არის, რომ რსო მოიცავდეს მთელ კონტინენტს ან რეგიონს, ის შეიძლება არსებობდეს რამდენიმე კონტინენტზე (ნატო, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა), ან კონტინენტის ნაწილში მდებარე სახელმწიფოებში. გაეროს წესდების თანახმად, დასაშვებია „რეგიონალურ შეთანხმებათა ან ორგანოების შექმნა გარკვეულ გაოგრაფიულ რაიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.“ ეს ორგანიზაციები გაეროს წესდების შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ. მათი წევრები უნდა ცდილობდნენ, რომ თავიანთი დავები რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით გადაწყვიტონ და მხოლოდ ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემდეგ ესა თუ ის დავა უნდა გადაეცეს გაეროს უშიშროების საბჭოს, თუ მანამდე თვითონ საბჭომ არ ჩათვალა საჭიროდ კონფლიქტში ჩარევა (52-ე მუხ.).

რეგიონალურ ორგანიზაციას უფლება არა აქვს, გამოიყენოს შეიარაღებული ძალა, თუ ამას უშიშროების საბჭო არ მოითხოვს (53-ე მუხ.). მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წევრები სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული აგრესიის ობიექტები გახდებიან, მათ უფლება აქვთ, ორგანიზაციის მთელი ძალები გამოიყენონ აგრესორის უკუსაგდებად, რის შესახებაც ატყობინებენ უშიშროების საბჭოს (51- ე, 53 – ე, 54 -ე მუხლები). ასეთ ორგანიზაციათა რიცხვს მიეკუთვნებიან ნატო, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, აფრიკული კავშირი, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა, ევროპის კავშირი (იხ. ევროკავშირი), ევროპის საბჭო. მშვიდობის, ხალხთა უშიშროებისა და ადმიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციების გარდა, არსებობს ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციებიც (მაგ.: შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თამამშრომლობის ორგანიზაცია და სხვ.)

რეზერვაცია (Reservation) – ტერიტორია რომელიც სპაციალურად არის გამოყოფილი მკვიდრი ხალხებისათვის (ინდიელები აშშ-ში, აბორიგენები ავსტრალიაში) ან მოსახლეობის სხვა ფენებისათვის, ოფიციალური პროპაგანდა რ-ების არსებობას იმით ამართლებს, რომ აქ მაქსიმალურად არის შენარჩუნებული და დაცული მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრების წესი, ტრადიციული ყოფა და კულტურა, რაც გამორიცხავს ასიმილაციის საფრთხეს და საიმედო გარანტიაა მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ამ თვალსაზრისის ოპონენტები რ-ების არსებობას რასობრივი და ეთნიკური დისკრიმინაციის გამოვლინებად მიიჩნევენ. ამ დისკრიმინაციული წესების გაუქმებისათვის ხშირია რ-ებში მომწყვდეული ხალხების აჯანყება, რაც, ჩვეულებრივ, სისხლისმღვრელი შეტაკებებით მთავრდება (მაგ., ინდიელთა ტომის – „დაჭრილი მუხლის“ – აჯანყება აშშ-ში 1970-იან წლებში).

რეინტეგრაცია მოქალაქეობისა (Reintegration of citizenship)მოქალაქეობის აღდგენის გაადვილებული წესი იმ პირთათვის, რომლებმაც რაიმე მიზნით დაკარგეს თავისი სახელმწიფოს მოქალაქეობა. საქართველოს კანონით მოქალაქეობის შესახებ 25.III.1993 გათვალისწინებულია მოქალაქეობის დაკარგვის პირობები და შემოღებულია მისი აღდგენის გამარტივებული წესი.

რელიგიური უმცირესობა (religious minority) – ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრების ერთობა, გაერთიანებული საერთო მრწამსით, რომელიც განსხვავდება მოსახლეობის უმრავლესობაში გაბატონებული სარწმუნოებისაგან. რუ შეიძლება მოიცავდეს ქვეყნის ტერიტორიაზე გაბნეულ პიროვნებების ან სოფლად თუ ქალაქად კომპაქტურად მცხოვრები მოსახლეობის მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვან ნაწილს, ანუ ეს არის ამა თუ იმ სარწმუნოების პიროვნებათა მრევლი, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი რელიგია და მასთან დაკავშირებული რიტუალი სალოცავი დაწესებულებებისა და საფლავების მოწყობის ჩათვლით. ყველაზე კარგი მაგალითია ქართველ ებრაელთა სტატუსი საქართველოში, კერძოდ თბილისში, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოში არსებული ტოლერანტობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს, აღმოფხვრას ჰიტლერული გერმანიის მიერ განხორციელებული ქმედებები, ებრაელების, რუსებისა და სხვა სლავების მასობრივი განადგურების შედეგები, არ დაუშვას მსგავსი რეციდივები, (იხ. რელიგიური შეუწყნარებლობა, რასიზმი). საერთოდ არ დაუშვას ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაცია როგორც ყოფით, ასევე სახელმწიფო დონეზე (იხ. რელიგიური შეუწყნარებლობა, შეუწყნარებლობა, რასიზმი).

რელიგიური შეუწყნარებლობა (religious intolerance) – უარყოფითი დამოკიდებულება სახელმწიფოში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების მიმართ (იხ. შეუწყნარებლობა, ანტისემიტიზმი) რშ შეიძლებდა ატარებდეს პასიურ ფორმას, ანუ არსებობდეს მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ არ ვლინდებოდეს მის საქმიანობაში, რაც არასასურველია, მაგრამ ვერ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ებრძვის, პირველ რიგში, რშ-ის აქტიურ ნებისმიერ გამოვლინებას და ამ სფეროში ძირითად პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს. გაეროს წესდება მოუწოდებს სახელმწიფოებს, „წაახალისონ პატივისცემა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მიმართ რასის, სქესის, ენის და რელიგიის განურჩევლად“ (პრეამბულა); ამავე პრინციპს ეფუძნება: 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სოციალური და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-2, 27-ე მუხ.), 1981 წლის დეკლარაცია რელიგიის ან რწმენის საფუძველზე შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, 1992 წლის დეკლარაცია იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც ეროვნულ, ეთნიკურ, ენობრივ თუ რელიგიურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ (მე-14 მუხ.) ეუთო-ს 1975 წლის ჰელსინკის აქტი (იხ., აგრეთვე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია).

რშ შეიძლება არსებობდეს მოსახლეობის უმრავლესობაში, რაც ძირითადად ყოფითი და კერძო ურთიერთობაში ვლინდება, ასევე სახელმწიფოს საქმიანობის დონეზე. ზემოაღნიშნული 1992 წლის დეკლარაცია რშ-სთან ბრძოლის ძირითად წესებს აყალიბებს:

იმ პირებს, რომლებიც ეკუთვნიან რელიგიურ უმცირესობებს უფლება აქვთ: „აღიარონ თავისი რელიგია და შეასრულონ რელიგიური რიტუალები…“ (2,1); „აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რელიგიურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში“ (2,2);

ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე თავისუფალი და მშვიდობიანი კონტაქტები ჰქონდეთ თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან: პირებს, რომლებიც ეკუთვნიან სხვა უმცირესობებს, ასევე შეუძლიათ, დაამყარონ კონტაქტები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებთანაც ისინი დაკავშირებულნი არიან ეროვნული, ეკონომიკური, რელიგიური ან ენობრივი კავშირით (2,5).

ევროპის საბჭო, გაერო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრად მოითხოვენ სახელმწიფოებისგან, აქტიურად ებრძოლონ რშ-ს ცხოვრების ყველა სფეროში არა მარტო კანონითა და დასჯით, არამედ იდეოლოგიურადაც, დარწმუნებით.

რეპარაცია (Reparation) – საერთაშორისო სამართლის საუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება. მაგ., მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიჰიტლერულმა კოალიციამ გერმანიასა და მის მოკავშირეებს დააკისრა რ-ის გადახდა ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. რ-ის გადახდა ხდება ფულადი ან სხვა მატერიალური კომპენსაციის სახით. რ განსხვავდება კონტრიბუციისგან, რომელიც 1919 წლამდე არსებობდა. ვერსალის 1919 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება კონტრიბუციის ნაცვლად რ-ს ითვალისწინებს როგორც მიყენებული ზარალის აღდგენის ფორმას და მის გერმანიასა და მის მოკავშირეებს აკისრებს პირველი მსოფლიო ომში (1914-1918) მიყენებული ზიანისათვის. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რ ვრცელდება აგრესიული ომის წამომწყებ სახელმწიფოსა და მის მოკავშიორეებზე, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის მსხვერპლის ტერიტორიაზე დაბომბვაში, ქვეყნის მატერიალური და ადამიანთა რესურსების განადგურებაში.

რეპატრიაცია (Repatriation) – იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო (ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რ ხშირად დაკავშირებულია მოქალაქეობის შეცვლასთან. სამხედრო ტყვეების რ-ის ვალდებულებას ითვალისწინებს ჟენევის 1949 წლის კონვენცია (იხ. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ), რომლის თანახმად, ომის მონაწილე მხარეთა მოვალეობაა, სამხედრო მოქმედების დროს სამშობლოში დააბრუნონ მძიმედ დაჭრილი ტყვეები და ავადმყოფები, ხოლო სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ტყვეები დაუყოვნებლივ გაცვალონ. ამასთან, გაცვლა შეიძლება არ შეეხოს მძიმე ავადმყოფს, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს.

რეფერენდუმი – (Referendum) – საყოველთაო-სახალხო კენჭისყრა (გამოკითხვა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი თვალსაზრისით რომელიმე დიდმნიშვნელოვან საკითხზე, მაგ.: საერთაშორისო ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანება ამ გამოსვლა, კონსტიტუციის მიღება, ტერიტორიული საკითხი (პლებისციტი), დამოუკიდებლობის მოპოვება თუ გამოცხადება და ა. შ. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., შვეიცარიაში) სახელმწიფო კანონთა მნიშვნელოვანი ნაწილი რ-ის საშუალებით მიიღება. საქართველოში 31.III.1991 ჩატარებულმა რ-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იმავე წლის 9 აპრილს მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გაფორმდა. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია ითვალისწინებს რ-ის ჩატარებას, რომელიც უშუალოდ დემოკრატიის ერთ-ერთ ფორმას მიეკუთვნება (მე-5.3 მუხ.). საქართველოს კანონი რეფერენდუმის შესახებ (15.05.96) დეტალურად არეგულირებს რ-ის დანიშვნას და ჩატარების პროცედურას. 74-ე მუხ. ადგენს: 1. „საქართველოს პარლამენტის არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. 2. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს“.

რუანდის თაობაზე საერთაშორისო ტრიბუნალი (International Tribunal for Rwanda) – დაფუძნდა გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1993 წელს. ტრიბუნალი უფლებამოსილია, განახორციელოს სასამართლო დევნა როგორც იმ პირთა მიმართ, რომლებმაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სარიოზული დანაშაული ჩაიდინეს რუანდის ტერიტორიაზე, ასევე რუანდის მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც ამგვარი დანაშაული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს 1994 წლის 1 იანვრიდან 1994 წლის 31 დეკემბრამდე. წესდების შესაბამისად, ტრიბუნალი განახორციელებს დევნას შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1) გენოციდი, 2) მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, 3) ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და დამატებითი ოქმების საერთო მე-3 მუხლის დარღვევა. ტრიბუნალთან ერთად პარალელური იურისდიქცია ენიჭება ეროვნულ სასამართლოებს. არც ერთი პირი არ შეიძლება პასუხისმგებლობაში მიეცეს ორივე სასამართლო ორგანოს მიერ. ტრიბუნალი შედეგება შემდეგი ორგანოებისაგან: 1) კამერები (ორი სასამართლო და ერთი სააპელაციო კამერა); 2) ბრალმდებელი (პროკურორის ოფისი); 3) ომის სასამართლო კამერები შედეგება 3 მოსამართლისაგან, სააპელაციო – 5 მოსამართლისგან. მოსამართლეები ირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც ყოველწლიურად მოხსენებას წარუდგენს გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალურ ასამბლეას. სასჯელის ფორმაა: თავისუფლების აღკვეთა საბყრობილეში მოთავსებით. ტრიბუნალის სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. რთსტ-ის ადგილმდებარეობაა ქ. არუშა (ტანზანია), პროკურატურისა – ქ. კიგალი (რუანდა).

საარჩევნო უფლებები (Rights of election) – დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა დონის წარმომადგენლობითი ან არჩევითი თანამდებობის დაკომპლექტების წესი, რომელიც შეიცავს შემდეგ პრინციპებს:

საყოველთაო საარჩევნო უფლება – არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილ ასაკს მიღწეულ ყველა პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. საყოველთაო საარჩევნო პრინციპი ითვალისწინებს გარკვეული ცენზების ანუ მოსახლეობის გარკვეულ კლასიფიკაციას, რომელიც ზღუდავს საარჩევნო უფლების მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. მაგალითად, ასაკობრივი ცენზი, მოქალაქეობის ცენზი.

თანასწორი საარჩევნო უფლება – გულისხმობს ყველა ამომრჩევლისათვის კანონის ფარგლებში თანასწორი უფლებებისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის თანასწორი პირობების შექმნას. ეს პრინციპი უზრუნველყოფილია იმით, რომ თითოეული ამომრჩეველი ფლობს იმდენსავე ხმას, რამდენსაც ნებისმიერი ამომრჩეველი;

პირდაპირი საარჩევნო უფლება – ამომრჩევლის უფლება, უშუალოდ აირჩიოს ან არჩეულ იქნეს წარმომადგენლობით ორგანოში ან არჩევით თანამდებობაზე საარჩევნო კანონმდელობის შესაბამისად, ანუ თითოეული ამომრჩეველი პირადად აძლევს ხმას;

ფარული კენჭისყრა – ამ პრინციპით უზრუნველყოფილია ყოველი ამომრჩევლის ნების გამოხატვის თავისუფლება ყოველგვარი კონტროლისა და ზემოქმედებისაგან.

სუ-ით აღიარებულია ყველა ამომრჩევლის უფლება – უშუალოდ აირჩიოს ან არჩეულ იქნეს წარმომადგენლობით ორგანოში ან სახელმწიფოს არჩევით ორგანოში თანამდებობაზე.

ყოველი საერთაშორისო საარჩევნო პრინციპი ითვალისწინებს ყოველი ადამიანის უფლებას – თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი სახელმწიფოს მმართველობაში. აღნიშნული პრინციპები აღიარებულია საერთაშორისო დოკუმენტებში: ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდებული ნორმების კრებულში არჩევნების ჩატარების შესახებ (2002წ.). აღნიშნული საარჩევნო პრინციპები აღიარებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსშიც.

საგანგებო მდგომარეობა (Public emergency) – სახელმწიფოში შექმნილი განსაკუთრებული მდგომარეობა, როცა მისი ინტერესები საფრთხეშია. სახელმწიფო ოფიციალურად აცხადებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ ისეთი მოვლენების დროს, როგორებიცაა:სამხედრო ოკუპაცია, სოციალური არეულობა, აჯანყება და სხვა შიდა არეულობა, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოში არსებულ მართლწესრიგს. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.

„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ (1997 წ.) საქართველოს კანონის შესაბამისად: „მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევაში, როცა სახელმწიფოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას. საგანგებო მდგომარეობის მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა“ (1-ლი მუხ.).

სმ-ს სახელმწიფომ შეიძლება შეზღუდოს გარკვეული უფლებების მოქმედება. ასეთი შეზღუდვების დაწესება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებს.

საქართველოში გადაწყვეტილებას უფლებათა შეზღუდვის შესახებ იღებს პრეზიდენტი, კონსტიტუციის 46-ე მუხლის შესაბამისად, რომელსაც წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 48 საათისა. დაუშვებელია ხელშეუხებელი უფლებების შეზღუდვა.

საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International)არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა შეიქმნა 1961 წელს. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: სიკვდილით დაჯის გაუქმება და წამების აღმოფხვრა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ქ. ლონდონშია. ორგანიზაციას თავისი წარმომადგენლობები აქვს მრავალ ქვეყანაში.

საერთაშორისო დანაშაული (International crime) -სახელმწიფოს ან ინდივიდის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის შედეგად ირღვევა საერთაშორისო მშვიდობა ან ხალხთა უშიშროება. ნიურნბერგისა და ტოკიოს ტრიბუნალთა წესდებებსა და გ